უმუშევრობის „გადათარგმნა“ საარჩევნო ენაზე

უმუშევრობის „გადათარგმნა“ საარჩევნო ენაზე

საარჩევნო წელს ყველაზე საჭირბოროტო თემა უმუშევრობა და მისი დაძლევის გზებია. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება ცდილობს შრომის ბაზარზე არსებული ვითარების პროგრესი დაანახოს საზოგადოებას, რომელსაც არაფრით სჯერა მთავრობის მონაცემების.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 2012 წელთან შედარებით, უმუშევარათა რაოდენობა შემცირებულია.

„2012 წელს საქართველოში უმუშევრობა იყო 15%, დღეს არის 12,5%. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 57 ათასი სამუშაო ადგილით მეტია შექმნილი 2012 წელთან შედარებით. ეს არის კონკრეტული სტატისტიკა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა საშუალო ხელფასის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო ანაზღაურება ქვეყანაში 758-ლარიდან 1112 ლარამდეა გაზრდილი. შესაბამისად, მან ინფლაციური წნეხის შესუსტებაზეც გააკეთა აქცენტი.

„რაც შეეხება ინფლაციას, ეს არის ფასების ზოგადი ზრდა. ჩვენ თუ რაღაც ფულს ვიღებდით ორი-სამი წლის წინ, შეგვეძლო რაღაცის ყიდვა, დღეს რომ ფულს ვიღებთ, რამდენის ყიდვა შეგვიძლია? სტატისტიკა ამბობს, რომ დღეს საშუალო ხელფასით უფრო მეტი რამის ყიდვა შეგვიძლია, ვიდრე შეგვეძლო 2012 წელს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოდის, რომ ხელისუფლება საარჩევნო წელს უმუშევრობის შემცირებაზე აკეთებს აქცენტს, რასაც არ ეთანხმება არც მოსახლეობა და არც სპეციალისტები.

ქვეყანაში სამუშაო ადგილები ძალიან ნელი ტემპით იქმნება და განსაკუთრებით პრობლემაა ახალგაზრდების დასაქმების კუთხით. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე. კვლევის მიხედვით, საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 15-29 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება. ამ ასაკის ახალგაზრდებში სამუშაოს მაძიებელთა აქტიურობის დონე 60%-ს აღწევს, თუმცა უმუშევრობა 30,7%-ია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი (33,2%) უმაღლესი განათლებითაა.

ამავე დროს NEET-ის (young people not inemployment, education or training) ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 31,2%-ია, მათ შორის. 64,4% ქალები არიან.

საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელს (13,1%) თითქმის 2,5-ჯერ აღემატება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც პირველად გადიან შრომით ბაზარზე. სიტუაციას ამძიმებს განათლების სისტემის პრობლემაც. საქართველოში ხარისხიანი საუნივერსიტეტო განათლების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია. ახალგაზრდები საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო კარგ სამსახურს ვერ შოულობენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების დაქვეითებასა და კარიერისტული სულის ამაღლებას“, - განუცხადა „კომერსანტს“ ექსპერტმა მათე გაბიცინაშვილმა.

მისი აზრით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს სპეციალური დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე. „სტუდენტებმა უნდა დაიწყონ სწავლის პარალელურად მუშაობა, რაც ხელს უწყობს, როგორც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას, ისე სამუშაო გამოცდილების მიღებასა და შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ცხადია იმისთვის, რომ ეს ეკონომიკისთვის შეთავსებადი იყოს, აუცილებელია სოლიდარული საგადასახადო სისტემაზე გადასვლა. მაგალითად, პროგრესული გადასახადის შემოღება“, - განაცხადა გაბიცინაშვილმა.