დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 4 ბრალდებულის საქმის განხილვას იწყებს. პროცესს ოთხივე ბრალდებული დაესწრება. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 29 ნოემბერს გურიასა და ბათუმში 4 ახალგაზრდა დააკავა.
ჩხრეკის შედეგად ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები.
დაკავებული არიან - ლაშა გობაძე, ჯამბულ აბდულაევი, მირიან ბერიძე და გია ბახუნტარაძე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ მირიან ბერიძეს კავშირი ჰქონდა სირიაში მყოფ ბადრი ირემაძესთან, თუმცა, დაკავებულის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ირემაძეს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხზე უკავშირდებოდა.
დაკავებულების ოჯახის წევრებმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართეს და საქმეზე საიდუმლო „გრიფის“ მოხსნა მოითხოვეს. დაკავებული გია ბახუნტარაძის დედა, ნატო ირემაძე ამბობს, რომ სირიაში წასული ახალგაზრდები მათი ნათესავები არიან და შესაბამისად, მათთან სირიაში წასვლის შემდეგაც, როგორც ნათესავებთან, კონტაქტი ჰქონდათ.
„სამართალდამცველი სტრუქტურები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას. დაკავების დროს ბრალი ედებოდათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე, მაგრამ შემდეგ ლევან იზორიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ დააკავეს ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული ოთხი პირი, ეს იყო უკიდურესად მძიმე განცხადება, რომლითაც საქმის პოლიტიზირება მოახდინა, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და საზოგადოება უარყოფითად განაწყო დაკავებული ახალგაზრდების მიმართ.
იმის გამო, რომ სირიაში წასული ჩვენი ნათესავების მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელდა, მუდმივად თვალთვალის ქვეშ ვიყავით. ვიცოდით, რომ პროკურატურის ყურადღების ქვეშ ვიყავით და ამ ფონზე იარაღების ლოგინის ქვეშ შეწყობა აბსურდულია. სახლში რომ შემოიჭრნენ, მგლებივით დარბოდნენ ოთახიდან ოთახში, რომ იარაღი ჩაელაგებინათ, მათ ვერ მოახერხეს იმ რაოდენობის იარაღის ჩადება, რაც სხვა ოჯახებში შეძლეს“, - აცხადებს ნატო ირემაძე.
დაკავებული მირიან ბერიძის დედის, ნათელა ბერიძის მტკიცებით კი, მისი შვილი მორწმუნე მუსლიმანია და სარწმუნოების გამო სჯება.
„ჩემს შვილს მიმოწერა ჰქონდა სირიაში მყოფ ბიძაშვილთან, თუმცა ეს არ იყო ტერორისტული კავშირი. ჩვენი შვილები ისჯებიან სარწმუნოების გამო. ჩემი ძმისშვილი იმყოფება სირიაშია და თავისთავად ჰქონდათ მიმოწერა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ეს არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი და დაუმძიმეს მუხლიც, მაგრამ რითი დაეხმარნენ ტერორისტებს ამას ვერ ამტკიცებენ“, - აცხადებს ნათელა ბერიძე.
სამივე ბრალდებულის დედა ამტკიცებს, რომ სირიაში წასულ ტერორისტებთან მათ შვილებს მხოლოდ მეგობრული მიმოწერა ჰქონდათ, რადგან მათთან ერთად ლოცულობდნენ და ვერ გაწყვეტდნენ კავშირს. დაკავებულების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს უარყოფს დაკავებული ლაშა გობაძის ადვოკატი, ემზარ პაქსაძე, რომლის განცხადებით, ვიღაცას შეიძლება ადამიანური ურთიერთობა ჰქონდეს სირიაში მყოფ ახალგაზრდებთან, მაგრამ დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არ არსეობს.
„როდესაც ეს ახალგაზრდები დააკავეს, არ ქონდათ საკმარისი მტკიცებულებები. იზორიამ გააკეთა განცხადება, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო მოხდა მათი დაკავება. ეს იყო უპასუხისმგებლო განცხადება, რადგანაც დაკავებიდან ოთხი თვის შემდეგ წაუყენეს ტერორიზმის ბრალი.
მინიმუმ ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. გამოდის, რომ პროკურორმა, რომელმაც მოახდინა ამ პირების მიმართ ბრალის წარდგენა, თქვა, რომ არ მაქვს საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ იზორია ამბობს, რომ დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, მაშინ როდესაც აღნიშნული ბრალი მხოლოდ 4 თვის შემდეგ წაუყენეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაქსაძე.
რაც შეეხება მტკიცებუბებს და მათ შორის „აისისის“ დროშებს, ადვოკატი ამბობს, რომ დროშა მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნოდა.
„გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს ეკუთვნოდა თუ არა დაკავებულს ეს დროშა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ეს დროშა მას არ ეკუთვნის და პირველად ნახა. თუ ლოგიკურად მივყვებით, შეიძლება ეს დროშა არის ჩადებული. მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში ვერ ნახავთ შესაბამის მუხლს, რომელიც საცხოვრებელ სახლში კრძალავს შავი დროშის ქონას.
დროშის ქონა არ ნიშნავს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, იქ უნდა იყოს განზრახვაც და ქმედებაც. ლევან იზორიამ თავისი მოსაზრებით დაარღვია კანონი სახელმწიფოს საიდუმლოების შესახებ, როდესაც ფაქტების დემონსტრირება გააკეთა საქმეზე, რომელსაც „საიდუმლო“ გრიფი ადევს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ემზარ პაქსაძემ.