პარლამენტი საარჩევნო სისტემის ბედს მიმდინარე სასესიო კვირას გადაწყვეტს. ოპოზიციური სპექტრი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ითხოვს და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება, უმრავლესობა კი, პროპორციული სისტემის შემოღებას 2020 წლიდან გეგმავს და საკითხის მხარდაჭერას ოპოზიციასაც ურჩევს.
ოთხი წლის მანძილზე, მერვე მოწვევის პარლამენტში სამი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, საიდანაც ორი საარჩევნო თემატიკას ეხება, ხოლო ერთი - კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლას. კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებები დიდი ხანია თაროზეა შემოდებული, რადგან პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხმა 113 დეპუტატის ხმა ვერ მოიპოვა, ხოლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დეპუტატები სავარაუდოდ, 27-28 აპრილის პლენარულ სხდომებზე იმსჯელებენ.
კენჭისყრის შედეგები როგორი იქნება და ტაბლოზე 113 ხმა ოპოზიციის სასარგებლოდ დაფიქსირდება თუ მმართველი გუნდის, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, ქართველი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ „ერთმანეთისკენ სავალი გზები დატოვებულია“.
პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციების გამართვაზე აპელირებს ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უმცირესობა გადაწყვეტილებას მიიღებს, მხარი ორივე საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭიროს თუ მხოლოდ ოპოზიციის მიერ მომზადებულს. მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციური სპექტრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს 200 ათასი ხელმოწერა ამაგრებს, რომელსაც მხარს არასამთავრობო სპექტრი და პრეზიდენტი უჭერენ.
„მეორე მხარეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტია და ვერ ახსნით, ეს საარჩევნო მოდელი ძალაში რატომ უნდა შევიდეს 2020 წელს და არა - 2016 წელს. „ქართული ოცნების“ ახსნა-განმარტებაა საჭირო, თუ ეს სისტემა სწორია, ამას 2016 წლიდან რატომ არ ვაკეთებთ?! არგუმენტები, რომ ცოტა დროა და საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოვასწარებთ, მისაღები არ არის, რადგან ამის მიღება 2012-2013 წლებშიც შეგვეძლო. „ოცნებამ“ ისეთი მოდელი წარადგინა, რომელიც მხოლოდ თვითონ აწყობს. ვფიქრობ, რომ ამ პროექტს უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე რვა თვის წინ ექნებოდა“, - აცხადებს მაჭავარიანი.
კანონმდებელი უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტში ჩადებულ რეგულაციებსაც ეხება და განმარტავს, რომ ახალი პარლამენტისთვის „2020“-ის მოდელი სუფთა ფურცელია, რადგან იქ წერია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 150 პროპორციული იქნება.
„ეს სისტემა თუ როგორი იქნება - რეგიონალურ პროპორციული, თუ მარტო პროპორციული, არაფერია ნათქვამი. ეს თითქოს, კარგია, მაგრამ ესეც გაუგებარი და მიუღებელია, რადგან ამაშიც არ არის ქართული საზოგადოება გარკვეული. განცდა მაქვს, რომ „ოცნების“ ვარიანტი მორგებულია სკამზე და არა - ხალხზე“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მაჭავარიანის მსგავსად, ოპოზიციისა და უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილი.
როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. მისი შეფასებით, უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი კითხვის ნიშნებს ტოვებს, რაც ამოქმედების ვადებს ეხება.
„ასევე, პროექტში დაკონკრეტებული არ არის, რა წესით მოხდება არჩევნების ჩატარება. ნათქვამია, რომ პროპორციული სისტემა იქნება, მაგრამ რამდენი იქნება თანაბარზომიერობა, უცნობია. ანუ, კითხვის ნიშნებია დატოვებული. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პლენარულ სხდომაზე დაზუსტდება და მას მხარს დავუჭერთ“, - აცხადებს კუბლაშვილი.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელები“ როგორც ოპოზიციის პროექტის, ასევე უმრავლესობის კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს, მაგრამ მათ უფრო მეტად მმართველი გუნდის ვერსია მოსწონთ.
for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ყურადღებას პროექტების შორის სხვაობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ოპოზიციის ვერსიაში ხარვეზებია, მაგრამ ის არსით რეგიონულ-პროპორციული სისტემაა და დღევანდელ სისტემას ბევრად სჯობს, რის გამოც მას ხმას მისცემს. ბერძენიშვილის თქმით, მას უმრავლესობის ვერსია უფრო მოსწონს, ვიდრე ოპოზიციის.
„ძირითადი სხვაობა რა არის? - ჩვენი პროექტის მიხედვით, 150 ადგილი მსხვილ მრავალმანდატიან ოლქებად იყოფა, სადაც პროპროციულობა კარგად დაცული იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პარტია 7-8-10 პროცენტს მიიღებს, მას 15 მანდატიან ოლქში თავის დეპუტატის გაყვანა შეუძლია. ოპოზიციის პროექტის მიხედვით კი, ნახევარი პარტიული სიაა, ხოლო 75-იანი სია პატარა პროპორციულ ოლქებად იყოფა, სადაც პროპორციულობის წილი ნაკლებია. ანუ, მესამე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში რომ მოხვდეს, შესაძლებელია, მაგრამ მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასული პარტიის შანსები ნაკლებია“, - დასძენს ბერძენიშვილი.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 113 ხმას მოაგროვებს და ოპოზიციას ისეთი განწყობა არ ექნება, რომ ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.
„არსებითია ის, რომ ორივე პროექტი რეგიონალურ-პროპორციული სისტემაა და „რესპუბლიკელები“ ამის არათუ მომხრე, არამედ პიონერები ვართ. რომელი პროექტიც ძალიან მომწონს, მისი ერთ-ერთი ინიციატორი ვარ და მას ხმას მივცემ, მაგრამ რომელ პროექტზეც ვფიქრობ, რომ ხარვეზიანია, მასაც ხმას მივცემ, რადგან დღევანდელს სჯობს. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციას ის განწყობა არ ექნება, რომ რაკი მათი პროექტი ისეთია, უმრავლესობის პროექტს ხმა არ მისცენ. განწყობები ისეთია, რომ ერთმანეთისკენ სავალი გზები დატოვებულია“, - ამბობს ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ განწყობას, for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უმრავლესობა ოპოზიციის ვარიანტს მხარს არ დაუჭერს. დეპუტატის მოსაზრებით, ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, ძალიან მნიშვნელოვანია და ის საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორს ხდის.
„ქვეყანაში პარტიების გაძლიერება მინდა და ჩემი აზრით, პროპორციული არჩევნები ერთ-ერთი ის მექანიზმი იყო, რომელმაც ამას ხელი არ შეუწყო. თუკი ძლიერი პარტიები არ არის, მაშინ პროპორციული არჩევნები შემზღუდავი და დამაბნეველია. პროპორციული არჩევნები იმ ქვეყნებშია, სადაც პარტიების ტრადიციები არსებობს და მრავალპარტიულია. ისე არ ხდება, რომ ერთი პარტია სადღაც ვიღაცას იშოვის. ამას „დივანის“ პარტიებს უწოდებენ. „დივანი“ დამცინავი კი არ არის, აკადემიური ტერმინია და იგულისხმება, რომ პარტიის წევრები ერთ დივანზე დაეტევიან. ვითომ, ესენი მრავალპარტიულები არიან. თუკი ამ პარტიებში ათასობით ადამიანია გაერთიანებული, ისინი არჩევნებიდან არჩევნებამდე არ არსებობენ, არამედ საკითხებზე ერთობლივად იმსჯელებენ“, - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროპორციული სისტემა მას შემდეგ უნდა ამოქმედდეს, რაც მრავალპარტიულობა იქნება.
„მოსახლეობას მაჟორიტარული სისტემა ურჩევნია, რომელსაც ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. დეპუტატების 90 პროცენტს ევროპა მოვლილი აქვს, ისინი ხან საფრანგეთში არიან, ხან ამერიკაში და გაიხედ-გამოიხედონ. ოპოზიცია იმ დემოკრატიას არ აშენებს, რასაც დემოკრატია ჰქვია“, - დასძენს ჟორჟოლიანი, რომლის მსგავსად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მხარს უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს უჭერს.
როგორც for.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, პოლიტიკოსებმა რაღაც საკითხებზე პოლიტიკური კონოუნქტურით კი არ უნდა იხელმძღვანელონ, არამედ ევოლუციური დამოკიდებულებით.
ფოფხაძე მართებულად არ მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა საზოგადოების ნების გარეშე გაუქმდეს.
„გვეუბნებიან, პროგრამაში გეწერათო, მაგრამ ამას ვერ დავწერდით, რადგან ვერავინ ვერ იტყვის, რომელი სისტემა უფრო სჯობს. ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ხარვეზები ორივეს აქვს. თუ ვთანხმდებით, რომ გვინდა, წინა პლანზე უფრო პოლიტიკური მომენტი წამოვიდეს, ვიდრე სუბიექტური, ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა იყოს, რადგან შეიძლება, ვიყოთ ადამიანები, რომლებიც სუბიექტურ მხარეს ვანიჭებდეთ უპირატესობას. მაჟორიტარული სისტემა ამ არჩევნებზე რატომ უქმდება და არა პერსპექტივაში? - ამომრჩეველმა ამირჩია და მათ რატომ უნდა ვუთხრა, რომ მათი ბოლო დეპუტატი ვარ?“, - ინტერესდება ფოფხაძე.
თუკი პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსესუსი იქნება მიღწეული და უმრავლესობის პროექტი 113 ხმას მოაგროვებს, მაშინ დეპუტატებს ცვლილებებზე მსჯელობა ზაფხულში მოუწევთ, მოგვიანებით კი, სექტემბერში, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები ორ სესიაზე, სამთვიანი ინტერვალით უნდა იქნეს მიღებული. იმ შემთხვევაში, თუკი ამ მოწვევის პარლამენტი ცვლილებებს სამივე მოსმენით ვერ დაამტკიცებს, გადაწყვეტილების მიღება მომავალ მოწვევას მოუწევს, რასაც ოპოზიცია უფრთხის, რადგან ისინი კულუარულ საუბრებში აცხადებენ, რომ მათ არ სურთ, პროექტი პირველი მოსმენით მხოლოდ იმისთვის იქნეს მიღებული, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან თანამშრომლობით თავი მოიწონოს პარტნიორებთან.