ლარი წლის ბოლომდე ეტაპობრივად გამყარდება

ლარი წლის ბოლომდე ეტაპობრივად გამყარდება

წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტა გამყარებისთვისაა „გადადებული“. პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ სპეციალისტები უკვე ალაპარაკდნენ კურსის 2.0-ის ნიშნულზე ქვემოთ დაფიქსირებაზე. ეროვნულ ბანკს 2-3 დღეში ერთხელ ბაზრიდან ჭარბი დოლარის ამოღება უწევს, ნახტომისებური რევალვაციის (ვალუტის კურსის მკვეთრი აწევა) თავიდან ასაცილებლად.

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კიდევ უფრო გამყარებას არ გამორიცხავს. იგი ერთმნიშვნელოვნად ვარაუდობს, რომ ტენდენცია გაგრძელდება სამომავლოდაც, თუმცა იქვე აღიშინავს, რომ ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის ვალუტის მკვეთრი გამყარება ან მკვეთრი გაუფასურებაა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურაღდება გაამახვილა იმ ღონისძიებებზეც, რომელსაც ეროვნული ბანკი სამომავლოდ გაატარებს. ეკონომიკის მინისტრი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და ლართან დაკავშირებულ კონკრეტულ ღონისძიებებზე არ უსაუბრია. ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

„ჩვენ სახელისუფლებო შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, რაც სწორი პოლიტიკაა. ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის ვალუტის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, რაც დარჩა, ველოდებით ლარის გამყარებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რაზედაც უახლოეს პერიოდში სებ-ის წარმომადგენლები თავად ისაუბრებენ. ეროვნული ბანკის სამომავლო გეგმა უკავშირდება იმას, რომ ლარზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა და უფრო საჭირო იყოს ეკონომიკისთვის.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ქადაგიძის წასვლის შემდეგ მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა ლარზე, ვალუტამ გამყარება დაიწყო.

„დღევანდელი კურსი ზუსტად ასახავს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკას. რა შეიძლება დაემართოს კურსს პოლიტიკურად ანგაჟირებული და ამა თუ იმ ძალასთან კოლაბორაციულ რეჟიმში მყოფი პირის მმართველობის რეჟიმში.

ის, რაც ლარს სჭირდა, მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკით, მისი პრეზიდენტის ფაქტორით. დღეს გაცილებით უკეთესი კურსი გვაქვს, ვიდრე გვქონდა ქადაგიძის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში“, - განუცხადა დუნდუამ სააგენტო „პირველს“.

გარდა ამ ფაქტორებისა, ლარმა დაიწყო ბუნებრივი ასახვა იმ მდგომარეობისა, რომელშიც რეგიონი და ეკონომიკაა.

„საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო საერთოდ. რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, დევალვაცია აუცილებლად მოხდებოდა. რეგიონის ყველა ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვქონდა იმ მასშტაბზე, რომელიც დაფიქსირდა ქადაგიძის პერიოდში მისი მოქმედების თუ უმოქმედობის გამო“, - აღნიშნა დუნდუამ და დასძინა, რომ წლის ბოლომდე ლარი არათუ დასტაბილურდება, არამდე კიდეც უფრო გამყარდება და არის შესაძლებლობა, რომ 2,0-ის ნიშნულსაც ჩამოცდეს.

საბანკო ექსპერტი მერაბ კაკულიაც ამბობს, რომ ტენდენცია აშკარად ლარის გამყარებისკენაა და იმავდროულად სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციებს ეთანხმება. სებ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაზრის მარეგულირებილის ქმედება - „წინ აღუდგეს ლარის გაუმართლებელ გამყარებას“ - აუცილებლია.

კაკულია აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა 90-იანი წლებისგან განსხვავებით გაცილებით მეტად არის დამოკიდებული გლობალურ ეკონომიკაზე და გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაციის სიღრმე გაცილებით დიდია, ვიდრე ლარის.

„საქმე ისაა, რომ ჩვენი ვალუტა უფრო მყარია, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები, რაც წარმოშობს მსოფლიო ვაჭრობაში ჩვენი კონკურენტუნარიანობის შესუსტების საფრთხეს. ამ პროცესით კი ისევ ლარზე ზეწოლის პროვოცირება მოხდება“, - ამბობს კაკულია და რეზერვების აღდგენის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ლარის ახალი წონასწორობის წერტილის მოძებნა და მისი ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება.