NDI-ისა და IRI-ის წყალში გადაყრილი მონაცემები

NDI-ისა და IRI-ის წყალში გადაყრილი მონაცემები

NDI-ისა და IRI-ის კვლევებმა უფრო მეტად დაგვაფიქრა იმაზე, რატომ ვერ ვახერხებთ სანდო რეპუტაციის, დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის შექმნას ჩვენსავე ქვეყანაში? რატომ არის აცდენილი დროსა და სივრცეს „კვლევითი“ მონაცემები, რომელსაც უკვე ეწოდა შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ და პოლიტიკური ინტერვენციის მცდელობა ჩვენს შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში?!

ისეთი სოციოლოგიური ფარსი, რაც 2012 წლის არჩევნების წინ დაიდო, არსად მომხდარა. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა საერთოდ გაყარა ქვეყნიდან უცხოური კვლევით ორგანიზაციები, თუმცა, საქართველო ვერ გადადგამს ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს, როგორც ეს მოხდა 1925 წელს, როცა ბოლშევიკებმა აკრძალეს სოციოლოგია, 1970 წელს კი იგი ლეონიდ ბრეჟნევმა აღადგინა. უბრალოდ, უცხოერი კვლევითი ორგანიზაციების მიმართ მაღალმა უნდობლობამ საზოგადოების ნაწილი დააფიქრა, ხომ არ ჩავანაცვლოთ უცხოურ სოციოლოგიურ კვლევითი ორგანიზაციები ადგილობრივი, კომპეტენტური და სანდო კომპანიებით. 

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, ვის დაკვეთას ასრულებს 100%-200%-300%-იანი ცდომილების მქონე NDI, რომლის დამფუძნებელიცაა აშშ-ის კონგრესი. მის უკან კი დგანან აშშ-ის პოლიტიკურ სათავეში მყოფი დემოკრატები და ისინი არ ერიდებიან კვლევის ფალსიფიკაციას ყველაზე უფრო უხეში მეთოდით. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ამისთვის გამოყენებულია სამსაფეხუროვანი სისტემა. კონკრეტულად, კვლევის დამკვეთი არის შვედეთის სამეფო, კვლევის მიმღებია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ხოლო კვლევითი სამუშაოების შემსრულებელი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული კავკასიური კვლევის ცენტრი „სი-არ-არ-სი“, რომლის დირექტორიც გახლავთ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრ თარხნიშვილის მეუღლე, ქალბატონი ზურაბიშვილი. ეს ის თარხნიშვილია, რომელიც ნაცების დროს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას სდებდა ბრალად.

ბრალდებები NDI-ის მიმართ უსაზღვროა. არასამთავრობოთა ნაწილი ამ ორგანიზაციას არა მარტო პოლიტიკური პარტიების რეიტინგების ფალსიფიცირებაში, არამედ ჩვენი ხალხის ეროვნული გრძნობებით მანიპულირებაშიც ადანაშაულებს, რომლის თანახმადაც, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება თურმე მხოლოდ 12%-ს სურს. ამიტომ ზოგიერთებისთვის ეს ნიშნავს, რომ NDI-ის უკან მდგომი ძალები ცდილობენ, რამენაირად შეგვაგუონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას.

რატომ არის პრობლემა ქვეყანაში სერიოზული დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის შექმნა და რატომ ვენდობით უცხოური ბრენდის - NDI -სა და IRI-ს სახელს ამოფარებულ ფალსიფიკატორებს?
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სოციოლოგიური კვლევა ისეთივე სერვისია, როგორც უბანში არსებული ჩვეულებრივი მაღაზია, ანუ ეს არის სამომსახურებო სივრცე და, თუკი ეროვნულმა კომპანიებმა არ მოინდომეს ამ სივრცეში თავიანთი ადგილის დაკავება, ბუნებრივია, თავისთავად ბაზარზე მოთამაშე ვერ გაჩნდება.

არჩილ გამზარდიას თქმით, რეალურად, საქართველოში არსებობს სოციოლოგიური კვლევის ცენტრები, თუნდაც იგივე „გორბი“, ასევე, ზურაბ ბიგვავაც ატარებს კვლევით სამუშაოებს, მაგრამ მათ ისეთ რეზონანსს არ აყოლებს ქართული მედია, როგორც NDI -სა და IRI-ს.

„თავიანთ ქვეყნებში კი, NDI -სა და IRI-ს ასეთი ყურადღება არ ექცევა. საზღვარგარეთ სოციოლოგიური კვლევის სამსახურის მონაცემები სახელმწიფოებრივი მოვლენა სულაც არ არის. ჩვენთან მათ ზედმეტად დიდი ფასი ადევთ და, ლამის, მათ მონაცემებზე დაყრდნობით წყდება ქვეყანაში პროცესები. ზოგადად, დამოუკიდებელი კომპანიაც შეიძლება იყოს მიკერძოებული. მთავარია ის, რომ NDI აქ კვლევას უკვეთავს სხვა კომპანიას, ეს მისი ნამუშევარი არ არის. თუ რატომ არიან შეზღუდულნი არჩევანში და მარტო გოჩა ცქიტიშვილის კომპანიაზე დაყრდნობით რატომ მანიპულირებენ, ეს უკვე ამ უცხოური ორგანიზაციების უფლებაა. უღირთ სახელის გატეხვა? ესეც მათი არჩევანია. მეორე მხრივ, გოჩა ცქიტიშვილი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში კვლევითი ცენტრი გახსნა და წლების განმავლობაში ამ განხრით მუშაობდა. სად და როგორ გადაიკვეთა წინა ხელისუფლების დროს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, ეს თავისთავად საინტერესოა, რადგან იმავე სატელევიზიო რეიტინგებს სწორედ გოჩა ცქიტიშვილის კომპანია ახორციელებს „ფიფლმეტრების“ სახით. ამიტომ, პრაქტიკულად, ეს შეიძლება იყოს ინსტრუმენტი წინა ხელისუფლებისთვის, რომლის შექმნაშიც პირდაპირ ან ირიბად თავად მიიღეს მონაწილეობა და დღესაც იყენებენ.

საერთოდ, გარკვეული სტანდარტები არსებობს, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო კომპანიები ეძებენ პარტნიორებს. მათ ადგილას, პარტნიორის შეცვლაზე დავფიქრდებოდი, რადგან საქართველოში, გარდა ერთი კონკრეტული პარტიის და მისი აქტივისტებისა, არავინ იზიარებს ამ მონაცემებს და წყალში გადაყრილიც კია ეს მონაცემები. არადა, ხომ შეიძლება, დროდადრო სხვებიც ჩართონ ამ საქმეში, აუცილებელი ხომ არ არის მუდმივად ერთი და იგივე ქართული ორგანიზაციები ატარებდნენ კვლევებს NDI -სა და IRI-ს დაკვეთით?!“, - აცხადებს არჩილ გამზარდია, რომლის აზრითაც, ქართული ბაზარი უნდა გაჯერდეს უამრავი სოციოლოგიური კვლევით და, რაც მეტი არჩევანი ექნება საზოგადოებას, მით მარტივად გადაწყვეტს, ვის უფრო ენდოს. ამის ხელოვნურად შექმნა კი შეუძლებელია.

უფრო მეტიც, საქართველოში რომც გამოჩნდნენ სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციები, იმის შანსი, რომ საზოგადოებამ ისინი მიიღოს, ძალზე დაბალია, რადგან ქართული ორგანიზაციები ვიღაცის თვალში კითხვის ნიშნებს გამოიწვევენ.

„პირადად მე ყურადღებით ვადევნებ თვალს ზურაბ ბიგვავას მიერ ჩატარებულ კვლევებს, რადგან ის სპეციალისტია, საინტერესო მაჩვენებლებს დებს და ნაკლებად ვხედავ მიკერძოებულობის მახასიათებელს. თუმცა მედია ამის მიმართ გულგრილია. არადა, 2003 წლის რევოლუცია, პრაქტიკულად, ასეთი გამოკითხვის შედეგებს მოჰყვა. როგორც წესი, არ ხდება ისე, რომ ადამიანები ქუჩაში სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად გადიოდნენ, მაგრამ ჩვენთან ასე მოხდა. ამიტომ ასეთი საეჭვო სოციოლოგიური კვლევების ფუნქცია და ზეგავლენა მნიშვნელოვნად უნდა შესუსტდეს“.

თუ რატომ არის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევითი ცენტრების შედეგების გაზიარება და რატომ ვენდობით უცხოურ სახელს ამოფარებულ კომპანიებს, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვალერიან გორგილაძე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში პრობლემაა ის, რომ კვლევას უკვეთენ მათ, ვისაც ჩვენ არ ვენდობით და IRI-ც და NDI-ც იყენებენ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან აფილირებულ კავშირებს.

ვალერიან გორგილაძის განმარტებით, სოციოლოგები ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და სხვადასხვა მსხვილი მედიაკორპორაციების სურვილი, შეიქმნას ე.წ. კონსორციუმი, დროებითი გაერთიანება, რომელიც შეთანხმდება იმაზე, რომელი სანდო სოციოლოგიური კომპანია (ან კომპანიები) გაართმევს თავს ყველაზე უკეთ მედიის რეიტინგების, გაზეთების, ჟურნალების, რადიოგადაცემების სანდოობის, სიმპათია-ანტიპათიის დადგენას, ასევე, პოლიტიკური პარტიების რეიტინგების გაზომვას. ასეთ რჩეულ კომპანიას წელიწადში ოთხჯერ მისცემენ დაკვეთას, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება, და ეს კვლევები გაშუქდება ტელევიზიებით.

„სოციოლოგები საკუთარი თანხებით ვერ ჩაატარებენ ამ უზარმაზარ სამუშაოს, რომელიც საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. რაც შეეხება უშუალოდ NDI -სა და IRI-ს, სხვაგან სად ატარებენ ეს ორგანიზაციები კვლევებს, გარდა ჩამორჩენილი ქვეყნებისა, როგორებიც გვხვდება აზიაში, აფრიკაში, მაგალითად, ავღანეთში? არ ვიცი, ჩამოთვლილ ქვეყნებში რამდენად ზუსტ მონაცემებს დებენ, მაგრამ არც NDI და IRI არ არის კვლევითი ორგანიზაცია. უბრალოდ, ისინი არიან შესაბამისი პარტიების მიერ შექმნილი ინსტიტუტები, რომლებიც „დემოკრატიის განვითარებას“ ასეთი ხერხებით ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში. NDI უკან „დემოკრატები“ დგანან, IRI-ს უკან კი -რესპუბლიკელები, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკული რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციით. იმ მანკიერ ტრადიციას ვგულისხმობ, რომელიც უკვე წლობითაა ჩამოყალიბებული ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებსა და NDI -სა და IRI-ს შორის. ეს გახლავთ ამ ოფისების უცნაური დესტრუქციული საქმიანობა სოციოლოგიის ველზე, თორემ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ეს ორგანიზაციები ეხმარებიან და სემინარებსა თუ თრეინინგებს უტარებენ ცალკეულ პარტიებს, რაც სხვათა შორის, მათ მაინც არ შველის. ამიტომ სწორედ მედიამ უნდა აირჩიოს 4-5 შესაბამისი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მქონე სოციოლოგიური კომპანია საქართველოში. მედიას თავისუფლად შეუძლია კარგი რეპუტაციის სოციოლოგიური კომპანიების ცნობადობა გაზარდოს ერთი წლის განმავლობაში, თუკი კვარტალში ერთხელ ამ კვლევებს რეგულარულად გააშუქებს“,-აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

ამასთან, დასძენს, რომ პარალელურად, მედიაკორპორაციები კვალიფიციური სოციოლოგებისგანაც მიიღებენ განმარტებებს და არა - იმ აბსურდს, რასაც ამ „კვლევების“ იმპლემენტატორები აწვდიან ხალხს თავიანთ ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე. ცალსახაა, სოციოლოგიური კვლევის შედეგით კმაყოფილი ყველა ვერ იქნება, რადგან რეიტინგების გაზომვისას ვიღაც პირველ ადგილს დაიკავებს, ვიღაც - ბოლო ადგილს, მაგრამ ამ მედიაკონსორციუმის მიმართ ნდობის ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრეც NDI -სა და IRI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიმართ. უფრო მეტიც, ვაკა გორგილაძე თვლის, რომ სხვა კომპანიების მხრიდან გაცილებით განსხვავებული შედეგები დაიდება, რადგან NDI -სა და IRI-ს შედეგები არ შეესაბამება სინამდვილეს და არც პირადად მის, არც ზურაბ ბიგვავას და არც სხვა კვლევითი კომპანიების ან საუნივერსიტეტო ცენტრების მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ემთხვევა.

როგორც წესი, სოციოლოგიურ კვლევაში ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასვამ შეკითხვას. მაგალითად, თუკი იკითხავ, რა არის თქვენი ეროვნული ამოცანა- ტერიტორიული მთლიანობა თუ პენსიის გაზრდა, პასუხი პირველი იქნება, ხოლო, თუკი რესპონდენტს ეკითხები, მოცემულ ეტაპზე რომელი პრობლემა გაწუხებს ყველაზე მეტად, ეს მანიპულაციის შესანიშნავი წყაროა და მძიმე სოციალურმა ფონმა შეიძლება შეანელოს ეროვნული საკითხების მიმართ ინტერესი. ამიტომ ვალერიან გორგილაძის აზრით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსწორება ქვეყნის პრიორიტეტად უნდა იქცეს, რათა მოსახლეობას არ დაავიწყდეს პირველი რიგის ამოცანა- ქვეყნის გამთლიანება. ამ თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობის ქეთილდღეობაზე ზრუნვა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაცაა.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში ევროსაბჭოში, ამასთან დაკავშირებით, ძალზედ ზუსტად აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდება მანამდე სანამ იქნება გაჭირვებაში.