„გზავნილი, რომელიც კონგრესმენმა გააჟღერა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის“

„გზავნილი, რომელიც კონგრესმენმა გააჟღერა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის“

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე რომ ასეთი ისტორიები არ იწერება, ამაზე არავინ დავობს. ძნელად წარმოსადგენია ამერიკელი კონგრესმენის ინტერესი ყოფილიყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გავლენა. ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ რასელი აშშ-სა და დასავლურ ბანკებს იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო, ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური პროცესი. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე საქართველო გადაწყვეტს, რჩება თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, თუ მოიქცევა კორუფციის, რუსი ოლიგარქისა და რუსეთის დომინირების ქვეშ.

კონგრესმენის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო რეფორმების გზას დაადგა და ქართველი ხალხის თვითგამორკვევის სურვილი აშშ-მ და საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ დააფასეს. თავის გამოსვლაში რესპუბლიკელი კონგრესმენი აღწერს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიღწევებსაც.

„საქართველომ, დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვისთვის მაღალი საფასური გადაიხადა, რადგან რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით.

ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე და მოსკოვის ნდობით აღჭურვილი პირა. ივანიშვილი შეეცდება, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით. მოვუწოდებ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, კარგად დააკვირდეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს“, - აცხადებს სტივ რასელი.

ამასთან, კონგრესმენი გამოდის კიდევ ერთი მოწოდებით და მიმართავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო.

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ კონგრესმენის განცხადება მისი კერძო მოსაზრებაა და არა მთლიანად აშშ-ის. კვაჭანტირაძე რასელის განცხადებას მიზანმიმართულს უწოდებს და სოციალურ ქსელში რასელისა და შალვა ნათელაშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რასელი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლობისტურმა კომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს, რამაც განაპირობა მისი მხრიდან ამ სრულიად არარეალური, აბსურდული განცხადებების გაკეთება. ამ განცხადებაში პირდაპირი ტექსტით არის გადატანილი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოგონილი ბრალდებები და მათი გაჟღერება.

ფოტო ფაქტიც აქვეა. აქ მთავარი მაინც ისაა, რომ რასელის ეს აბსურდული კომენტარი მიზანმიმართულად პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ იყო დაგეგმილი, რადგან ოპონენტებმა ზუსტად იციან, კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში იქნება წარმატებული და მსგავსი უსუსური გამოხდომებით სურთ როგორმე მცირედით მაინც დააკნინონ ის პოზიტიური მოლოდინები, რაც პრემიერის აშშ-ში ვიზიტის მიმართ არსებობს“, - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი კი აცხადებს, რომ კონგრესმენი, რომელმაც განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა. რატიანის თქმით, დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი.

„ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან და ამ შემთხვევაში ამერიკიდან უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე, არის რუსული პროექტი. პუტინის პროექტი და ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს იყო გაფრთხილება და მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი გავაუვნებელყოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის სტივ რასელის ბიოგრაფიულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იგი ნატოს ეგიდით, სხვადასხვა დროს მონაწილეობას ღებულობდა სამხედრო ოპერაციებში.

პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ პიარკონსულტანტები ეძებენ ისეთ პერსონას, რომლის ბიოგრაფიაც მისსავე განცხადებას შეესაბამება და გზავნილი, რომელიც კონგრესმენმა გააჟღერა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.

„ბუნებრივია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია გამოცდილი ლობისტები და კონგრესმენები შესაბამისი ბიოგრაფიით, როგორც ეს ბატონია. ადვილად შეგვიძლია მივხვდეთ, რამ განაპირობა ამ კონგრესმენის დაინტერესება საქართველოს შიდა საქმეებით. კონგრესმენთა 80%-მა არც კი იცის სად მდებარეობს საქართველო და შეიძლება ჯორჯიაც თავის შტატში ერეოდეს. ამდენად, შემთხვევით არ ხდება, როდესაც ვინმე კონგრესმენი ინტერესდება საქართველოს შიდა საქმეებით.

როგორც ჩანს, ლობისტები კარგად აკეთებენ თავის საქმეს, რადგან ამ განცხადების გავრცელება ხდება „რუსთავი 2“-ით, შემდეგ კომენტარს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხელისუფლებაც იძულებულია გააკეთოს კომენტარი. იქით კარასინი გამოხატავს ინტერესს, აქ NDI-ი და IRI-ი „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ცენტრების მეშვეობით ცდილობს რაღაც მანიპულაციას. ახლა ეს კონგრესმენი გამოჩნდა, მანამდე იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, კიდევ გამოჩნდებიან... იგივე სერიაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.

მისივე განცხადებით, კონგრესმენის განცხადების საპირისპიროდ, მმართველმა კოალიციამ უნდა შეძლოს მასთან დაახლოებული კონგრესმენის დახმარებით გააჟღეროს, რომ უდრეკელი და პრინციპულია ამ ხელისუფლების სვლა ევროპისაკენ, ამის დამადასტურებელი არის ვიზა-ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება.

„ეს არის ტექნოლოგიის პრობლემა და არა რაიმე ტენდენცია გლობალური სამყაროს მხრიდან, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს გეპოლიტიკურ არჩევანს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო გამოცდილია, მაგრამ ოთხი წელი გავიდა და რით ვერ ისწავლეს, რომ საჭიროა მუშაობა ლობისტებთან და მედიასთან, რომ სხვადასხვა ფორუმებზე მოხდეს ხელისუფლების გზავნილების გატანა?! ეს უნდა გააკეთონ, მით უმეტეს როდესაც ხედავენ, რომ ოპონენტი სერიოზულად ერკვევა ამ ტექნოლოგიებში და იყენებს“, - ამბობს ვალერიან გორგილაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ყოფილი პრემიერის ინტერესში უნდა იყოს კონგრესმენის სამართლებრივი გზით მხილება, რომ მსგავსი ცილისწამების გავრცელება არ მოხდეს უფრო ფართო სივრცეში.

„ვერაფერი სასიამვონო ვერ მოვისმინე ამ კონგრესმების განცხადებაში. თუ ამდენი ინფორმაცია ჰქონდა, აქამდე რატომ დუმდა? დაასახელოს წყარო, რომელსაც ეყრდნობა და ჩვენც გაგვიადვილდება, რომ უფრო მკაფიოდ გავაანალიზოთ ეს თემა. საინტერესოა, რომელ პიარ-სააგენტოსთან აქვს ხელშეკრულება ამ კონგრესმენს. იმედნად მოულოდნელია აღნიშნული თემის ასეთ დონეზე წამოწევა, რომ ძნელად წარმოსადგენია ამ კონგრესმენის ინტერესი ყოფილიყო ამ თემაში ჩაღრმავება.

ჩვენ გვჭირდება არგუმენტები და მისი დაინტერესების მიზეზები. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ტყუილია, ჩვენთვის უცხო არ არის ფაქტი, რომ ბატონი ივანიშვილი განაგებს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, მაგრამ მოთხოვნა მის ფინანსების დაყადაღებასთან დაკავშირებით, არა მგონია, რომ ამ კონგრესმენის ინტერესში შედიოდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

„ნაცნობი ჟღერადაობაა“, - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უყვარს „ჩემი შენ გითხარი“-ს პრინციპით მოქმედება და ამ შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა.

„ნაციონალების ამერიკელი თუ ევროპელი მეგობრები ძალიან ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც სხვა ქვეყნის შიდა საქმეშე ჩარევას გულისხმობს - იმდენად ხშირად, რომ უკვე გასაკვირიც არ არის ამ ტიპის უტაქტობა. თუ ოდესმე სჭირდებოდა ხალხის მოსყიდვა ივანიშვილს, ეს იყო 2012 წელი, მაგრამ ისე ჩაიარა არჩევნება, რომ ანალოგიური თემა არ წამოჭრილა. ნაციონალებსაც კი არ დაუწყიათ საუბარი, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. ღიმილის მომგვრელია დღეს ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული პრესინგი ქართულ პოლიტიკურ პროცესზე, ისევე, როგორც მოსალოდნელი იყო, რომ ამ პრესინგის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ფინანსური კომპონენტზე ზეწოლით შედეგის მიღწევა, კარგად აპრობირებული მეთოდია.

„ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება საარჩევნოდ ასეთი მეთოდების გამოყენებას. ამ ვითრებაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ არ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე. ხშირ შემთხვევაში, ერთგული მსახური რაღაცა მომენტიდან უფრო სახიფათო ხდება, ვიდრე მტერი. ესეც რეალობაა და ვერ ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ აპროტესტებდეს ასეთ ფაქტებს. „ქართულ ოცნებაში“ უკვე არიან ჯგუფები, რომლებიც თავისი პოლიტიკური მომავლის გამოყენებისთვის უარს არ იტყვიან ბიძინა ივანიშვილის დაზიანებაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.