“ზუგდიდში, წმინდა გიორგის სახელობის ჭითაწყარის ეკლესიის წინამძღვარს, მამა ანდრია ლიპარტიას მანქანის მიმართულებით ორმა პოლიციის თანამშრომელმა ისროლა. სროლის დროს მამა ანდრიასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი შვილიც”, _ ეს ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა ერთდროულად გაავრცელეს და იქვე დასძინეს, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ჩვენ შევეცადეთ სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაცია გადაემოწმებინა და ინციდენტის უშუალო მონაწილეებთან გაგვერკვია დეტალები.
როგორც გაირკვა, მართლაც, 11 მაისს, დაახლობით საღამოს ექვს საათზე, წირვის დასრულების შემდეგ, მამა ანდრიას მიმართულებით პოლიციის ორმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლა განახორციელა.
მიზეზი _ მამაო შეეცადა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შსს-ს თანამშრომლების დამშვიდებას, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობის ჭითაწყარის ეკლესიის მრევლს, უნარშეზღუდულ ხვიჩა ჩუხუას შეურაცხყოფას აყენებდნენ და იარაღის მუქარით სიმღერას აძალებდნენ. ამის შესახებ ინციდენტის თვითმხილველი, ტაძრის მესანთლე, ნატალია ფარჯიკია გვესაუბრა.
“ჩვენთან ხშირად დადის ხვიჩა ჩუხუა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდია. ოთხშაბათს, 11 მაისს, ხვიჩა ტაძარში სირბილით შემოვარდა. თან დახმარებას გვთხოვდა, პოლიციელები მესვრიან და დამმალეთო. თურმე, ნახევრადშიშველი შსს-ს ორი თანამშრომელი მას შეურაცხყოფას აყენებდა და აიძულებდა ემღერა, თან იარაღს შუბლზე ადებდა. ამ დროს მამა ანდრია შეეცადა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები დაემშვიდებინა. რამდენიმე წუთში კი სამჯერ გასროლის ხმა შემომესმა. როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე, მამაოს მანქანის მიმართულებით გაუსვრიათ, სადაც იმყოფებოდა მამაოს მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და მძღოლი”, _ განგვიცხადა მან.
ასევე, გვესაუბრა თვითმხილველი ქალბატონიც, რომელმაც განგვიცხადა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი, გიორგი ფონია იცნო. თვითმხილველმა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა ტაძრის ეზოში მომხდარი ინციდენტის დეტალების შესახებ დაუფარავად გვიამბო.
“პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხმყოფელ ფაქტებს არაერთხელ შევსწრებივარ. თუმცა, მამაოს მისამართით გასროლას, უკვე აღარ ვიცი, რა დავარქვა. არა მგონია, მსგავსი რამ რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს. თავდაპირველად, ნასვამი პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ ხვიჩა ჩუხუას.
ერთ-ერთი პოლიციელი გიორგი ფონია ვიცანი, რომელიც ნახევრადშიშველ მდგომარეობაში იმყოფებოდა ეკლესიის ეზოში. როცა მამაომ მათი დამშვიდება სცადა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მას საქმის გარჩევა დაუწყეს _ როგორ გვიბედავ და გვიკრძლავ აქ ყოფნას, არ იცი, რომ ჩვენ ყველგან ყოფნის უფლება გვაქვსო? მამაო კი უხსნიდა, რომ ეკლესიის ეზოში ყოფნას კი არ უშლიდა, დამშვიდებას და სახლში წაყვანას სთავაზობდა. დაახლოებით, მათი ათწუთიანი საუბრის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა სამჯერ გაისროლა. მამაოს ფეხი დაუცდა და ტყვია სასაწაულებრივად ასცდა. შემდეგ მანქანას დაუწყეს სროლა”, _ ამტკიცებს ინკოგნიტო თვითმხილველი.
იარაღით დამუქრებასა და პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტს, ხვიჩა ჩუხუაც ადასტურებს. “იარაღი შუბლზე დამადეს და მიყვიროდნენ იმღერეო, შემეშინდა და ტაძრისკენ ყვირილით გავიქეცი, თუ არ ვცდები, ორჯერ გასროლის ხმაც გავიგონე”, _ აცხადებს ეკლესიის მრევლი, უნარშეზღუდული ხვიჩა ჩუხუა.
დიდი ხნის ძიების შემდეგ ეკლესიის წინამძღვარს, მამა ანდრია ლიპარტიასაც დავუკავშირდით. მან ჩვენთან საუბრისას მსგავსი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია უარყო. “არ ვიცი, არაფერი მომხდარა, არც ვინმეს უსვრია ჩემი მანქანისთვის. ტაძრის გარეთ თუ რამე ხდებოდა, არ ვიცი. იქნებ, სჯობდეს თვითმხილველებს დაუკავშირდეთ, მე ვერაფერს გიამბობთ”, _ განგვიცხადა მამა ანდრიამ.
მართლია, მამა ანდრიამ დეტალების გამხელა არ ისურვა, მაგრამ მისმა მეუღლემ, მანონ ლიპარტიამ ინფორმაცია დაგვიდასტურა და დეტალებზეც საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.
“როგორც ვიცი, უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როცა პოლიციელებმა დამიზნებით ესროლეს მამაოს. ის მართლაც, სასწაულებრივად გადარჩა, ფეხი აუცდა და ორმოში ჩავარდა, ასე აცდა ტყვია. საინტერესოა, რომ ტაძართან ძალიან ახლოს მდებარეობს საპატრულო პოლიციის შენობა, თუმცა ვერც ერთმა თანამშრომელმა, თურმე, იარაღიდან სამჯერ გასროლის ხმა ვერ გაიგო”, _ აცხადებს იგი.
წმინდა გიორგის სახელობის ჭითაწყარის ეკლესიის ეზოში მომხდარ ინციდენტს
ადგილობრივი ოპოზიციაც გამოეხმაურა. “ქართული პარტიის” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ პოლიციელების ვინაობაც გააჟღერა. მისი მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ გიორგი ფონია და მისი თანაშემწე, ვინმე ქარჩავა. კახა მიქაიამ საქმის გამოძიების სასწრაფოდ დაწყება მოითხოვა.
კახა მიქაია: “უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც მსგავსი ვანდალური საქციელი ჩაიდინეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შსს-ში ქაოსია და ამ უწყებაში კრიმინალები მუშაობენ”.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია ამ დრომდე დუმს და ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს, როგორც აღმოჩნდა, ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, მას ვერც ადასტურებს.
გავრცელდა ხმები, რომ ინცინდენტის მონაწილე შსს-ს თანამშრომელი გიორგი ფონია და ქარჩავა სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს.