ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის 15% მხრას „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 13% „ნაციონალურ მოძრაობას, 38%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას“, – ასეთია IRI კვლევის შედეგების ოფიციალური მონაცემები, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. მანამდე კი, მონაცემები ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან ხდება ცნობილი. IRI-ის მონაცემებით, კითხვაზე ვის არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნება“, 25%-მა კი „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა.
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 6% მხარს „თავისუფალ დემოკრატებს“ აძელვს, „ლეიბორისტები“ 4%, „პატრიოტთა ალიანსს“ 3%, გამოკითხულთა 6% ხმას არც ერთ პარტიას არ აძლევს, 12%-მა პასუხზე უარი განაცხადა. რესპონდენტების 3%–ზე ნაკლებმა არჩევანი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“, „თავისუფალი საქართველოს“, „ახალი მემარჯვენეების“, „გირჩის“ და „საქართველოს გზის“ სასარგებლოდ გააკეთა.
რაც შეეხება პოლიტიკოსთა რეიტინგებს, IRI-ის კვლევის მიხედვით 75%–ით „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს. დავით სერგეენკო - 64%, ირაკლი ალასანია - 60%, გიორგი მარგველაშვილი - 60%, გიორგი კვირიკაშვილი - 56%, დავით ბაქრაძე - 54%. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემები საინტერესო არ არის პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილისთვის, რომლის განცხადებით, იმისათვის, რომ სერიოზული ანალიზი გაკეთდეს, ეს ციფრები არ არის სანდო.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
როგორც ირკვევა NDI–ის და IRI–ის კვლევები ერთმანეთის იდენტურია. როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული კომპანიების მხრიდან ვრცელდება ასეთი სოციოლოგიური კვლევები, საზოგადოებამ ეს უნდა მიიღოს როგორც კვლევა, თუ პოლიტიკური გზავნილი?
სოსო ცისკარიშვილი: სასურველია, ერთად გამოქვეყნდეს ორივე დოკუმენტი და ვნახავთ, ერთმანეთს უპირისპირდებიან თავიანთი შედეგებით, თუ მხარს უბამენ ერთმანეთს. როგორც წესი NDI-ის კვლევები უფრო ნაკლებად სარწმუნოა ჩვენი საზოგადოების. IRI იშვიათად არის მოხსენიებული ჩვენი საზოგადოების მიერ, რადგან მისი კვლევები არც ისე პოპულარულია.
როგორც ჩანს, პატრიოტული გრძნობიდან გამოდინარე ერთმანეთს აუბეს მხარი. ვიდრე არ გამოქვეყნდება მონაცემები და ერთმანეთის გვერდით არ დავინახავთ ციფრებს, ერთი და იმავე კითხვებზე პასუხის სახით, მანამდე, სერიოზული კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ გვექნება.
ის, რასაც არასდროს აკეთებს NDI, იქნებ მოვისმინოთ IRI-გან - შემთხვევით რომელიმე მაღალი ავტორიტეტის მქონე სოციოლოგი, ან რომელიმე ქართული კომპანია ხომ არ ჩაურთვიათ ამ კვლევაში, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში? თუ ისევ ერთი და იმავე ადამიანების „ნაშრომია“ შედეგები, რომელსაც გვაცნობენ? მაშინ, სასწრაფოდ ვაცნობოთ მათი დამფინანსებელი ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს, რომ IRI და NDI წყალში ყრის მათი ნიჭით და ოფლით დაგროვილ შედეგებს და მხოლოდ გაღიზიანებას იწვევენ ქართულ საზოგადოებაში.
ამ სახის კვლევებმა შეიძლება პოლიტიკური ვითარება შეცვალოს ქვეყანაში?
- რა შედეგებიც არ უნდა გაასაჯაროვოს IRI-მ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს თემა აქტუალური არ არის. სამწუხაროდ, არჩევნები ძალიან მცირე ნაწილისთვის არის ინტერესის სფერო. ერთია საზოგადოების ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში, მეორეა არჩევნების დღე, როდესაც ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე. ცხადია, ჟურნალისტები და ექსპერტები აქტიური უნდა იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რიგითი ამომრჩეველი, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, აბსოლუტურად ინდიფერენტულია ამ მოვლენის მიმართ.
უბრალოდ, აქტიური მოქალაქეთა გართობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს IRI-ის, NDI-ის და მათ და-ძას, რომ უფრო პოპულარულნი გახდნენ საზოგადოებაში. ნამდვილად, სხვა მნიშვნელობა მათ გამოქვეყნებულ ციფრებს არ აქვს. შეიძლება პოლიტიკოსები ჩააფიქროს ყოველივე ამან, მაგრამ როგორც კი ქვეყნდება ვინმესთვის მიუღებელი შედეგები, ის ვინმე მერე თვითონვე იწყებს კვლევას და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევს. ეს არის ქართული რეალობა.
ცხადია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი ინტერესით მოეკიდებიან ამ ციფრებს, რადგან ისინი პოლიტიკოსები არიან და მათთვის გარკვეული სტიმულია ამა თუ იმ მიმართულებით საკუთარი ცნობიერების გასავარჯიშებლად. მაგრამ, საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს, რომ პარტნიორი ამ კვლევაში იყოს საქართველოში არსებული საკმაოდ პოპულარული და სანდო სააგენტოები. ჩვენს სოციოლოგებს NDI-სგან და IRI-სგან ჭკუის სასწავლებელი არაფერი აქვთ.
ამას ითხოვს საზოგადოება, მაგრამ როგორც ჩანს, არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ დამოუკიდებელი სოციოლოგები ჩართონ კვლევაში. იაგო კაჭკაჭიშვილმა შესთავაზა NDI-ის კვლევაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ უარი მიიღო...
- ვიდრე იაგო კაჭკაჭიშვილის შიში გააჩნია NDI-ის და IRI-ის, ჩავთვალოთ, რომ ისინი ემსახურებიან სხვა მიზანს, რაც ჩვენთვის უცნობია.
რითი ხსნით იმას, რომ არც ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რომ დამოუკიდებელმა სოციოლგებმა ჩაატარონ ალტერნატიული კვლევა?
- ხელისუფლებას აქვს საკუთარი ინსტიტუტი, რომელიც ატარებს ასეთ შეფასებებს და ჩვენ მოწმენი ვართ ხოლმე, რომ როგორც კი რომელიმე ამერიკული ორგანიზაციის კვლევითი შედეგები დაიდება, უმალვე ხელისუფლების სოციოლოგები საამებელ ციფრებს წარუდგენენ ხელისუფლებას. ასე იყო NDI-ის შემდეგ, ასე იქნება IRI-ის შემდეგაც, მაგრამ დავიჯერებთ მხოლოდ იმას, რასაც პატიოსნად დაითვლიან 8 ოქტომბრის ღამეს.
NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგების მიზანი არის საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ სტაბილურად ინარჩუნებს 12%, მაგრამ აქვს შანსი ხელისუფლებაში დაბრუნების. ეს გზავნილები იკითხება ამ კვლევებში?
- ასეთი პირდაპირი მინიშნება ადვილად გასაშიფრია, მაგრამ ნაკლებად შედეგიანი. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ვეცნობით უარყოფითი ნიშნით პოპულარულ პოლიტიკოსთა სიას. ამიტომ აუცილებელია, რომ ისევ საქმეში ჩახედულმა, მაღალი პროფესიული დონის ქართველმა სოციოლოგებმა ჩაატარონ კვლევები და ამისთვის სახსრები ეძიონ ქართველი მეცენატების ჯიბეებში, რადგან ამის ინტერესი არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ და არც სახელისუფლებო თანხების მფლობელებს.
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, რადგან თამაშები რომელსაც NDI და IRI გვეთამაშება, მხოლოდ გართობის მიზნით შექმნილი მითია. ეს ციფრები არ არის სანდო იმისათვის, რომ სერიოზული ანალიზი გაკეთდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ აქ გამოქვეყნებული და სათავე ოფისებში გაგზავნილი ინფორმაცია ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.
ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული ამომრჩეველი სწორად იყოს ინფორმირებული, როგორც პროცესებზე, ასევე, მის ვალდებულებებზე და უფლებამოსილებებზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რომ შემდეგ არ იყოს ხანგრძლივი სინანული, საქმეში ჩაუხედავობის გამო მიღებული მიუღებელი შედეგისათვის. პარტიებს გართობის დრო აღარ აქვთ. უნდა ეცადონ, რომ რაც შეიძლება უკეთეს ფორმაში შეხვდნენ არჩევნებს. ჩაკირკიტება ასეთი კვლევის შედეგებში, მათ ან რაიმე ცრუ მოლოდინს გაუჩენს, ან იმდენად გაანერვიულებს, რომ უფრო უკან დასწევს მათ შედეგს.
4346
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85