„ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პირობა მიღებულია“

„ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პირობა მიღებულია“

„ახლა აუცილებელია კონსენსუსის აშენება MAP-ის გარშემო, რადგან გაწევრიანების ვადა დიდწილად დამოკიდებულია საქართველოს ქმედებებზე, შიდა რეფორმებზე, კომუნიკაციის სტრატეგიაზე და დიპლომატიურ ძალისხმევაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე.

„MAP არის წარსული, ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ ვითხოვთ პირდაპირ გაწევრიანებას“, - ასეთია თავდაცვის მინისტრის განცხადება. ნატოს ისტორიაში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც MAP-ის გარეშე შევიდა ნატოში. საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გამონაკლისი იქნას დაშვებული?

დავით სიხარულიძე: მოდით, ტექნიკურ დეტალებზე კონცენტრირებას ჯობია, რომ პირდაპირ პრინციპებზე ვისაუბროთ. გეთანხმებით, რომ 1999 წლის შემდეგ, რაც მიიღეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მას შემდეგ არის ეს მექანიზმი და სამართლებრივად არ არის მხოლოდ ერთი მექანიზმი. ანუ, ჩაწერილი არ არის, რომ MAP-ის გარეშე წევრობა არ დგება, მაგრამ ეს არის წევრობისთვის მოსამზადებელი გეგმა. MAP-საც და გაწევრიანებასაც სჭირდება 28 ქვეყნის კონსენსუსი, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ამაზეა ფოკუსირება გასაკეთებელი. უნდა არსებობდეს სამთავრობო სტრატეგია, რომ გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით კონსენსუსს მივაღწიოთ 28 ქვეყანას შორის.

ანუ, საკმარისი ძალისხმევა არ არის კონსენსუსის მისაღწევად?

- ვფიქრობ, რომ მთავრობის ძალისხმევა აბსოლუტურად არასაკმარისია. უფრო მეტიც, არ არსებობს ერთიანი სტრუქტურირებული სტრატეგია იმისათვის, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიაღწიოს წინსვლას. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარემო, მაგრამ თუ გადავხედავთ ნატოს გაფართოების ისტორიას, უდიდესი და წამყვანი როლი აქვს იმას, თუ როგორ ახერხებს ქვეყანა საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დამტკიცებას, უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებასა და საკუთარი კომუნიკაციის სტრატეგიის აგებას.

მაგალითად, როდესაც წყდებოდა ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების საკითხი, პოლიტიკურ წრეებში უზარმაზარი სკეპტიციზმი იყო, მაგრამ ბალტიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სკეპტიკოსებისთვის წაერთმია არგუმენტები და მომხრეებისთვის მიეცა დამატებითი არგუმენტები თავიანთი შიდა რეფორმებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის თანმიმდევრული, სტრუქტურირებული და სტრატეგიული ხედვა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ასეთი ძალისხმევა არ არის.

წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ალბათ, არის პოლიტიკური ნაწილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვადები და ეს კითხვა არსებობს საზოგადოებაში, როდის მოხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება...

- ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პირობა გვაქვს მიღებული ბუქარესტის სამიტის შემდეგ. აბრევიატურებზე და მექანიზმებზე უფრო მნიშვნელოვანი მოქმედება არის - მოვახდინოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ ერთიანი პოზიციის კონსოლიდირებას ალიანსის შიგნით საქართველოსთან მიმართებაში. თუ კონსენსუსი იქნა მიღწეული, ტექნიკურად როგორ მოხდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, იქნება ეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმით თუ სხვა მექანიზმებით, ეს შემდგომი საკითხია.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვადები, როდის იქნება საქართველოს ნატო-ში წევრობა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ პოზიციის კონსოლიდირებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მთლიანად ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ფეხის ათრევა აბსოლუტურად მიუღებელია. სრული ფრონტით უნდა იყოს გაშლილი დიპლომატიური ძალისხმევა, თუმცა ასეთი ტიპის ძალისხმევას ვერ ვხედავ.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ როგორც წინა, ასევე, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც MAP პოლიტიზირებულ საკითხად იქცა. საკითხის პოლიტიზირება შესაძლებელია იყოს მიზეზი იმისა, რომ ნატო- წევრ 28 ქვეყანას უჭირს კონსენსუსის მიღწევა საქართველოსთან მიმართებაში?

- მე გეთანხმებით, რომ MAP, რომელიც ტექნიკური მექანიზმია წევრობისთვის მოსამზადებლად, მისი ზედმეტად პოლიტიზირება მოხდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილებები არ მიიღება ნატოში. გადაწყვეტილებები მიიღება დედაქალაქებში. როგორც გითხარით, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პირობა მიღებული გვაქვს. მე ვამბობ, რომ ახლა აუცილებელია კონსენსუსის აშენება MAP-ის გარშემო, რადგან გაწევრიანების ვადა დიდწილად დამოკიდებულია საქართველოს ქმედებებზე, შიდა რეფორმებზე, კომუნიკაციის სტრატეგიაზე და დიპლომატიურ ძალისხმევაზე. რაც უფრო სერიოზული და სტრუქტურირებული იქნება ეს ძალისხმევა, მით უკეთესი. უნდა იყოს ერთიანი სამთავრობო სრატეგია და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ერთი, ან ორი უწყების ქმედებებს, ან ძალისხმევას. უნდა იყოს ერთიანი სრატეგია, რადგან ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური პროცესია.

აშკარაა, რომ სახელმწიფოში არ არის ერთიანი პოზიცია. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ MAP წარსულია, მაგრამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წევრობისთვის ჩვენ გვჭირდება MAP.

- ამ დებატიდან გამოსავალი არის არა ფოკუსირება კონკრეტულ ტექნიკურ დეტალებზე, არამედ ფოკუსირება ძალისხმევაზე. თუკი ნატოს წევრ სახელმწიფოებში არ იარსებებს კონსენსუსი საქართველოს გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ტექნიკურად როგორ მოხდება საქართველოს გაწევრიანება, ეს აღარ ხდება გადამწყვეტი. ჯერჯერობით არ არსეობს პრეცენდენტი, რომ MAP-ის გარეშე ქვეყანა მიეღოთ ნატოში.

თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლებლად მიიჩნეს MAP-ის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და, რომ მაისში თურქეთი დააყენებს ამ საკითხს, მაგრამ გარანტიას ვერ იძლევა...

- თურქეთი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ნატოში გაწევრიანების. თურქეთის სტრატეგიული ხედვაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რეგიონული უსაფთხოება და სტაბილურობა გაცილებით უფრო განმტკიცდება, რაც ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბატონო დავით, ახლოვდება ვარშავის სამიტი და მოლოდინებიც დიდია. მინისტრი ამბობს, რომ ის მოითხოვს წევრობას. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- არასწორია და შეცდომაა, როდესაც ვინმეს მიაჩნია, რომ ჩვენ რას ვიზამთ, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ამ პროცესში ყველაზე სახიფათო არის ნიჰილიზმის განწყობა. მოლოდინებთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, რომ საკითხი არ დგას ასე - წევრობა, ან არაფერი, მათ შორის დიდი სივრცეა.

ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით მივიღოთ წინსვლა და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ნატოს და პირველ რიგში - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასთან დაკავშირებით სწორედ, ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას. ვფიქრობ, არსებობს სხვა მექანიზმები იმისათვის, რომ მაქსიმუმი მივიღოთ ვარშავის სამიტზე.

ცნობილია, რომ ვარშავის სამიტზე რუმინეთი გამოდის ინიციატივით, რომ შავ ზღვაზე შეიქმნას ნატოს ქვეყნების მუდმივი ფლოტი, რომელშიც საქართველო და უკრაინა იქნება მიწვეული. როგორი იქნება წევრი ქვეყნების პოზიცია, ამაზე რთულია წინასწარ საუბარი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება?

- ძალიან მნიშვნელოვანი და რეალისტური ინიციატივაა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. ასეთი ტიპის ინიციატივები არის ის, როდესაც ვამბობ, რომ MAP-სა და არაფერს შორის არის დიდი სივრცე. ასეთი ტიპის ინიციატივებს ხშირ შემთხვევაში მოჰყვება პრაქტიკული მდგენელები, ისეთი როგორც არის, მაგალითად, შავ ზღვაზე უსაფრთხოების ზომების განმტკიცება, თანამშრომლობის გაღრმავება ზოგადად იმ სფეროებში, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ვარშავის სამიტზე 28 ქვეყანა მიაღწევს კონსენსუსს ტექნიკურად როგორ მოხდეს საქართველოს საკითხის გადაწყვეტა?

- ვერ ვხედავ ასეთი ტიპის სტრატეგიას. მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული დარჩენილი დრო. კიდევ ვიმეორებ, წევრობასა და არაფერს შორის დიდი სივრცეა, რაც უფრო მეტი იქნება დიპლომატიური აქტივობა, მით უფრო მეტს მივიღებთ. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ბევრი ოპონენტი ჰყავდა ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ არც ერთი არგუმენტი აღარ დაუტოვეს სკეპტიკოსებს იმისათვის, რომ მათ შეძლებოდათ შეეჩერებინათ ნატოში ბალტიის ქვეყნების გაწევრიანება.