ქართულ-აზერბაიჯანული საბაჟო გაურკვევლობა

ქართულ-აზერბაიჯანული საბაჟო გაურკვევლობა

ბოლო პერიოდში საქართველოს საბაჟო სისტემას შეფერხებით მუშაობაში სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ. ამჯერად საქმეში აზერბაიჯანული მედია ჩაერთო. მათი მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ტრანზიტულ გადაზიდვებს ხელოვნური შეფერხება ექმნებათ. შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ჰამდი გიუნდოგანის მტკიცებით, ტვირთს ზოგჯერ კვირაობით, ზოგჯერ კი თვეობით აჩერებენ.

გავრცელებულ ინფორმაციას, ტრანზიტის შესაძლო შეჩერების თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აბსურდულს უწოდებენ. მათი აზრით, საკითხის ამგვარად დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არც ერთი ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი არ ფერხდება.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ თურქეთს საქართველოს გავლით ტრანზიტის შეჩერების არანაირი საფუძველი არ აქვს. მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს არ ეყრდნობა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსულია 450-ზე მეტი სატვირთო მანქანა და 330-ზე მეტი გატარებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უპრობლემოდ იღებს ყველა მანქანას“, - აღნიშნავს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.

მისი თქმით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებითა და საკადრო რესურსით ორჯერ მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლია.

„არ არსებობს პრობლემა არც მალფუჭებად პროდუქციასთან დაკავშირებით, რადგან ამ სახის სურსათს ენიჭება პრიორიტეტი. რაც შეეხება რიგს, ვადასტურებ, რომ ნამდვილად გაზრდილია ტვირთბრუნვა, შსს-ს საპატრულო პოლიცია რიგის კონტროლს ახორციელებს და ურიგოდ, რა თქმა უნდა, ვერავინ გაივლის.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მებაჟეები უპრობლემად ატარებენ როგორც თურქეთის მიმართულებით ისე თუქეთიდან ნებისმიერი მიმართულებით მიმავალ ტრანზიტულ ავტომანქანებს“, - განუცხადა „ბიპიენს“ მოისწრაფიშვილმა.

შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ჰამდი გიუნდოგანი კი ამტკიცებს, რომ ტრანზიტზე მომუშავე მძღოლებს უწერენ სანქციებს, რამაც, შესაძლოა, საქართველოს გავლით თურქი ბიზნესმენების მიერ ექსპორტის შეჩერება გამოიწვიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე არ არის ტვირთნაკადის დიდი რაოდენობა, ჩვენი სატვირთო მანქანები იძულებულნი არიან გადავიდნენ პარკინგზე, სადაც მათგან ყოველდღიურად იღებენ 30 ლარს. გარდა ამისა, მათ აიძულებენ აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი გადმოტვირთონ. ჩვენი ტვირთები კვირაობით, ზოგჯერ კი თვეობით დგას. ეს ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს“, - აცხადებს გიუნდოგანი და აღნიშნავს, რომ პრობლემის გადასაჭრელად არაერთ უწყებას მიმართეს.

იგი ამბობს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტიც არ მოქმედებს. „საქართველოში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ჩიხში არიან“, - დასძენს გიუდოგანი.

საკითხი თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრის დონეზე დაისვა. მინისტრმა განაცხადა, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები.