„რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, პირველი ხმაურიანი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. როგორც მოსალოდნელი იყო, „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებასთან ოპონირებას საგარეო კურსით შეეცდებიან, ამასვე მეტყველებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ მცირე პრობლემას ხედავს. სამიდან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრება.
პარლამენტის თავმჯდომარეს ტონი დაუწუნეს უმრავლესობის წევრებმა, რომელთა განცხადებით, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თვლის, რომ უსუფაშვილმა, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს, ვის გულისხმობდა ლენინელებსა და სტალინელებში.
„ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების. „სახალხო პარტიიდან“ ინდივიდუალური განცხადებები, ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უმრავლესობით მიიღებენ ძალიან მალე ევროპარლამენტში“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
უკვე ნათქვამი განცხადების უკანვე წაღებას არ აპირებს დავით უსუფაშვილი და კოლეგებს მიმართავს, „თუ რამე ეშლება, მიმითითონ და გამოასწორებს“.
„თუ რამე მე მეშლება, მოხარული ვარ, მიმითითონ და გამოვასწორებ ამას, მაგრამ ჩემს კოლეგებსაც ნუ ეთაკილებათ, თუ მათ ზოგჯერ შევახსენებთ, მივუთითებთ, რომ ეს განცხადებები საქართველოს მთავრობის, დღევანდელი, მისი და კიდევ მისი წინამორბედი პრემიერ-მინისტრების განცხადებებს და კურსს ეწინააღმდეგება. ნუ ექნებათ მერე გაოცებული სახეები, თუ ამის თაობაზე ჩვენ მათ მივუთითებთ იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის პოზიციაზე, სახელმწიფო ინტერესებზე საუბარი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უსუფაშვილის განცხადების ტირაჟირება არაფერს მატებს „ქართულ ოცნებას“, რადგან, ყველამ კარგად იცის, ვის გულისხმობდა პარლამეტის თავმჯდომარე. მისივე თქმით, ახლა საფიქრალია გამოცხადდება თუ არა „ქართული ოცნების“ ნაწილად „მრეწველთა პარტია“, თუ სხვა პოლიტიკური ქოლგის მოძებნა მოუწევთ უფრო მშვიდი მომავლისათვის.
„არაფერი გაუგებარი და მიუღებელი არ ყოფილა ნათქვამი. თუ ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ ჰგონია, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ კოალიციიდან მიუღებლობა აქვს ნატოს წევრი თურქეთის მიმართ და ლტოლვა სტალინიზმის მიმართულებით, ეს დამაფიქრებელია იმ პოლიტიკური წრეებისთვის, რომელთთვის სულ ერთი არ არის საქართველოს პრესპექტივა. სულ, რომ არაფერი ეთქვა ამ თემაზე ბატონ უსუფაშვილს, რასაკვირველია მეოცნებათა ანგაჟირებულ გუნდს წინასაარჩევნოდ ექნებათ მითითება, რომ რაც შეიძლება ხშირად და მწარედ მიჭირხვნონ რესპუბლიკელები“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგის განცხდებით, სავარაუდოა, რომ მმართველ პარტიასა და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი საგარეო ვექტორი გახდება.
„ვფიქრობ, რომ შინაურ ვითარებაში უნდა განიხილოს ეს საკითხი მეოცნებეთა ჯგუფმა. ძალიან დიდ კმაყოფილებას იწვევს ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბატონი კობახიძის მიდგომები, რომელიც მეოცნებათა სიაში მოხვედრის წინაპირობებს აყალიბებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რასაც სტალინიზმის ეფექტი ახლავს თავნ.
ერთად-ერთი, რასაც შევუსწორებდი საკმაოდ საინტერესო ფრაზაში ბატონ უსუფაშვილს, ნაცვლად ნორჩი ლენინელებისა და სტალინელებისა, ვიხმარდი ფრაზას - ნორჩი ლენინელები და ურჩი სტალინელები. აი ეს ურჩები არიან გარკვეული ხინჯის დამამკვიდრებლები „ქართული ოცნების“ პარტიის შიგნით. ნურავის გაუკვირდება, რომ ასეთი თემები წინასწარ იყოს შეთანხმებული ადამიანთან, რომლისგანაც აღარავის ახსოვს ბოლოს როდის გამოიყენა ტერმინი „ნატო“, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ მამა-მარჩენალს, ბიძინა ივანიშვილს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ნორჩ ლენინელებსა და სტალინელებში „მრეწველებს“ უფრო გულისხმობდა, ვიდრე, „ქართული ოცნების“ წევრებს. მაგრამ რატომ აიგივებს თოფაძეს „ქართულ ოცნებასთან“ ამ კითხვაზე პასუხს ისევ უსუფაშვილისგან ელოდება. ხუხაშვილი ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მზად არ არის იმისათვის, რომ პოლემიკაში შევიდეს „ქართულ ოცნებასთან“, რადგან საკმაოდ უხერხულად ჩაეჭიდებოდნენ სამთავრობო პორტფელებს.
„ერთად-ერთი რითაც შეუძლიათ პოზიციონირება მოახდინონ, გახლავთ ის, რომ გადაბარგდნენ რადიკალურ პროდასვლურ ბანაკში და ამ ნიშნით მოახდინონ პოზიციონირება, სხვა განმასხვავებელი რა აქვს ამ პარტიას? საერთოდ, სკეპტიკურად ვუყურებ მათ პოლიტიკურ პრესპექტივას იმიტომ, რომ ეს სეგმენტი, რასაც დასავლური ვექტორი ჰქვია, მთლიანად დაკავებულია სხვა პარტიების მიერ. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მინისტრების პორტფელებიც კი არ ეთმობათ, ამ ფონზე ძალიან ბუნდოვანია მათი პოლიტიკური პრესპექტივა, ვერ ვხედავ ამომრჩევლის სეგმენტს, რომელმაც შეიძლება ხმა მისცეს „რესპუბლიკურ პარტიას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, უსუფაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც დაიწყებს კონფრონტაციას. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ კონფრონტაციის პირველი მერცხალი ბერძენიშვილი და ხიდაშელი იქნება.
„უსუფაშვილი გულისხმობდა თოფაძეს, მაგრამ კარგად ესმის, რომ თოფაძეს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს „ქართულ ოცნებაში. ზოგადად, არა მარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ სხვა პარტიებშიც არიან ყოფილი ლენინელები და სტალინელები, ამ დროს გულში რას ფიქრობ, ეს არავინ არ იცის.
ის ადამიანები, რომლებიც დღეს აღშფოთებით ლაპარაკობენ, რომ ჩვენთან ლენინელები და სტალინელები არ არიანო, ისინი თავის დროზე კომპარტიის ინსტრუქტორებადაც მუშაობდნენ და კაბინეტში ლენინის სურათიც ეკითდათ. ეს მათი წარსულია და ამიტომ ეს გადაჭარბებული აღშფოთება მხოლოდ ღიმილის მომღვრელია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.