„უახლოეს მომავალში ნატო-ს გაფართოების შანსი არ არსებობს, რადგან არის საშიშროება, რომ ეს რუსეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ეს განცხადება ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა დუგლას ლიუტმა ლონდონში, უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.
„პრაქტიკული თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ ბევრ შესაძლებლობას ნატო-ს შემდგომი გაფართოებისთვის უახლოეს მომავალში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ან შესაძლოა, უფრო მეტხანსაც კი“, - განაცხადა მან.
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ამ თემაზე ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება
ნატო-ში აშშ-ს წარმომადგენელი დუგლას ლიუტი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ნატოს გაფართოების შანსი არ არსებობს, რადგან საეჭვოა, უახლოეს მომავალში ან რამდენიმე წელიწადში 28 ქვეყანამ მიაღწიოს კონსენსუსს, იმის თაობაზე რომ საქართველო ან უკრაინა მიიღონ ნატო-ში. თუმცა მისივე თქმით, ნატო-ს კარი ისევ ღია რჩება. თქვენი შეფასებით, დასავლეთი უკრაინას და საქართველოს უფრთხილდება, რომ რუსეთის მორიგი აგრესიისგან დაიცვას, თუ მიდგომები შეიცვალა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ?
- დავუშვათ მიგვიღეს ნატო-ში, ბუნებრივია, რომ უნდა მიგვიღონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიანად, ეს ძალზე ართულებს სიტუაციას და იგივე ხდება უკრაინაშიც.
ამიტომაც დასავლეთის გეგმაა, რომ საქართველომ და უკრაინამ გააგრძელონ რეფორმები, პარალელურად, დაელოდონ როდის დასუსტდება რუსეთი და მისი ჯარები გავა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამაში მდგომარეობს მათი გეგმა. ჩვენი გაძლიერება, პლუს - რუსეთის დასუსტება და ა.შ.
რუსული ჯარებით ნატო-ში ასე მარტივად ვერ მიგვიღებენ. თუმცა არსებობს ერთი ფორმულა, მაგრამ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობაა საჭირო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ანუ საუბარია ფორმულაზე - ჩვენ გვიღებენ ნატოში მაგრამ მე-5 მუხლი არ ვრცელდება დროებით ოკუპირებულ ტერიტოერიებზე, სანამ ბოლომდე აღდგება ჩვენი კონტროლი.
მაგრამ ამ ფორმულის განხილვა რომ დავიწყოთ, წარმოიდგინეთ რა მასშტაბით ატყდება წივილ-კივილი - ტერიტორიებს ვკარგავთო. უცხოეთშიც საკმაოდ რთული სამუშაო იქნება ამ მიმართულებით, რადგან მსგავსი პრეცედენტი პრაქტიკულად, არ არსებობს. თუმცა უფრო რთული ქვეყნის შიგნით იქნება, პრორუსული ძალები მაშინვე გაშლიან კამპანიას, - აი, ნახეთ ნატო ტერიტორიებს გვაკარგვინებსო - ასეთი რეალობა გვაქვს.
თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ღიად გამოდიოდა საქართველოს მხარდამჭერად ნატო-სკენ მიმავალ გზაზე...
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი გამოდიან რეალისტური მდგომარეობიდან. რუსეთზე რომ იყოს დამოკიდებული, სხვაა - ისინი ამბობენ, რომ 28 ქვეყანა ვერ შეთანხმდება.
ახლა გამოიკვეთა ეს განსაკუთრებული ვითარება? არაერთი მოწოდება და მხარდამჭერი განცხადება მოგვისმენია, მაპ-ის გარეშე ალიანსში შესვლის წინადადებებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგიერთი, აშშ-ს მეგობარი ქვეყნის პირველი პირების მხრიდან...
- ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მივიღებდითო, 28 ქვეყანაა და ჯერჯერობით ვერავინ ახდენს გავლენას, რომ კონსენსუსს მიაღწონ. ხომ გახსოვთ გერმანიის წინააღმდეგობა 2008 წელს მაპ-ზე?
აბა ჩვენი ხელისუფლების იმედები, რომ ეგებ მაპ-ის გარეშეც შეიძლება მოვხვდეთ ნატოში თავის მოტყუებაა?
- ეს არის ზღაპარი ბავშვებისთვის ძილის წინ. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნება და ეს განსაკუთრებული მდგომარეობა ჯერჯერობით არ ჩანს. ყველა დოკუმენტში წერია, რომ მაპ რჩება აუცილებელ ინსტრუმენტად.
დუგლას ლიუტი ამბობს იმასაც, რომ ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში არსებობს რუსეთის დესტაბილიზაციის საფრთხე. რაში მდგომარეობს ეს დესტაბილიზაცია სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გაუგებარია...
- ისინი ამბობენ, რომ რუსეთში შეიძლება დაიწყოს შიდა არეულობები, გამომდინარე სხვადასხვა მიზეზებიდან, საუბარია სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებზე. გარდა ამისა, მათი პოლიტიკური მოდელი არის ძალიან არამყარი და ერთ ადამიანზე დამოკიდებული, ესეც ძალიან სახიფათოა.
დასავლეთი ელოდება რუსეთში დესტაბილიზაციას, არეულობას და არ სურთ, ჩვენ შარში გაგვხვიონ. ვარაუდობენ, რომ რუსეთი 4-5 წელიწადში დასუსტდება და თვითონ გავა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამაში მდგომარეობს ალბათ, მათი პოლიტიკა.
კონგრესმენ სტივ რასელის გაცხადებები რაიმე კავშირშია აშშ-ს პოზიციასთან საქართველოს მიმართ? ვგულისხმობ განცხადებას, სადაც კონგრესმენი აშშ-სა და დასავლურ ბანკებს მოუწოდებს იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ. ეს არის უბრალოდ შავი პიარი და ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის შეცვლილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ?
- ერთი კონგრესმენის განცხადება ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის მთავრობა ამას ფიქრობს, მაგრამ ამათ ადგილას დავფიქრდებოდი იმიტომ, რომ კონგრესმენი იოლად ხელწამოსაკრავი არ არის, მათ შორის, არც მეჭიაურისთვის. ასე რომ, დავფიქრდებოდი.
ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ნატო-ში ამერიკის წარმომადგენლის და კონგრესმენის განცხადებები დროში რაღაცნაირად, ემთხვევა ერთმანეთს...
- არა, არ მგონია რაიმე კავშირში იყოს.
ნატო-ს თემას, რომ დავუბრუნდეთ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ერთ-ერთი ბოლო განცხადებით, ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და კვლავ გააკრიტიკა რუსეთი პოსტსაბჭოტა ქვეყნებთან მისი პოკიტიკის გამო. ეს ნიშნავს თუ არა, რომ რაღაც იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატო-ს მიმართულებით?
- საქართველო თუ გაჩერდა, ნატო-ში ვეღარ შევა, ამიტომ არ უნდა გაჩერდეს, ამაზეა საუბარი და დასავლეთი ამაში გვეხმარება.
ალექსანდრ ვერშბოუ ასევე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დაეხმარებიან სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, ამ მიმართულებით გაზრდილია საფრთხეები? მითუმეტეს, როდესაც საკმაოდ მაღალი პოსტის წარმომადგენელი აკეთებს განცხადებას...
- რეალური რომ არის, რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეები ამას რად უნდა ამერიკელების და ევროპელების ლაპარაკი, ეს ჩვენც ვიცით, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.