აფხაზები თვლიან, რომ საქართველოც და რუსეთიც მათ წინაშე ვალდებულნი არიან

აფხაზები თვლიან, რომ საქართველოც და რუსეთიც მათ წინაშე ვალდებულნი არიან

რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ, სამხრეთ ოსეთის საზღვარის ხელშეკრლების რატიფიცირების შემდეგ, რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ენგურზე გამშვები პუნქტი „თალგანი“ დაშალეს. რა იგეგემება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, რატომ ითხოვენ აფხაზები რაულ ხაჯინბას გადადგომას, ვინ მართავს სოხუმში, ტყვარჩელსა და გაგრაში საპროტეტო აქციებს, როგორ ცდილობს რუსეთი აფხაზეთის ეკონომიკის აყვავებას და როდის გამოიყენებს კრემლი თიბილოვის რეფერენდუმს?

For.ge ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა

მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამხრეთ ოსეთთან საზღვრის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რუსმა და აფხაზურმა სამხედრო ძალებმა საქართველო- აფხაზეთის გამშვები პუნქტის თალგანის დემონტაჟი მოახდინეს და სამხედრო შტაბის მშენებლობა დაიწყეს. რუსეთის დუმის მიერ, ხომ არ უნდა ველოდოთ ამჯერად, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის შეთანხმების რატიფიცრებასაც?

მამუკა არეშიძე: რაულ ხანჯიბას წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირება გახლდათ სწორედ ის, რომ ენგურზე მხოლოდ ერთი გადასასვლელი დარჩებოდა. როგორც ჩანს, ეს რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაც გახლდათ, რადგან გადასასვლელების სიმრავლე კონტროლის ნაკლებ საშუალებას იძლევა. რუსეთის ძირითადი მიზანია, გალის რაიონის მოსახლოებისთვის ფეხით გადაადგილების საშუალების შეზღუდვა, რადგან ავტობუსი სოფლებში სამ დღეში ერთხელ ჩადის. გალის რაიონში დექართველიზაციის პროცესები მიდის - სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ მოსახლოებისთან ურთიერთობის შეზღუდვა.

აფხაზურ პრესაში იწერება სტატიები იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლოების დიდი ნაწილი, სინამდვილეში გაქართველებული აფხაზები არიან. ასახელებენ გვარებსაც, მაგ. - ეზუგბაია, ქეცბაია. ამ გვარის ფუძეები, მათი აზრით, აფხაზური წარმოშობისაა. აფხაზები დექართველიზაციის პროცესების დაჩქარებას ცდილობენ.

აფხაზეთის მოსახლოება რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით გამოდის და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს. ვის აღარ აწყობს რაულ ხაჯინბას კანდიდატურა დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე და ამჯერად ვინ მართავს, ბოლო წლებში გააქტიურებულ აფხაზურ ოპოზიციას?

- ოპოზიციის გაკვეული ნაწილი, რეფერენდუმის გზით, რაულ ხაჯინბას გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვს. მიზეზი ერთია - ხაჯინბამ წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა. გაიხსენეთ, რამდენიმე წლის წინ აფხაზური ოპოზიცია რაულ ხაჯინბას მეთაურებით, რატომ მოითხოვდა მაშინდელი პრეზიდენტის, ანქვაბის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს? ისინი ანქვაბისგან მოითხოვდნენ დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას მიეღო კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვას აკრძალავდა. რამდენიმე დღის წინ, დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ, პარლამენტიდან კანონი გამოიწვია, ვითომ დამუშავების და მასში ცვლილებების შეტანის მიზნით. სინამდვილეში ხაჯინბას ამ კანონის მიღების შეეშინდა. ნახეთ, როგორ მოუტრიალდა მოვლენები? აფხაზები დღეს უკვე მისგან ითხოვენ იმ კანონის მიღებას, რის გამოც, ხაჯინბა, ანქვაბის გადადგომას, წლების წინ მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ დღეს აფხაზური ოპოზიცია ვიღაცისგან მართული იყოს, მიმდინარე მოვლენები, ვფიქრობ, შიდა პროცესების შედეგია.

სახალხო კრება, სოხუმსა და სხვა ქალაქებში პერმანენტულად მიმდინარე აქციების მონაწილეები, საზოგადოების დიდი ნაწილი მიწის გაყიდვის აკრძალვის კანონის მიღებას ითხოვს. როგორ შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის მიღება, როცა აფხაზეთი რუსეთზე დამოკიდებული ქვეყანაა, მისი ეკონომიკის განვითარებისთვის კი ინვესტიციების ჩადება აუცილებელია? რუსი ბიზნესმენების გარდა, ვინ შეძლებს ტურისტული ბიზნესის განვითარებას აფხაზეთში?

- აფხაზებს ძალიან საინტერესო ანდაზები და გამოთქმები გააჩნიათ. რომ ჰკითხოთ, რუსეთი ვინ არის? გიპასუხებენ, - არის ძროხა. ადრე აფხაზები ამბობდნენ, ჯობია დიდ ზღვაში დაიხრჩო, ვიდრე პატარა წუმპეშიო. პატარა წუმპეში ისინი საქართველოს გულისხმობდნენ, დიდ ზღვაში - რუსეთს. ახლა ამბობენ, სჯობს მგელმა შეგჭამოს, ვიდრე ღორმაო. ამჯერად მგელი უკვე საქართველოა, ღორი კი რუსეთი.

აფხაზები თვლიან, რომ მათ წინაშე ყველა ვალდებულია. რუსეთი ვალდებულია იმიტომ, რომ აფხაზეთი არის რუსული ფორტპოსტი სამხრეთ კავკასიაში და რუსეთმა უნდა შეინახოს. ქართველებმა ომის დროს მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, უფასოდ უნდა უმკურნალონ. ეს განწყობა ხალხშია გავრცელებული და ამ მოტივაციას რუსეთი წლების განმავლობაში ახდენდა და შედეგიც მიიღო.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღეს აფხაზეთს არსებობის საშუალებას აძლევს - პენსია სამჯერ გაიზარდა, აფხაზებს მაინც არ სურთ იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც რუსეთი მათგან მოითხოვს. სწორედ ამ ვალდებულებულებებიდან ერთ-ერთია რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების თავისუფლად მიყიდვის შესაძლებლებლობა იმის მიუხედავად, რომ ისინი მილიონამდე ტურისტის ჩასვლას ელოდებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეები თურქეთის კურორტებზე დასვენებას ვეღარ შეძლებენ.

თიბილოვის სურვილზე პუტინის უარის შემდეგ, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას არ განიხილავს, ექსპერტთა აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ რუსეთმა უარი განაცხადა იმიტომ, რომ დღეს ეს მას არ აწყობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს საკითხი მხოლოდ დროებით გადადო და მოვლენებს არ აჩქარებს. თქვენ როგორ შეაფასებთ კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას?

- თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარების სურვილს დამოუკიდებლად ვერ გამოთქვამდა. ჩავთვალოთ, რომ სულ მცირე, სურკოვთან მაინც იყო შეთანხმებული. მოსკოვისთვის ყირიმის მოვლენების შემდეგ, დღეს არაკომფორტულია იმის გამოჩენა, რომ ის კიდევ რაღაც ტერიტორიის მითვისებას ცდილობს. ამიტომ განაცხადა პუტინმა ეს პირდაპირ ღია ეთერში, მაგრამ რუსეთს ეს რეფერენდუმები მომავლისთვის სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ხისტად მოიქცევა და დასავლეთისკენ გადაიხრება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ჯარების განლაგების პროცესი დაიწყება, თუ ჰააგის სასამართლოს პროცესი ისე არ განვითარდება, როგორც მათ სურთ... უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ რუსეთს ეს რეფერენდუმები სამომავლოდ დასჭირდეს, დღეს კი ის ამას არ გამოიყენეს.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი შანტაჟის მცდელობის თავიდან აცილება თუ არა, შესუსტება მაინც შესძლოს?

- როდესაც ამბობენ, რომ საქართველო ჭკვიანად უნდა მოიქცეს, ოპონენტებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს ნიშნავს წყნარად იყოს და არაფერი გააკეთოს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო რთული გზა გაიარო, მაგრამ შენსას მიაღწიო. ამისთვის მანევრების მთელი პაკეტი უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს უნდა დავეყრდნოთ, მაგრამ ამავე დროს უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთთან დიალოგი განხილვადი გავხადოთ - ეს მინიმუმ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი ოპონენტები დღეს ამბობენ, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა, რადარებში რომ ვიყავით, რა შეიცვალა? მუდმივად, პირობითი საზღვრის გადმოწევის რეჟიმის პირობებში ვიყავით.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ რუსეთთან საზღვარი დემარკირებული არ გვაქვს და საზღვართან მიმართებაში ისე იქცევა, როგორც სურს. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყეული, ყველა ხელისუფლება მრავალჯერ შეეცადა ამ საკითხის დაყენებას, მაგრამ რუსეთი ყოველთვის თავს არიდებდა სადემარკაციო მოლაპარაკეების განხილვის დაწყებას. რთულ მდგომარეობაში ვართ, საზღვარი დემარკირებული არ გვაქვს, ტერიტორიები ოკუპირებულია. არც ზედმეტი ვაჟკაცობაა ამ დროს საჭირო და არც ის, რომ ვინმეს „ბაბაია“ ვუძახოთ.

აუცილებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა. ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ რუსეთს თანაბარ პირობებში დაველაპარაკოთ. ვხედავთ, რომ დღეს გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება. დასავლეთს თავისი იმდენი რეალური პრობლემა გაუჩნდა, რომ რუსეთთან ღია საომარ დაპირისპირებაზე ვეღარ წავა. დასავლეთს დროში გაწელილი პოლიტიკა გააჩნია. უკრაინის მაგალითი ავიღოთ - მართალია, უკრაინაში რამდენიმე სეპარატისტული რეგიონია, მაგრამ რუსეთის მხრიდან სამხედრო ქმედებები შესუსტებულია, უკრაინის არმიამ კი, ბოლო დღეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელა და აღმოჩნდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებს საჭირო რაოდენობის ტყვია- წამალი არ აღმოაჩნდათ, რომ ბრძოლა განეხორციელებინათ. მინსკის შეთანხმების ფორმატი სანახევროდ, მაგრამ მაინც მუშაობს და უკრაინელები იმას მაინც ახერხებენ, რომ დასაველთის ზეწოლით, რუსეთს არ აძლევენ საშუალებას, მეტი სამხედრო ძალა გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე.

ჩვენ დასაველთის კონტექსტში უნდა ვიყოთ, ვერ იმარჯვებს, მაგრამ წარმატებებს მაინც აღწევს. უნდა გავაკეთოთ ის, რომ საზღვრებს იქით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის -გალში, ტყვარჩელში, ოჩამჩირესა თუ ახალგორში, ჰუმანიტარული პროექტები ავამუშაოთ. ამ თვალსაზრისით დიდი ყურადღება და დიდი მუშაობა გვმართებს.