პარლამენტმა იმ ინიციატივის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა პერიოდის დეპუტატებს, შესაძლოა, პენსიები დაენიშნოთ, ხოლო ზვიად გამსახურდიას დროინდელ პარლამენტის წევრებს პენსია 560 ლარიდან 3 ათას ლარამდე გაეზარდოთ.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის დანიშვნას უკვე წლის დასაწყისიდან ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებისთვის სადეპუტატო პენსიის დანიშვნის ინიციატივა 2016 წლის იანვარში რამდენიმე კომიტეტმა მოიწონა. ამავე პერიოდიდან განიხილება ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდის მოთხოვნაც, რის არგუმენტადაც მისი ავტორები მათ მიერ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერას ასახელებენ.
უკვე ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ეწინააღმდეგება. მათ შორისაა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური. ის აცხადებს, რომ პენსიის მომატებას ითხოვს ის, ვინც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა და ერთ მხარეს იდგა და, ასევე, ისიც, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ჩამოაგდო. სწორეც ამაში ვერ ხედავს ლოგიკას თამაზ მეჭიაური, რადგან არ შეიძლება, 3-ათასლარიან პენსიას ითხოვდნენ ისინი, ვინც რუსთაველის გამზირი ომში გახვიეს.
ასევე, სადავოდ რჩება ის საკითხიც, სადეპუტატო პენსიის დასანიშნად რა მორალური უფლება გააჩნიათ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს?!
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პენსიის ოდენობაზე საუბრისას ჩვენ უნდა ამოვიდეთ ორი ძირითადი გარემოებიდან - პირველი, ეს გახლავთ პოლიტიკური შემადგენელი და მეორე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია. პოლიტიკურ შემადგენელზე თუ ვისაუბრებთ, ხომ არ გამოდის ისე, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო?! ამდენად, ხომ არ სჯობს, შეფასდეს თავად საბჭოთა კავშირი და არა - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები?! მამუკა გიორგაძის თქმით, თავის დროზე ზვიად გამსახურდიას უნდა შეეფასებინა საბჭოთა სისტემა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური აქტი, რომელიც შეაფასებდა საბჭოთა კავშირს. ჩვენ არ შევაფასეთ, ასევე, 1990-92 წლის მოვლენები. ამის შემდეგ არც სააკაშვილმა შეაფასა შევარდნაძის რეჟიმი, „ოცნებამაც“ არ შეაფასა სააკაშვილის ათწლიანი პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩამოყალიბებული სახელმწიფო არ ვართ, რაც საშუალებას იძლევა, სუბიექტურად, ვისაც როგორ მოეწონება, ისეთი ინტერპრეტირება გაუკეთოს ამ მოვლენებს.
რაც შეეხება მეორე შემადგენელ ნაწილს - ეკონომიკურ საკითხს, მამუკა გიორგაძე თვლის, რომ მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საარსებო მინიმუმიც კი არ აქვს, 3-ათას ლარიან პენსიაზე საუბარი გამართლებული არ იქნება.
„თანხის რაღაც ოდენობაზე უნდა შევთანხმდეთ და ქვეყნისთვის განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებებს არსებობისთვის აუცილებელი პირობები შევუქმნათ. მაგალითად, მე, როგორც პარლამენტის ყოფილ წევრს, 560 ლარი მაქვს კომპენსაცია, ამ დროს ოთხი სტუდენტი მყავს სახლში და ორი მოწაფე. ბუნებრივია, ჩემთვის მნიშვნელოვანია შემოსავლის ნებისმიერი მატება, მაგრამ ეს მომატება ქვეყანასთან მიმართებით ადეკვატური უნდა იყოს. ამიტომ მართალი არ ვიქნები, თუკი ამ ინიციატივას მხარს დავუჭერ. ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ქვეყნის რესურსიდან გამომდინარე. სპეციალისტებმა დაითვალონ, რამდენით გაიზრდება საარსებო მინიმუმი. თორემ ხელაღებით 3 ათასი ლარის მოთხოვნა, ჩემი აზრით, გაუმართლებული იქნება. არა იმიტომ, რომ ვინმეს არ ეკუთვნის, არამედ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ იქნება გამართლებული“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გასაგებია, ბევრმა პატივსაცემმა პიროვნებამ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, მაგრამ იყვნენ ისეთნიც (მათ შორის, კომუნისტებიც), რომლებიც შინაგანად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2-3 წლის შემდეგ სწორედ ამ ხალხმა შეიყვანა ჩვენი ქვეყანა დსთ-ში.
„ამისგან განსხვავებით, არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც იმ დროს უზენაესი საბჭოს წევრებად ითვლებოდნენ, მაგრამ დამოუკიდებლობის აქტზე ხელი ჰქონიათ მოწერილი. მაგალითად, თამაზ დიასამიძე, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა. რატომ არ უნდა მიიღოს მან 3 ათას ლარიანი პენსია? ჩვეულებრივ პენსიაზე უნდა იყოს?! ის ხომ ეროვნული მოძრაობის სათავეში იმყოფებოდა? სხვათა შორის, თამაზ დიასამიძეს დსთ-ში შესვლაზე მხარი არ დაუჭერია. ერთადერთი კაცი იყო, ვინც ამას ხმა არ მისცა. ეს გაუგებრობას გამოიწვევს და კიდევ უფრო გააღრმავებს უფსკრულს ჩვენს პარლამენტარებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ ვიღაცის წარმომადგენლობით ან საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა შემდგომში გარანტირებულ სიბერესა და მაღალი დონის პენსიას ნიშნავდეს. უმაღლესი და უზენაესი საბჭოს რომელიმე წევრი არაფრით არ არის უკეთესი უბრალო ადამიანზე, რომელიც თავის საქმეს უფრო დაბალ რგოლში პირნათლად ასრულებს. უნდა ვერიდოთ ასეთ დიფერენციაციას. ვერიდოთ იმასაც, რომ პოლიტიკაში მოსვლა მაღალი შემოსავლის გარანტიას არ ნიშნავდეს და საქართველოში ყველა არ ესწრაფვოდეს პარლამენტში ადგილის დაკავებას“,-აღნიშნა პაატა აროშიძემ.
რაც შეეხება საბჭოთა პერიოდის დეპუტატებს, ექსპერტის თქმით, იმ პერიოდში კომუნისტების დროინდელ ამ ე.წ. წარმონაქმნს რატომღაც საკანონმდებლო ორგანო ეწოდებოდა და რეალურად არაფერს წყვეტდა. ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა მიიღონ საბჭოთა პერიოდის დეპუტატებმა ამხელა პენსია?!