„ძალიან მოკლევადიანია ის მიზნები და გეგმები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკავშირებს ამ კვლევებს. მათი მიზნები ცხადია, თუმცა ნამდვილად ვერ იქნება განხორციელებული იმიტომ, რომ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ამის რესურსი არ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, ისეთმა მარგინალურმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, გამორიცხულია შეძლოს რევოლუციური სცენარის განხორციელება.
for.ge ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
IRI-ის მონაცემებით, ამომრჩევლის 15% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“. მმართველი გუნდი ამ მონაცემებს ღებულობთ როგორც შედეგს, თუ როგორც არაობიექტურ დასკვნას? მით უმეტეს, რომ თქვენ გაქვთ შიდა კვლევის შედეგები...
ირაკლი კობახიძე: ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ შიდა კვლევებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ შედეგებისგან, რომელსაც NDI-ის და IRI-ის კონტრაქტორი კომპანიები დებენ. ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ არსებითი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებსა და მეორე ადგილზე მყოფი პარტიის პოზიციებს შორის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ კომპანიების მიერ დადებულ შედეგებს ვერ შევხედავთ ნდობის თვალით. ეს შედეგები სერიოზულ კითხვის ნიშნებს და ეჭვებს აჩენს.
რა კითხვის ნიშნები ჩნდება ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევა?
- რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვი ბუნებრივად ჩნდება. მოგეხსენებათ, რომ ორივე კომპანიას წარსულში გამოკვეთილი კავშირები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს და იძლევა ეჭვის საფუძველს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კვლევით ორგანიზაციას?
- ინტერესი შეიძლება სხვადასხვა ჰქონდეთ და ამას ნუ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მთავრია ის შედეგები, რომლებიც იდება. ის აცდენილია რეალობას და ამის უკან აშკარად დგას გარკვეული ინტერესები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ შედეგები ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არის ხოლმე აცდენილი.
ეს უკვე ადასტურებს, რომ NDI-ის და IRI-ის კონტრაქტორები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან?
- მხარდაჭერაზე არ არის საუბარი, შეიძლება უმარტივეს გარიგებებთანაც გვქონდეს საქმე. მთავარი ისაა, რომ გაყალბებული შედეგები პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამომრჩეველი პოლიტიკური პროცესების მიმართ თავის შეხედულებას არჩევნებზე გამოხატავს. ბოლო პერიოდში, ჩვენ გვქონდა ერთგვარი სატესტო არჩევნები, რომელიც იძლევა ამომრჩევლის განწყობის განზოგადების საშუალებას. ბოლოს ასეთი არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, სადაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს შორის რადიკალური სხვაობაა.
NDI-ის მონაცემებით 61% ხმას არც ერთ პარტიას არ აძლევს, IRI-ის მტკიცებით ასეთი 38%-ია. თქვენი შიდა კვევების თანახმად რამდენი პროცენტი არ უჭერს არც ერთ პარტიას მხარს?
- საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს იკავებენ პასუხისგან, ან რომლებსაც ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, რაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ლოგიკურიცაა. თუმცა 60%-ზე საუბარი ზედმეტია. ამ ნაწილში NDI-ის შედეგები კიდევ უფრო მეტად არის აცდენილი რეალობას.
რაც შეეხება მხარდამჭერთა რაოდენობას, თქვენ ამბობთ, რომ ამ მონაცემებისგან განსხვავებით 3-ჯერ მეტი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. შეგიძლიათ გვითხრათ შიდა კვლევებით ამომრჩეველთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისათვის, რომ არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად? კეთდება განცხადება, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ...
- ამ კითხვაზე თვითონ NDI-ის წარმომადგენლებმა გასცეს პასუხი და აღნიშნეს, რომ მათი კვლევების მიზანი არ არის არჩევნების შედეგების გამოცნობა. ანუ, ისინი თავად მიანიშნებენ იმაზე, რომ ეს შედეგები ვერანაირად ვერ გახდება არჩევნების შედეგების შეფასების საფუძველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კვლევები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში. ეს არჩევნები ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას, იმ განწყობას, რომელიც ობიექტური კვლევების წარმოებისას ფიქსირდება. არავის მიეცემა იმის საბაბი, რომ რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ არჩევნებზე.
როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე NDI-ის და IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიზანი არის პოლიტიკური სურათის შეცვლა ქვეყანაში? შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის არჩევნებიდან ძალიან მალე აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას...
- ბუნებრივია, რომ კვლევის შედეგების გაყალბებას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და ეს მიზანი აშკარად იკვეთება. პირველ რიგში, კვლევის შედეგები „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიული მოხმარებისთვის სჭირდება. მოგეხსენებათ, გარდაბნის არჩვენები იყო სერიოზული ტესტი, რომელიც ამ პარტიამ ვერ ჩააბარა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გაუჩნდათ ობიექტური განცდა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტია წარუმატებლობისთვის არის განწირულნი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება თავის აქტივისტებში მოტივაციის რაიმე ფორმით ამაღლება და გაყალბებული კვლევის შედეგებიც. გარდა ამისა, კვლევების გაყალბება ნაციონალებს საგარეო მოხმარებისთვისაც სჭირდებათ. ავრცელებენ ინფორმაციას უცხოელ პარტნიორებს შორის, რომ ისინი იმაგრებენ პოზიციებს და ოქტობრის არჩევნებში მათი წარმატება რეალურია. თუმცა, შედეგის მომტანი ვერც ეს მცდელობა იქნება.
საბოლოოდ, შედეგი იქნება ის, რომ ოქტომბერში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. ამ სამართლიან არჩევნებში ამომრჩეველი გამოხატავს თავის ნებას და მოსახლეობის მხარდაჭერის საფუძველზე, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს „ქართული ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც რეალურად იმსახურებს.
ანუ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში?
- რა თქმა უნდა. შესაბამისად, ძალიან მოკლევადიანია ის მიზნები და გეგმები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკავშირებს ამ კვლევებს. მათი მიზნები ცხადია, თუმცა, ნამდვილად ვერ იქნება განხორციელებული იმიტომ, რომ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ამის რესურსი არ აქვს. აღარაფერს ვამბობ რევოლუციურ სცენარზე, რომელზეც არის-ხოლმე მინიშნებებით საუბარი. საქართველოს ხელისუფლება სრულად ფლობს ვითარებას ქვეყანაში. გამორიცხულია, ისეთმა მარგინალურმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, შეძლოს რევოლუციური სცენარის განხორციელება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.
14 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეული იქნება პრემიერ-მინისტრი, რომელიც საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. ყრილობაზე პარტია წარადგენს ახალ სახეებს. ბატონო ირაკლი, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ განახლებული საარჩევნო სია?
- ჩვენი დიდი სურვილია, რომ სიის პირველი ნომერი იყოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არჩეული იქნება თავმჯდომარედ. მთავარია, რომ ამაში ხელი არ შეგვიშალოს კანონის ფორმალურმა ხარვეზმა, რომლის გასწორებასაც ახლა ვცდილობთ. რაც შეეხება მეორე, მესამე, მეოთხე ნომრებს, გეტყვით, რომ ჯერჯერობით, გუნდში ამ საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა. ანუ, სია ამ თვალსაზრისით ფორმირების პროცესშია და დაზუსტებული არაფერი არ არის.
მინისტრების პორტირება მოხდება საარჩევნო სიაში?
- თეორიულად გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებულია გუნდურ მსჯელობაზე. ბუნებრივია, თუ მთავრობიდან საარჩევნო სიაში კონკრეტული მინისტრების გადასვლა პარტიის ინტერესებს დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით მთავრობის შესაბამის წევრებთან ერთად ვიმსჯელებთ. ასეთი გადაწყვეტილებები კოლეგიურ და გუნდურ რეჟიმში მიიღება. რაც შეეხება სიის განახლებას, ჩვენი ამოცანაა თვისებრივად განახლდეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია. აქტიურად მიმდინარეობს გადახალისების პროცესი, რომელსაც უშუალოდ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც ამბობთ, არსებითად განახლდება საარჩვენო სია, მაგრამ თუ გაქვთ განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება გუნდის განახლება? გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ასეა?
- ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი მიმართულებით სჭირდება პარლამენტს განსაკუთრებული გაძლიერება. პირველი, ეს არის კანონშემოქმედება და შესაბამისად, ბუნებრივია, განსაკუთრებული აქცენტი იურიუსტებზე უნდა გაკეთდეს, მეორე არის საფინასო-ეკონომიკური სფერო და შესაბამისი დარგის სპეციალისტები უნდა იყვნენ სიაში სათანადოდ წარმოდგენილი და მესამე არის საგარეო ურთიერთობები. როდესაც საუბარია ინგლისური ენის ცოდნაზე, ბუნებრივია, საპარლამენტო გუნდში ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობით ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ გაუჭირდებათ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება ჩვენ უცხოელ კოლეგებთან. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში წარმოდგენილი ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ფლობდეს უცხო ენებს.
ინგლისური ენის ცოდნა ერთ-ერთი ფაქტორია სიაში მოსახვედრად?
- რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ვერ იქნება ერთადერთი ფაქტორი სიაში მოსახვედრად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან ახალი სახეები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, განათლებასა და უნარებზე. მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ ამ კუთხით განახლდეს საპარლამენტო შემადგენლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა წარსული და პირველ რიგში ის ღირებულებები, რომლის მატარებელიც იქნება სიაში წარმოდგენილი ადამიანი.
კანდიდატს უნდა ახასიათებდეს პრინციპულობა, მათ შორის ხაზგასმით ვიტყვი, რომ კანდიდატს პრინციპული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს 9-წლიანი რეჟიმის მიმართ, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. კანდიდატი უნდა აღიარებდეს ჩვენ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, სოციალური სოლიდარობა და ა.შ. აგრეთვე ის უნდა იყოს ქვეყნის დასავლური კურსის უპირობო მხარდამჭერი, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტიის მიერ.
სია უნდა იყოს მრავალფეროვანი, წარმოდგენილი უნდა იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამაინები. აქცენტი გაკეთდება როგორც ცნობად, ასევე ნაკლებად ცნობად ადამიანებზე, რომლებიც თავის სფეროებში წარმატებული და აღიარებულნი არიან. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. მასში წარმოდგენილი იქნებიან ახალი, ნათელი სახეები, როგორიც ჩვენს ამომრჩეველს და პარლამენტს სჭირდება.