„ჩვენი ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე“

„ჩვენი ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე“

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილება. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა შესაბამისი რეზოლუცია უკვე მიიღო. თავის მხრივ „ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვდა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ მომხდარიყო, თუმცა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა არ გაიზიარა. „სახალხო პარტიის“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაც წარმატებულად დამთავრდა. როგორც დელეგაციის წევრი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რეზოლუციის პროექტში ძალიან ბევრი შესწორება იყო, ფაქტობრივად ყველა საქართველოს სასარგებლო შესწორება გავიდა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან მიმართებაში, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ამ საკითხის განხილვა.

ევროპარლამენტში გამართულ განხილვაზე საკითხის მომხსენებელმა მარია გაბრიელამ მხარდაჭერა გამოუცხადა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მოხდა მეოთხე ანგარიშის საფუძველზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ მიაღწია საჭირო პროგრესს და შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომლებსაც ვიზალიბერლზიაცის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა.

„მე მსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადო საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. ამ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების გზაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ 2015 წლის მეორე ნახევარში განხორციელებულ სამუშაოს, განხორციელდა რეფორმები მიგრაციის კუთხით, კორუფციის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ, სამოქალაქო უფლებების დასაცავად“,- აცხადებს მარია გაბრიელა.

ამასთან, მარია გაბრიელამ ევროკომისიას მიმართა ორი შეკითხვით. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა საქართველოში შენგენის ვიზის მიღების მსურველებისთვის უარის მიღების სტატისტიკას, ასევე მომხსენებელი დაინტერესდა, ძირითადად რა მიზეზით ეუბნებოდნენ უარს საქართველოს მოქალაქეებს ვიზების გაცემაზე. მეორე შეკითხვა კი, საქართველოში მიგრაციის მენეჯმენტს ეხებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ორივე პასუხი იყო ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იმ მიმართულებით, რომ ძალიან მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის თქმის სტატისტიკა და საქართველო ყველაფერს აკეთებს საემიგრაციო პოლიტიკის სრულყოფის თვალსაზრისით, რაც მარია გაბრიელას მხრიდან მიღებული იყო პოზიტიურად.

„ევროკომისიამ ამომწურავი პასუხები გასცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის თქმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირების კუთხით და ასევე, საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, შემდგომი განხილვა ისევ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაიმართება. მომხსენებელმა უნდა მოამზადოს მოხსენება, რომელსაც გამოიტანს ისევ ამავე კომიტეტში და მას შემდეგ, რაც კომიტეტი მხარს დაუჭერს, საკითხი უკვე კენჭისყრაზე გავა ევროპარლამენტში. საბოლოოდ, ევროპარლამენტისგან მიღებული რეზოლუცია გადაიგზავნება ევროკომისიაში.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხდებს, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ქვეყანამ ეს პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

„ყურადღება გავამახვილე თავად პროცესზე, როგორც კოორდინატორი უწყების ხელმძღვანელმა. ვისუბრეთ იმ პოლიტიკის დოკუმენტებზე, რომელსაც სხვა სამინისტროებთან ერთად ვადგენთ კოორდინაციის იმ ახალ მექანიზმებზე, რომელიც შევიმუშავეთ და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებთ, რომ ეს პროცესი წარმატებით განვახორციელოთ საქართველოში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა და ყველას კონტრიბუცია, რომ საქართველო იყოს წარმატებული“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, თუმცა ხელისუფლება კვლავ არღვევს ევროპულ სტანდარტებს, რადგან მას კვლავ ჰყავს პოლიტპატიმრები, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და თბილისის ყოფილი მერი. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახდენს ზეწოლას დამოუკდიებელ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საკონსტიტუციო სასამართლოზე.

„სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე, რაც ოქტომბრის არჩევნებამდე არ უნდა მოხდეს, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს სტანდარტები და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველო დაიმსახურებს უვიზო მიმოსვლას. უნდა გნთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ისევე როგორც ჩვენ მოვითხოვეთ უკრაინაში იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება, იგივე უნდა მოხდეს მერაბიშვილთან, უგულავასთან და სხვებთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დევნა უნდა შეწყდეს, ასევე შეწყდეს სხვადასხვა ფორმის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეს არის „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის პოზიცია. ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ზაფხულამდე არ გაიმართება, რადგან სიტუაცია ამისთვის მზად არ არის. მე გამიკვირდება, თუ საქართველოს სავიზო რეჟიმი არჩევნებამდე გაუუქმდება, მით უმეტეს ეს ზაფხულამდე არ მოხდება“, - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, სარიუშ-ვოლსკის საქციელი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მან არ ისურვა, შეერთებოდა კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებმა სრული ანგარიში გააკეთეს ევროპარლამენტის წინაშე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

„რაც უნდა მოინდომონ სარიუშ-ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ. ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე, ამას ვამბობ სრული პასუხსიმგებლობით. ბატონმა ვოლსკიმ და მისმა კოლეგებმა, ერთი გამონაკლისის გარდა, გუშინ არ მიიღეს შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან ეს მათი ინტერესის სფეროში არ შედიოდა. დღეს დილიდანაც არ გამოჩნდნენ სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევეცადეთ, ვყოფილიყავით მაქსიმალურად მობილიზებული, რათა ჩვენი ოპონენტების აზრი გაგვეზიარებინა, სადაც ამის შესაძლებლობა იყო. ჩვენ მართლაც გავიზიარეთ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლი შენიშვნებიდან უმეტესობა, მაგრამ იმას, რასაც ვერ გავიზიარებდით, მათ ძალიან კარგად იცოდნენ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. რადგან, საქართველომ უმაღლესი ფასი გადაიხადა დასავლური არჩევანის რეალიზაციისთვის.

„ჩვენი მოქმედების ერთად-ერთი რაციონალური გზა გახლავთ, ჩვენი სწრაფვის კიდევ უფრო გააქტიურება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრება არ არის მარტივი, მით უმეტეს როდესაც საუბარია რთული სტრატეგიული გადაწყვეტილების რეალიზაციაზე საუბარი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, მათ შორის სირთულეების დაძლევისთვის“, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.