წელს ეკონომიკური ზრდა შარშანდელზე უკეთესი იქნება, ლარიც თვალშისაცემად გამყარდება, მაგრამ ფასების კლებაზე გარანტიას ვერავინ იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო კუთხით ქვეყანაში ვითარება თვლდათვალ უმჯობესდება, იმპორტიორები ფეხს ითრევენ და სხვადასხვა მიზეზების ძიებაში არიან.
“გალტ ენდ თაგარტის” გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ეკონომიკის ზრდა წელს საქართველოში 4%-ს გადააჭარბებს და შესაძლოა, 5%-საც მიაღწიოს. მისი შეფასებით, დადებითი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია, ეკონომიკა შემოტრიალდა, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც, სადაც ზრდა უფრო დიდი იქნება.
გაჩეჩილაძემ აქცენტი გააკეთა ტურიზმზე და ვიზიტორების ზრდის დადებითი დინამიკაზე, რაზეც დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია რუსეთ-თურქეთის შორის დაძაბულ ურთიერთობას.
“იმ 3,5 მილიონი რუსი ტურისტიდან, რომელიც თურქეთში მიდიოდა და 1 მილიონიდან, რომელიც ეგვიპტეში მიდიოდა, მხოლოდ დამატებით 500 000 ტურტისტი რომ ჩამოვიდეს რუსეთიდან, ეს საკმარისი იქნება, რომ მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე, ეკონომიკა 2,5%-3%-ით გაიზარდოს. გარდა ამისა მოსალოდნელია სხვა კუთხითაც ზრდა - სავალუტო შემოდინებები და ლარის გამყარება”, - ამბობს გაჩეჩილაძე.
ბანკირი მიიჩნევს, რომ დღეს ლარის უფრო მკვეთრი გამყარება არ არის კარგი, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მეტი უცხოური ვალუტა უნდა შეისყიდოს. “მთლიანობაში, შესაძლოა ძალიან კარგი წელი მივიღოთ, სადაც რეზერვები შეგვევსება 300-დან 500 მილიონ დოლარამდე, თუ ლარი არ გაამყარეს ზედმეტად, რაც ჩემი აზრით, შეცდომა იქნება”, - აღნიშნავს ბანკირი.
“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტი ბესო ნამჩავაძეც სამომავლოდ ლარის გამყარებას პროგნოზირებს, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული.
“უახლოეს დღეებში ლარი კიდევ გამყარდება. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, ცალსახად საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ზოგადად, მაისი არ არის გამორჩეული თვე, თუმცა კონცერტებია დაგეგმილი, რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის. რომ დავაკვირდეთ პროცესებს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და რუსეთში შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან ექსპორტი გაიზრდება. ტენდენციები გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება”, - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.
მიუხედავად ამისა, ეკონომისტი ფიქრობს, რომ ლარი 2-იან ნიშნულს ზაფხულშიც ვერ ჩამოსცდება. “ლარის ასე სწრაფად გამყარება კარგი არ არის და ეროვნული ბანკი არ მისცემს და არც უნდა მისცეს მას სწრაფი გამყარების საშუალება, რათა უცებ ექსპორტი არ შემცირდეს და იმპორტი არ გაიზარდოს. მთავარი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ბანკი ვალუტის გამყარებას ხელს შეუშლის, არის ის, რომ ეს იქნება სწრაფი, მნიშვნელოვანი გამყარება, მაგრამ დროებითი პროცესი”, - აღნიშნავს ნამჩავაძე.
დღესდღეობით ყველა თანხმდება, რომ კურსის გამყარება შეუქცევადი პროცესია. ეს ჯერჯერობით ვერ ირწმუნეს იმპორტიორებმა, რომლებიც გაიაფებისგან ფეხს ითრევენ. ისინი პროდუქტებზე ფასის შემცირებას თავს არიდებენ და სხვადასხვა მიზეზების ძიებაში არიან.
საკვები პროდუქტების იმპორტიორი კომპანია “გრანდის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია “კომერსანტთან” ამბობს, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად ფასების გადახედვა ორჯერ მოუწიათ, ერთხელ, როდესაც კურსი 2,0-მდე ავიდა და შემდეგ როდესაც 2,2-ზე დაფიქსირდა. ჭყონია ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ფასები არსებული კურსის შესაბამისად აქვს დაფიქსირებული.
“როდესაც კურსი 2,4-2,5-მდე ავიდა, კომპანია საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე მუშაობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების არარეალური მატება უნდა მომხდარიყო. ამიტომ ფასი 2,2-ის კურსზე დავიჭირეთ”, - ამბობს ჭყონია.
სამომხმარებლო ფასების შემცირებას არ ელოდება კიდევ ერთი იმპორტიორი კომპანიის “ჯიდი ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უტა მაზიაშვილი. მისი თქმით, მასობრივი გაიაფება არ მოხდება, თუმცა გარკვეულ პროდუქტებზე, შესაძლოა, ფასი გადაიხედოს. მაზიაშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ კურსის ზრდის პროცესში კომპენსაცია მარკეტინგული ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე გააკეთა. კურსის შემცირება 30%-ით მოხდა, ინფლაცია კი 6%- ი იყო. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ფასებზე სრულად არ ასახულა, ამიტომ ახლა ვერც გაიაფება მოხდება.