დარიალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1760 მეტრზე მდებარე სოფელ ცდოს მოსახლეობა ენერგეტიკის სამინისტროს უპირისპირდება. ადგილობრივები „დარიალი-სტეფანწმინდის“ 220-მეგავატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. როგორც ცდოს მოსახლეობა აცხადებს, გადამცემი ხაზის სოფლის ტერიტორიაზე გატარება სოფლის განვითარებას შეზღუდავს. ამიტომ პროექტის ალტენატიული ვარიანტის მიხედვით განხორიცელებას ითხოვენ.
ადგილობრივები მოითხოვენ, რომ გამგეობამ გაუუქმოს კომპანიას ნებართვა და შეისწავლონ მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ალტერნატივა, რაც სოფელს აარიდებს მის სამოსახლო ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს.
სოფელი ცდო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, ყაზბეგიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. დღესდღეობით ცდოში მუდმივად ოთხი-ხუთი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ზოგიერთები ცდოში დაბრუნებას ცდილობენ. გარემონტდა და აშენდა რამდენიმე სახლი და ხალხმა მთაში დაბრუნებაზე ფიქრი დაიწყო.
ადგილობრივი მკვიდრი ზაზა წიკლაური იმაზე წუხს, რომ ის სივრცე და ტერიტორია, სადაც ცდო უნდა განვითარდეს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო იკეტება. ამიტომ ხეობის მკვიდრნი მოითხოვენ დროებით შეჩერდეს დარიალ-სტეფანწმინდის 110 კვტ-იანი გადამცემი ხაზის (220-კვტ-იან გაბარიტებში) იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც სწორედ ცდოში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას მიეცეს სასამართლოში სამართლიანი დავის საშუალება.
ვითარება გამწვავდა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც კონტრაქტორმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ სამშენებლო ტექნიკა ალყაში მოაქცია, ამ აქციას კი ზაზა წიკლაურის დაკავება მოჰყვა. მისთვის ადმინისტრაციული სასჯელის დაწესების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლო 22 აპრილს იმსჯელებს, წიკლაური თქმით, არსებობს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანის ალტერნატიული გზა, რომელიც სოფლიდან მოშორებით მდებარეობს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი კი ამტკიცებს, რომ სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზების შემოვლითი გზით გაყვანა გაუმართლებელია და სოფლის ფერდობზე ელექტროგადამცემი ხაზის ოთხი ბოძის დადგმა მოსახლეობას არ აზიანებს. მისი თქმით, ის 4 ბოძი, რომელიც სოფელ ცდოსთან ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად უნდა გამოიყენონ, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულია და მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.
გაცილებით ხისტი პოზიცია აქვს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს ცდოელთა პროტესტს მიმართ. მისი აზრით, ზოგიერთი „ბნელი ძალა“ ცდილობს პროექტის ჩაშლას, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
„აქციების ჩასატარებელი არაფერი არ არის, იქ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო, ბნელი ძალები ცდილობენ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალონ. არ ვიცი რისთვის, და რა ბნელი ზრახვები აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს იქ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა კალაძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ადგილობრივ მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ გამგეობამ 110-კილოვოლტიანი სიმძლავრის ხაზის რეკონსტრუქციის ნებართვა, რომელიც სოფელ ცდოზე 1984 წლიდან გადის, კანონის სრული დაცვით გასცა.
რაც შეეხება ცდოს მოსახლეობის მოთხოვნას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა ალტერნატიული გზით გაიაროს, რათა ხელი არ შეუწყოს ამ პროექტმა ისედაც დაცლილი სოფლის გაუკაცრიელებას, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მართლაც არსებობს ამგვარი საშიშროება. მისი თქმით, ელექტრომაგნიტური ველის ხმაური დისკომფორტს იწვევს და ამ ტერიტორიის განვითარება, შესაძლოა, მართლაც შეფერხდეს, რადგან ადამიანები გადამცემი ხაზის სიახლოვეს არ დასახლდებიან.