არ გამართლდა სკეპტიკოსთა ვარაუდი, რომ ძალიან მალე ერთი ამერიკული დოლარი სამ ლარს გაუტოლდებოდა. დაღმასვლის შემდეგ ლარმა აღმასვლა დაიწყო. თუმცა კითხვა კითხვად რჩება, ვინ ისარგებლა ლარის ორივე მდგომარეობით, როგორც მისი დევალვაციით, ისე - უეცარი გამყარებით?
ამის შესახებ For.ge-ს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი ესაუბრა.
თუ ვირწმუნებთ, რომ ლარის დევალვაცია მართული პროცესი იყო და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების წინაპირობა არ არსებობდა, მაშინ გამოდის, რომ ლარის დევალვაცია მომგებიანი იყო მათთვის, ვინც ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. ვისკენ მიდის კითხვები, ვინ ისარგებლა ლარის მდგომარეობით -კომერციულმა ბანკებმა, მთავრობამ თუ ეროვნულმა ბანკმა?
- საქართველო არის ინფორმაციული ასიმეტრიის მქონე ქვეყანა. ანუ განვითარებული ბაზრებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიცით, ფასთწარმოქმნა როგორ ხდება, რა პროგნოზია და გადაწყვეტილების მიღების დროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მართვისას რით ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკი თუ საქართველოს მთავრობა. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში წინასწარ ცხადდება, ევროსთან დაკავშირებით რა ცვლილებებია მოსალოდნელი, დოლართან მიმართებით რას აპირებენ. ჩვენთან კი სპონტანურად ხდება გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან რაოდენობრივად შეზღუდულნი, ეს წრე რამდენიმე ადამიანს მოიცავს, შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაცია, თუ რა მოხდება, რა შედეგს გამოიწვევს, იცის მხოლოდ რამდენიმე პირმა.
ფაქტობრივად, ლარის დამხობა, ანუ ლარის მასის გაზრდა მიმოქცევაში 4 მილიარდიდან 6 მილიარდ ლარამდე სრულიად გაუაზრებლად მოხდა ექსპრემიერ ღარიბაშვილის მენეჯმენტის პერიოდში, რაც გამოწვეული იყო არაადეკვატური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც სუფევდა მსოფლიო ეკონომიკაში. ვგულისხმობ რიგი სამთავრობო ხარჯვითი პროგრამების წამოწევას - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში და სხვა, რამაც რეალურად ლარის კურსის ნგრევა გამოიწვია, ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო ეკონომიკური სარგებელი. 4 მილიარდი ლარის მომოქცევა გაიზარდა თითქმის 6 მილიარდ ლარამდე 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ეს ნიშნავს, რომ 50%-ით გაიზარდა ლარის მასა მიმოქცევაში. არადა, საქართველოს ეკონომიკა 50%-ით არ გაზრდილა.
შესაბამისად, იმ პერიოდში, როცა დოლარი მყარდებოდა მსოფლიო ვალუტების მიმართ, შეძლებისდაგვარად, კონსერვატიული პოლიტიკა უნდა გაგვეტარებინა, ყოვლად უაზროდ არ უნდა გაგვეზარდა ლარი მიმოქცევაში და ლარის მასა გარკვეულწილად შეგვეზღუდა. სულაც არ იყო საჭირო ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმოება. ახლა ეს შეწყვეტილია, მაგრამ 2015 წლის ნოემბრამდე ეს მასა მასირებულად გაიზარდა, კომერციულმა ბანკებმა ასესხეს სახელმწიფო ბიუჯეტს შიდა ვალის სახით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით დაახლოებით 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი, ბიუჯეტმა გეგმაზომიერად დაიწყო ამ ლარის მასის ხარჯვა და დაახლოებით 600 მილიონი ლარი დააბრუნა უკან კომერციულ ბანკებში „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. მოწყობილობა-დანადგარებზე, სოფლის მეურნეობის დაზგა-დანადგარებზეც კიდევ დაიხარჯა თანხები, ამან დამატებით გაზარდა პროცენტი დოლარზე. აღსანიშნავია, რომ ეს ბაზარი მხოლოდ კომერციულ ბანკებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის პინგ-პონგის თამაშია, ხოლო საქართველოს მოსახლეობა მოწყვეტიალია ამ პროცესს, ანუ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ სახელმწიფოს ფული ვასესხოთ. შესაბამისად, კომერციულმა ბანკებმა აიღეს მილიარდნახევარი ეროვნულ ბანკში ქადაგიძესთან, ჩააგირავეს სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად და უკან გამოიტანეს ლარის მასა.
ამ ეტაპზე საკმაოდ სწორი პოზიცია დაიჭირა ფინანსთა მინისტრმა. შესაბამისად, უკვე გამოეცალათ ბანკებს საშუალება, ეროვნულ ბანკში ჩაეგირავებინათ თანხა, ამ მხრივ შეჩერდა შიდა ვალის ზრდა, მკვეთრად შემცირდა რეფინანსირების ოდენობა და ახალი პრემიერის ინიციატივებით და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის, ანუ ორი პირის ცვლილებით მოხდა კარდინალური ცვლილება ფულად-საკრედიტო ბაზარზე. ფაქტი სახეზეა, 700 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა გახარჯა უაზროდ. საინტერესოა, ვინ მიიღო ეს 700 მილიონი დოლარი სავალუტო რეზერვებიდან, რაც, ჯერ ერთი, უყაირათოდ დაიხარჯა და, მეორეც, პატარა-პატარა 10-15-20 მილიონი დოლარის მიწოდება რა მიზანს ემსახურებოდა, არავინ იცის. მაშინ, როცა წინა წლებში იმავე მენეჯმენტის (ქადაგიძის დროს) პირობებში თუკი იყო რაიმე პრობლემა და უჭირდათ ლარის მასის დაჭერა, გაცილებით მეტ ინტერვენციას ახდენდა ქადაგიძე და, ასევე, მისი წინამორბედები.
მაგალითად, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, როცა ლარის კურსი უცაბედად 1, 65 გახადეს ერთ ღამეში, მაშინ 1 მილიარდი ლარი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან ინტერვენციების გზით. შედეგად, ლარის მასა შემცირდა 1 მილიარდი ლარით. ახლა რატომ გახდა ასეთი პრობლემური ლარის მასის შემცირება, ჩემთვის გაუგებარია. ანუ კითხვის ნიშნები გაჩნდა ლარის მასის გაზრდისა და სავალუტო რეზერვების გაფლანგვის გამო. მოგვიანებით გატარებული პოლიტიკის შემდეგ კი, მოსალოდნელია ლარი 2,1 -მდე გამყარდეს. ახლა ზაფხულის პერიოდი მოდის, თანაც არჩევნებია და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ლარზე.
ლარის ცვალებადობით თუ ისარგებლა ექსპორტიორთა იმ ნაწილმა, რომელიც ჩახედული იყო ამ პროცესში?
- ჩვენთან ვინ იცოდა, რომ ლარი გახდებოდა 2, 5? მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ამ ინფორმაციაზე წვდომა. მე უკვე დაგისახელეთ, დაახლოებით სად უნდა ვეძებოთ ეს წრე. საქართველოში „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“ პრინციპია და მათ ხელს არავინ მოჰკიდებს. გვაქვს სამწუხარო ტრადიცია და უკვე 20-25 წელია, მსგავსი მოვლენები მეორდება საქართველოს ეკონომიკაში. 1998-99 წლებშიც მსგავსი რამ მოხდა, 2008-09 წლებშიც ასე მოხდა, როცა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პრობლემების დროს, ლარის კურსის გამყარება მიმდინარეობდა. ეს ნონსენსია.
მაშინაც ისარგებლეს გარკვეულმა ადამიანებმა?
- დიახ, ფულს თავისი კანონები აქვს. არ მინდა, ამას ფულის კეთება დავარქვა, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ფულით სარგებლობა უფრო წონადი ელემენტია, ვიდრე სხვა რამ.
ღარიბაშვილის მთავრობა ახსენეთ, როცა აურაცხელი ლარის მასა გავიდა მიმოქცევაში, ეს შეგნებული შეცდომა იყო თუ შეუგნებელი?
- მთავრობა იგივეა, შეიცვალა პერსონა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ წინა ექსპრემიერი არ იყო სათანადო სიმაღლეზე, რასაც ჰქვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა. ახლა რატომ მიდის წესიერად საქმე? რა შეცვალეს კვირიკაშვილმა ან გვენეტაძემ ისეთი? არაფერი, უფრო იციან ეს სფერო და უფრო ჩახედულნი არიან ამ დარგში, ბანკირია ერთიც და მეორეც, ამიტომ სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. მეორეც, ღარიბაშვილი შეეცადა თავისი საარჩევნო დაპირებების შესრულებას -„აწარმოე საქართველოში“, ამ დაპირებების შესრულებას ძალიან ცუდად დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკაში ნავთობის ფასების დაცემა, დოლარის კურსის განმტკიცება, რამაც ცუდად დაგვარტყა, რადგან ჩვენ ენერგომატარებლების მქონე ქვეყნებზე დამოკიდებული ეკონომიკა გვაქვს. საუბარია აზერბაიჯანზე, გარკვეულწილად - რუსეთზე. ამ ქვეყნებს გამოაკლდათ რა შემოსავალი, იძულებულნი გახდნენ, შეემცირებინათ საქართველოში გადმორიცხული ინვესტიციები.
დაინგრა რა რუსული რუბლი და შემცირდა აზერბაიჯანული მანათი, მიგრანტებისგან გადმორიცხულმა თანხამაც იკლო, რაც 6 ნახევარი მილიარდი დოლარია, ხოლო მთელი ჩვენი მთავრობების ჯამური შეკრებითი მუშაობა 4,5 მილიარდი დოლარია. ანუ ჩვენმა შრომითმა მიგრანტებმა უფრო უკეთესად მოამარაგეს საქართველო უცხოური ვალუტით, ვიდრე ჩვენი მთავრობის ჯამური მუშაობაა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
პირველ რიგში, კრედიტის გამცემმა ორგანიზაციებმა მიიღეს ყველაზე დიდი მოგება. ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არც დამალა, წელს კოლოსალური მოგება მივიღეთო. იმისთვის, რომ ლარის დევალვაცია მომავალშიც წინასწარ მართული პროცესი არ იყოს და არ მოხდეს ლარის მასშტაბური გაუფასურება, რა ბერკეტები უნდა ამოქმედდეს ქვეყანაში?
- საქართველო არ უნდა იყოს ინფორმაციული ასიმეტრიის მქონე ქვეყანა. თავიდანვე ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, რომ მილიარდნახევრით იზრდებოდა შიდა ვალი და კომერციულ ბანკებს უფლება ექნებოდათ, ეროვნულ ბანკში ჩაეგირავებინათ და იქიდან ისევ უკან გამოეტანათ ლარი. მაშინ მოსახლეობა სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ის ფაქტი, რომ ეს იცოდა მხოლოდ რამდენიმე პირმა, ეს ანადგურებს ნდობას ლარის მიმართ. ლარი არის ვალუტა, ვალუტას აქვს სამი ერთეული. დოლარი რატომ არის მყარი? იმიტომ, რომ დოლარს აქვს გაცვლის, საზომისა და დაგროვების ფუნქცია. ლარს მეტ-ნაკლებად აქვს გაცვლის ფუნქცია, საზომის ფუნქციასაც ასრულებს (თუმცა ჩვენ არ ვყიდულობთ მანქანებს, სახლებს, მიწებს ლარში, მაინც დოლარში ვამჯობინებთ) და მესამე ფუნქცია ლარმა ამ შედეგებით უკვე მერამდენეჯერ, ამ 25 წლის მანძილზე დაკარგა. ეს არის დაგროვებითი ფუნქცია. თუ ადრე ხალხი ლარში დეპოზიტებს დებდა, ახლა ლარში დეპოზიტებს არავინ დებს. საქართველოში ვერ ნახავთ ჭკუათმყოფელს, ერთი-ორი წლით დეპოზიტზე ლარი დადოს. მილიარდნახევარი ლარი, რომელიც იდო დეპოზიტებზე მოსახლეობის მხრიდან, აორთქლდა, ანუ ხალხმა სასწრაფოდ დაიწყო მისი დახურდავება.
თქვენ აცხადებთ, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში წინასწარ იციან დევალვაციის შესახებ და გათვლილია ყველაფერი, თუმცა მსოფლიო კრიზისმა მაინც მოიცვა დასავლეთი. სხვათა შორის, ობამა ამაყობს, რომ ამერიკას კრიზისის დაძლევაში დაეხმარა.
- ამერიკას მსოფლიო სარეზერვო ვალუტა აქვს ხელში და ობამამ ამერიკის კრიზისი მართლაც დაამარცხა. თავის დროზე დიდ რეცესიად წოდებული კრიზისი ამერიკის მთავრობის ბრალი იყო, ამას თვითონაც აღიარებენ, რადგან ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ 1999 წელს გააუქმა კანონი, რაც უკრძალავდა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობით დაკავებულიყვნენ. არადა, 70 წლის წინ შემოიღეს ეს აკრძალვა ამერიკაში, მანამდე მსგავსი აკრძალვა არ იყო და ამერიკა დიდმა დეპრესიამ მოიცვა. იმ პერიოდში დაინგრა მსოფლიო ეკონომიკა და ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რადგან ხალხი ბანკებში ფულის გამოსატანად რომ მივიდა, აღმოჩნდა, რომ ბანკებმა მთელი ფული დააბანდეს აქციებში და ის ფული უბრალოდ აორთქლდა. შესაბამისად, გაკოტრდნენ ბანკები, გაკოტრდნენ შიდა მეურნეობები და მთელი მსოფლიო ეკონომიკა დაიშალა. ამან გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი.
ახლა რომ არ მომხდარიყო მესამე მსოფლიო ომი, ამერიკამ გადადგა რადიკალური ნაბიჯი, დაბეჭდა 13 ტრილიონი დოლარი და წინასწარვე განაცხადა, 2014 წლის ოქტომბერში ამ პროგრამას დავასრულებ, ანუ დოლარს აღარ დავბეჭდავო. მთლიანობაში, ფასები ვარდება ყველგან, ანუ დეფლაციაა. ამიტომ ცდილობენ, რამენაირად ინფლაცია გამოიწვიონ. მაგალითად, დანიაში ფული რომ დადო დეპოზიტზე, ნაკლებს გიბრუნებენ უკან, რადგან ფული ბანკებს არ უნდათ, ნული პროცენტია ამერიკაშიც, ევროპაშიც, იაპონიაშიც. ჩვენთან კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა. ჩვენ ვიცოდით, რომ ამერიკა დოლარების ბეჭდვას ამთავრებდა 2014 წლის ოქტომბერში, ამიტომ ჩვენ უნდა გაგვეცა ადეკვატური პასუხი და ლარის მასა, რაც გვქონდა იმ პერიოდში, უარეს შემთხვევაში, იმ დონეზე მაინც უნდა შეგვენარჩუნებინა. ამ დროს ჩვენ რა ვქენით? ლარის მასა მიმოქცევაში 2 მილიარდით გავზარდეთ, შედეგიც სახეზეა. ვიმეორებ, ეს მოხდა იმის გამო, რომ ერთი-ორი პირი იღებს გადაწყვეტილებას, ხანდახან - უგუნურსაც. ეს არა მარტო ეხება წინა პრემიერს, არამედ უფრო ადრეულ პერიოდებსაც. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გასაიდუმლოებული იყო, მოსახლეობამ არ იცოდა, ესა თუ ის გადაწყვეტილება რა შედეგს გამოიღებდა. რაც შეეხება იმას, ისარგებლეს თუ არა ბანკებმა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკი შუამავალი რგოლია, ასე თუ ისე, მას აქვს წვდომა ტრანზაქციებთან, ბანკი სულელი არ არის, ის კარგად ხედავს, რა ტრანზაქცია ხორციელდება გადაწყვეტილების მიმღებ ან მასთან დაახლოებული სტრუქტურების მეშვეობით. ამიტომ დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა, აჰყოლოდნენ თამაშის ამ წესებს. სავარაუდოდ, იქნებოდა შუალედური რგოლიც, რომელიც ამით ხელს მოითბობდა და ისარგებლებდა.