გარევაჭრობა მუდმივი პროტესტის მიზეზია

გარევაჭრობა მუდმივი პროტესტის მიზეზია

დედაქალაქში და არა მარტო აქ, გარე ვაჭრობა ისევ ზენიტშია, შესაბამისად, უკმაყოფილებაც მუდმივად მზარდია. პროტესტი სხვადასხვა მხრიდან მომდინარებს. ხან მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ხან თავად გარემოვაჭრეები და ხანაც ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები. ამჯერად ე.წ. შიდამოვაჭრეების პროტესტმა იმძლავრა.

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა და შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.

საპროტესტო აქციაში, მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობდნენ და თავის კოლეგებს, ოღონდ გარე ვაჭრობის სფეროდან, დაუპირისპირდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, გარე ვაჭრობა ნებარდართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. ეს კი მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. საპატრულო პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მაღაზიების მეპატრონეებმა და ბაზრობაზე დასაქმებულმა პირებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მეტროსადგურთან გადაინცვლეს, სადაც გარემოვაჭრეები საქმიანობენ.

აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე. შიდამოვაჭრეების ეს აზრი ჩანასახშივე უარყვეს გარემოვაჭრეებმა. მათ აღნიშნეს, რომ ბაზრობაზე გადასახადი ძვირია და მათ ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ ამ საკითხის მარტივად მოგვარება ვერ მოხერხდება. ორივე მხარე საქმეში დედაქალაქის მერიის ჩართვას და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვს.

რამდენადაც წელს საარჩევნო წელია, საპროტესტო აქციების მასშტაბებიც გაზრდილია. გამონაკლისი არც ვაჭრობის სფეროა და დროგამოშვებით რომელიმე მიმართულების მცირე მეწარმეები აქციებს მიმართავენ.

რამდენიმე კვირის წინ გარემოვაჭრეებმა ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების ამტიკეცბდნენ, რომ საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრძალა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

მოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა და მისი აკრძალვის შემთხვევაში ათეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება. ჯავახეთის ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა, თუმცა გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებით იმუქრებოდნენ.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, აქ ვითარება სამომავლოდ კიდევ დაიძაბება. საქმე ისაა, რომ გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა. ამ დროს მაღაზიების მფლობელები და ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი აქციებს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათთან მერიის წარმომადგენელი არ მივა და გარემოვაჭრეების პრობლემას არ მოაგვარებს. თავის მხრივ, ვაჭრობის შეწყვეტას არ აპირებენ გარემოვაჭრეები.

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ამჟამად მერია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, რათა გარევაჭრობა უფრო ორგანიზებული გახდეს.

„ჩვენი გეგმა გულისხმობს შემდეგს, დამუშავებული გვაქვს გარევაჭრობის ახალი წესი, რომელიც გულისხმობს თბილისის გარკვეულ არეალებში ისეთი სივრცეების მოწყობას, გარკვეული სახეობის პროდუქციებზე, რომლებიც მისცემს ამ ყველაფერს უფრო ორგანიზებულ ფორმას“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, მერია მუშაობს საკითხზე, რათა გარემოვაჭრეებმა თავანთი საქმიანობა სხვა სივრცეებში გააგრძელონ, სადაც ისინი გადასახადს არ გადაიხდიან.

„ეს იქნება, რა თქმა უნდა, მათთვის ისეთი ადგილები, სადაც შეძლებენ ყოველგვარი გადასახადის გარეშე ამ ვაჭრობის შესაძლებლობების ზრდას. ეს შეიძლება არ იყოს ის ადგილები, სადაც ისინი დგანან, მაგრამ იყოს ადგილები, რომლებსაც თუნდაც ბაზრობის ხელმძღვანელობა გამოუყოფს - საკუთარ გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე მისცემს მათ ამის საშუალებას. ჩვენ ვართ აქტიური კონსულტაციების რეჟიმში, პრაქტიკულად, ბაზრობების ხელმძღვანელობების მხრიდან ამის შესაძლებლობა და მზაობა არსებობს“, - განუხადა „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ლექვინაძემ და დასძინა, რომ გარემოვაჭრეთა პრობლემა რადიკალური გზებით არ უნდა გადაიჭრას.