უამრავი პრობლემის მიუხედავად, საერთაშორისო რეიტინგებით საქართველო წარმატებისკენ მიდის, მაგალითად „ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსით“, რომელიც რომელიც აანალიზებს და აფასებს ქვეყნის განვითარებას და ტრანსფორმაციას, საქართველომ ბოლო ორ წელიწადში 12 პუნქტით წაიწია წინ (129 ქვეყანას შორის მე-40 ადგილი), თუმცა ეკონომიკაში მოიკოჭლებს და მისი წარმატება სულ სამი პუნქტით გაუმჯობესდა (2014 წელს საქართველო 57-ე ადგილზე იყო, წელს კი 53-ე ადგილზეა). რამდენად ხელშესახები და საგრძნობია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა, ამ თემაზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
გია ხუხაშვილი: ყველაფერი ფარდობითია, მაგალითად, თუ გავიხსენებთ წინა რეჟიმის დროს არსებულ სიტუაციას, შედარებაც კი შეუძლებელია, რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. რა თქმა უნდა, მაქვს პრეტენზიები, დღევანდელი ხელისუფლებაც სისტემის მძევალია, დღემდე არ ვიცი, ეს ინერციაა თუ არა, მაგრამ პრობლემები სახეზეა. რაც შეეხება საერთო სურათს, ის აშკარად გაუმჯობესებულია.
პრინციპში, ამ თემის გაგრძელებაა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც აღნიშნა, რომ პირველი მთავრობა ვართ, დამოუკიდებლობის შემდეგ, რომლისაც არ ეშინიათ იმიტომ, რომ ჯიბეში არავის ვუყობთ ხელს, არ ვუსმენთ, საპროცესო გარიგებით არ ვაშანტაჟებთ ხალხს და ა.შ...
- ვითარება გაუმჯობესებულია, მაგრამ არ არის არა თუ იდეალური, არამედ ჯერ კიდევ რჩება უკან შებრუნების რისკი. ეს „უკან შებრუნება“ არ არის აუცილებელი, რომ იყოს შიშის გარემოში - მეორე უკიდურესობაც არსებობს, როდესაც იმდენად არ ეშინიათ ადამიანებს, რომ ეს უკვე განუკითხაობის საფუძველი ხდება.
სწორი ბალანსია საპოვნი და ვფიქრობ, ხელისუფლება ჯერჯერობით მყიფეა. რეალობას თუ შევაფასებთ, მას არ აქვს მოპოვებული შესაბამისი სტაბილურობა. ამიტომ ვითარება შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი, ასე - მეორე მიმართულებითაც, როგორც განუკითხაობის, ასევე რეჟიმის რევანშის მიმართულებით.
ხელისუფლებას, იმის მიუხედავად, რომ აშკარად უფრო ჰუმანური მიდგომები და დამოკიდებულება აქვს ზოგადად, მოქალაქესთან, არც ერთი ინსტიტუციური ნაბიჯი არ გადაუდგამს დემოკრატიული განვითარების გზაზე იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა დაასტაბილურიოს და გაამყაროს.
მაგალითად, ავიღოთ მოსმენების თემა - მართალია, საზოგადოებაში აღარ დომინირებს თემა, რომ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ, მაგრამ მეორე მხრივ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ინსტიტუციურად ეს საქმე დაეხურა - როდესაც დადგა საკითხი, რომ არმოსმენის გარანტიები შექმნილიყო, ხელისუფლება ამას შეეწინააღმდეგა - ანუ სისტემა შეეწინააღმდეგა.
იგივე არჩევნების თემა გავიხსენოთ - ამ პოლიტიკური ძალის დაპირება იყო, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდებოდა. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, უკან დაიხია და საარჩევნო პერიოდში ასეთ ინსტიტუციურ ცვლილებებზე არ წავიდა.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება თავის მდგომარეობას ბოროტად არ იყენებს, ანუ თავის კეთილბუნებოვნებას სუბიექტურად გამოხატავს - არ იბრძვის იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ობიექტურად გაამყაროს. ეს კი ტოვებს რისკებს მომავალი განვითარების თვალსაზრისით.
ეს არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც არაფერი კეთდება ინსტიტუციური გარანტიების შექმნის მიმართულებით და არც სოციალური დაზღვევის კუთხით იკვეთება მსგავსი პერსპექტივა.
ანუ ყველაფერი რჩება კეთილი ბიძიას იმედზე - რომ „კარგი ბიჭი ვარ“ და „ცუდად არ მოვიქცევი“. კი ბატონო, ასეა, მაგრამ ეს ყველაფერი ინსტიტუციურად თუ არ გაამაგრე და თუ არ შექმენი შესაბამისი გარანტიები, ხომ შეიძლება, ხვალ შენს ადგილზე „ცუდი ბიჭი“ მოვიდეს?!
შორს წასვლაც არ გვინდა, ავიღოთ კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი, ისინი რადიკალურად განსხვავებული ფიგურები არიან თავისი ბუნებით - კანონმდბლობაში უნდა გვქონდეს შესაბამისი გარანტიები იმისა, რომ რა ტემპერამენტის ადამიანიც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ამით ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში არაფერი იცვლებოდეს.
მთავარი პრობლემა რა არის, რატომ ვერ იქმნება დემოკრატიული განვითარების გარანტიები მიზეზი არაპროფესიონალიზმია თუ პოლიტიკური ნების არარსებობა?
- ვფიქრობ, ყველაფერი - ცოტ-ცოტა. ბოლომდე მყარი პოლიტიკური ნება არ არსებობს, არაპროფესიონალიზმიც შეიმჩნევა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის დეფიციტიც. ანუ, სისტემა იბრძვის თვითგადარჩენისთვის, სისტემა ჯერ კიდევ ჩაბუდებულია შიგნით, დღევანდელ ხელისუფლებაში და იბრძვის თვითგადარჩენისთვის, იბრძვის თამაშში დაბრუნებისთვის და ამის რამდენი გამოვლინება ვნახეთ? - კოლექტიური მურუსიძე დღეს თამაშშია, ის არსად წასულა და ის იგძნობა ყველა მიმართულებით - თითქოს მეტასტაზებივით არის მოდებული ძალაუფლებას და თავის დროს ელოდება, რევანშისთვის ემზადება...
ხშირად მოჰყავდათ არგუმენტი, რომ კოალიცია ხელოვნურად იყო შექმნილი და პრობლემები ამის გამო წარმოიქმნა. ახლა კოალიცია უკვე დაშლილია, ეს ნიშნავს, რომ მისი ელექტორატიც გადანაწილდა კოალიციის წევრებზე. მისგან განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიანი ელექტორატი ჰყავს. ანუ, არსებულის გარდა ახალ საფრთხეებზეც ხომ არ უნდა იფიქროს ხელისუფლებამ? დემოკრატიული ინსტიტუტების გასამყარებლად, სულ ცოტა, ძალაუფლების შენარჩუნებაა საჭირო...
- ბუნებრივია, ხელისუფლებამ ამაზეც უნდა იფიქროს, თუმცა მისი მთავარი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, რომელსაც ჩვენც ვთვლით, რომ ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი. მისი რესურსი ამ ელექტორატის გაზრდისა ძალიან შეზღუდულია და შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად შეუძლებელია.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ვთვლი, რომ მთავარი პრობლემა არის ხალხში, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს, რა თქმა უნდა, ნაციონალების სახით ჰყავს ცუდი ოპოზიცია, მაგრამ აგრეთვე ჰყავს ცუდი ხელისუფლება, რომლემაც არ გაუმართლა იმედები და ეს განცდა სახეზე გვაქვს.
ეს ქმნის რისკებს ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ რაღაც სისტემური ნაბიჯები გადადგას. ამის უნარი როდესაც არ გაქვს, ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს იმდენად, რომ მას გაუჭირდეს ძალაუფლების შენარჩუნება.
ვფიქრობ, რომ ძირეულად შეცვლა ვითარების არ იქნება შესაძლებელი, ნაწილობრივ შეიძლება გაუმჯობესება, მაგრამ რადიკალურად ვითარებას ვეღარ შევცვლით.
თუ ეკონომიკური მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს ეს იქნება მისი შანსი? ან მოესწრება დარჩენილ დროში რამის გაკეთება?
- შეიძლება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე პროცენტია შანსი, ეს მოახერხოს. იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ ამ ელექტორატის შემობრუნება ძალზე რთულია. როდესაც ადამიანს ერთხელ იმედი გაუცრუვდება, ნდობის დაბრუნება ხანგრძლივი პროცესია. რაც არ უნდა წარმატებული ნაბიჯები გადადგას ხელისუფლებამ, დრო ძალიან ცოტაა.
ცოტა რიტორიკულად ჟღერს, მაგრამ სად წავა ეს ელექტორატი?
- ორი ვარიანტია - ან არ წავა არჩევნებზე, ან თუ წავა, ალბათ, ხმები გადანაწილდება სხვა პარტიებზე - არც „ქართულ ოცნებაზე“ და არც „ნაციონალურ მოძრაობაზე“.
მცირე ნაწილი შეიძლება ამ ორ პარტიაშიც წავიდეს, მაგრამ ძირითად ნაწილს სხვა პარტიები წაიღებენ. ეს არ იქნება ცუდი დემოკრატიის განვითარებისთვის, რადგან მივიღებთ ვითარებას, როდესაც მულტიპარტიური პროცესი წარიმართება, რაც შემდგომში აუცილებლად წაადგება ქვეყანას.
ანუ 2020 წლისთვის კარგი სტარტი გვექნება?
- რა თქმა უნდა. ყველაფერი ბუნებრივია, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ უნდა გავიაროთ ეს გზა - უნდა ვისწავლოთ როგორ დგება პოსტსაარჩევნო კოალიციები და ა.შ. - დემოკრატიის სკოლა გასავლელია.