რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტი 3,4 მილიარდ დოლარის გამოყოფის საკითხს განიხილავს. კონგრესში აცხადებენ, ვაშინგტონის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის არსებობა და მოკავშირეების მხარდაჭერა წარმოადგენს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გათვალისწინებული თანხის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.
ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დახმარება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნები, მოსკოვის მხრიდან ზეწოლას ყველაზე მეტად განიცდიან.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად შესაბამისი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე დიდი ხანია საუბრობს, როგორც აშშ, ასევე ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
„ძირითადად საუბარია რბილი ძალის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე და საინფორმაციო პოლიტიკაზე. საუბარი არის იმ ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირითადად რუსული აგრესიის ობიექტები არიან. სავარაუდოდ, კონგრესის მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად შესაბამისი თანხის გამოყოფის საკითხს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტში საკითხის განხილვას, მნიშვნელოვანს უწოდებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, ძირითადი თანხები მიმართული იქნება მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის და კერძოდ, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად.
„უდავოდ, ამაში იგულისხმება ნატოს არაწევრი პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. ძირითადი ღონისძიება იქნება შეიარაღების გაძლიერება და ბაზების განლაგება. ყველა ეს ღონისძიება ეხება ნატოს წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის შავი ზღვის სახელმწიფოებს. ასე რომ, ეს არაა მხოლოდ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, არამედ ეს არის რუსეთის აგრესიული ქმედების პასუხად ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის მთლიანად გაძლიერება და პრევენცია აგრესიული ქმედების შესაჩერებლად.
თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმიტომ, რომ განწყობა კონგრესში და პოლიტიკურ ელიტაში ერთმნიშვნელოვანია, კერძოდ, თუ რუსეთის აგერსიულ ქმედებას ადეკვატური პასუხი არ გაეცა, შეიძლება მომავალში ბევრად უფრო ძვირი დაჯდეს, რადგან შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც მენაღარიშვილი აცხადებს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აშშ უკვე ეხმარება საქართველოს. მისივე თქმით, მთლიანად დასავლეთი და აშშ გაძლიერებულ ყურადღებას უთმობენ აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილს.
„რაც შეეხება რუსეთის პასუხს, დიდი ფიქრი არ სჭირდება ამას, რომ რუსეთს ექნება რეაგირება იმიტომ, რომ რუსეთი მწვავედ რეაგირებს დასავლეთის მიერ მის სამეზობლოში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე. არც ერთი ეს აქცია არ არის აგრესიული ხასიათის, ეს არის თავდაცვითი იარაღის გადაცემა, ეს არ გახლავთ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთისგან უნდა ველოდოთ გარკვეულ რეაქციას. მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ უკმაყოფილება ჩრდილოეთიდან იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
ექსპერტი უსაფრხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ასეთი დისკუსიები კონგრესში ხშირად იმართება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჭირს. თუმცა, როგორც ლორთქოფანიძე აცხადებს, დღეს, როდესაც სახეზეა რუსული აგრესია, სავარაუდოდ, კონგრესი გადაწყვეტილების მიღებაში ერთსულოვანი იქნება.
„როდესაც კონგრესი ასეთ საკითხებზე იწყებს მსჯელობას, მას გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი გავლილი აქვს. პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულია კონსენსუსი, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არის აუცილებელი. ბუნებრივია, ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.
მისივე განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთისა და აშშ-ის მხარდაჭერა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი კონგრესის ამ გადაწყვეტილებას ადვილად არ შეეგუება.
„რასაც დასავლეთი აკეთებს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და ის, რომ დასავლეთის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან მოჰყვება კონტრმუქარები. ამის ნათელი მაგალითია აღმოსავლეთ უკრაინა. სამწუხაროდ, პერმამენტული საფრთხის პირობებში ვართ. ამიტომ, საფრთეებზე ფიქრიც და პრევენციაც, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.