თურქულ-ქართველი სატრანსპორტო დაპირისპირებაში თბილისიც ჩაერთო. ზუგდიდისა და ბათუმის შემდეგ თურქული კომპანია „მეტროს“ წინააღმდეგ აქცია დედაქალაქშიც გაიმართა. მძღოლები იმუქრებიან, რომ აღდგომის შემდეგ მათი პროტესტი გაცილებით მძაფრი გახდება.
ორთაჭალის ავტოსადგურში შეკრებილი მძღოლები თურქული კომპანიის ბაზარზე მუშაობას აპროტესტებდნენ. მათი განმარტებით, შპს „მეტროს“ ავტობუსები მათ შიდა რეისებში ეცილებიან და კლიენტებს ართმევენ, რადგან აღნიშნული კომპანია მგზავრებს შედარებით დაბალ ფასში სთავაზობს მომსახურებას. შესაბამისად, კომპანია ბაზრის მონოპოლიზაციას ცდილობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები იანვრიდან პერმამენტულად მართავენ აქციებს „მეტრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ. 17 მარტს კი მათი პროტესტის მიუხედავად კომპანიის ავტობუსმა პირველი რეისი შეასრულა. მაშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 6 მძღოლი დააკავეს. ანალოგიური შედეგით დასრულდა აქცია თებერვალშიც. მათი მოთხოვნით, მაშინ შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტროსთან“ 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. მძღოლებმა ერთ-ერთ აქციაზე კვერცხები და საღებავები ესროლეს „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსებს და მუშაობის უფლება არ მისცეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიის ამუშავების შემთხევაში, შესაძლოა კონკურენციას ვერ გაუძლონ და უმუშევრები დარჩნენ. საუბარია რეგიონის მასშტაბით მცხოვრებ 200-ზე მეტ მძღოლზე, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი სატრანსპორტო ბიზნესია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია არ აპირებს ჩაერიოს კერძო ან იურიდიული სუბიექტების დავაში.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი განვითარებისთვის უმთავრესია კონკურენცია. ძალიან მალე ევროკავშირის გზები იხსნება. ამიტომ საუბარი, რომ არ შემოვიდეს სხვა კომპანია და ჩვენ ვიქნებით მონოპოლისტები, უხერხულია.
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება და ამისთვის აუცილებელია კონკურენცია. ეს ვუთხარი კიდეც მძღოლებს, როცა მათ შევხვდი. ბევრად უკეთესი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეები უფრო კომფორტულად იმგზავრებენ“, - ამბობს შონია.
სამარშუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები აღდგომის დღესასწაულამდე პერმანენტულ, ხოლო აღდგომის შემდეგ მასშტაბური აქციების ჩატარებას გეგმავენ. როგორც ავტოსადგურზე აქციაზე მისულმა ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ განაცხადა, კომპანია „მეტროს“ პატარა ჩინოვნიკები მფარველობენ, რის გამოც ქართველი მძღოლები იჩაგრებიან.
„ზუგდიდში კომპანია „მეტროს“ აქვს ავტოსადგური მაგისტრალიდან 18 მეტრში. ეს წესების დარღვევაა. ამ და სხვა სამართალდარღვევებს მფარველობენ ადგილობრივი პატარა ჩინოვნიკები. ჩვენ მათ სახელებს უახლოეს მომავალში ვიტყვით. რაც შეეხება აქციებს, ქართველი მძღოლები აქციებს სისტემატურად გამართავენ აღდგომამდეც და აღდგომის შემდეგაც“, - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.
ორთაჭალის ავტოსადგურთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბესო თაქთაქიშვილის თქმით, კონკურენციის პირობებში ვერ მოახერხებენ მუშობას და შემოსავალის ერთადერთ წყაროს დაკარგავენ. მისი თქმით, კომპანია „მეტრო“ შიდა რეისებზე ქართველ მუშახელს თურქულით ანაცვლებს. მძღოლების თქმით, თურქული კომპანიის მანქანქანები განუბაჟებელია: „თუკი არ დაგვანებებენ თავს, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით შევიკრიბებით და გაფიცვას მოვაწყობთ“, - ამბობს თაქთაქიშვილი.
„მეტრო ჯორჯიის“ თბილისის განყოფილების მენეჯერის თქმით, მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და სრულად ქართველი მუშახელი ჰყავთ დასაქმებული.
„დაახლოებით ორი წელია ვმუშაობთ თბილისი-ბათუმის რეისებზე. ფასიც სტაბილურია, დოკუმენტებიც წესრიგში გვაქვს. ჩვენ მომხმარებელს კომფორტულ მომსახურებას ვთავაზობთ. რაც შეეხება პროტესტს, ეს მათი უფლებაა და ვერავის დავუშლი ამას“, - ამბობს „მეტროს“ მენეჯერი ირაკლი სირაძე.
ტრანსპორტის პროფკავშირებში კი შიშობენ, რომ თურქული კომპანია მალე საქართველოს მთელ ტერიტორიას მოედება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს მთლიანად მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები დაეპატრონებიან.