ვინ დაუწვა წიგნები ჯანსუღ ჩარკვიანს

ვინ დაუწვა წიგნები ჯანსუღ ჩარკვიანს

„ცხოვრება მიდის მასხრულად, მიმზერს სამარე პირღია, აღარც საფლავზე გავსულვარ, აღარც ცრემლები მიღვრია... სუყველაფერი წყალს მიაქვს, შხამი თაფლივით გამტკბარა, ჩემს დროსაც ყავლი გასვლია – ალბათ, სხვისი დრო დამდგარა.” – ყველას თავისი სიცოცხლის წიგნი აქვს. ჩემი წიგნი ხალხის მიერაა შექმნილი. მე სიჩუმით არასოდეს მიხმაურია. მთელი ჩემი სიცოცხლე ჩემს ხალხთან ერთად ვხმაურობდი და ვიბრძოდი ჩემი ხალხის თავისუფლებისათვის! რაც მთავარია, ვიარე სიყვარულის გზით, რამეთუ, კარგად ვიცი: ღმერთი სიყვარულია!“

სულ ახლახან, მწერალთა კავშირმა ჯანსუღ ჩარკვიანს სახალხო პოეტის, ხოლო ჭაბუა ამირეჯიბს სახალხო მწერლის წოდება მიანიჭა. ჩვენ დღეს ბატონი ჯანსუღის ცხოვრების დღიურებს გაგაცნობთ. ვფიქრობთ, მოგეწონებათ.

აღორძინებულ ზვიდონებს

რა გრძნობაა დიდი ბაბუობაო, – მკითხეს ერთხელ. ალბათ სიყვარულზე უფრო, სიამაყისა და წასვლის გრძნობაა. ვიღაცამ რომ მითხრას, მის შვილსაც მოესწარიო, ცოტა მეუხერხულება, იმიტომ რომ, ვთქვათ და, ჩამიარა გვერდით და ვერ მიცნო, მაშინ რას შვრები? ხომ აღარ შეიძლება, შვილიშვილის შვილი იცნო. ვერ იცნობ და, ამიტომ, აღარ უნდა იყო აქ. აი, შვილიშვილის გრძნობა უფრო სხვაა – მეტი სიახლოვეა, მეტი სიამაყეა, მეტი ურთიერთობაა... ამიტომ, იმდენად ვარ შეჩვეული ამ გრძნობას, რომ, არ ვნანობ. იმიტომ, რომ  გენიალური ცხოვრება მაქვს განვლილი, გენიალური სიმდიდრით კი არა, ისეთი, სხვანაირი, ჯიგრიანი, სავსე ერთგულებით, სიმართლით, ბიჭობით, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, თავის ჩხუბებით, ყოველმხრივ. მთელი თაობის ჭეშმარიტი ნაწილი იმ საქართველოშია, ზეციურში... ერთხელ, ცაგერში ვარ ჩასული, ჩემს ძველ, წინაპრების კუთხეში. ლადო ასათიანი ჰყავდა იმ კუთხეს, იცით, ალბათ. ჩავედი. ერთ ჩემს ამხანაგს მივემხრე – კენჭს იყრიდა პარლამენტში. გამოვიდა ვიღაც ძველი ზვიადისტი – თურმე, აღმოჩნდა, ისიც კენჭს იყრის.  გამოვედი, რაღაც ჩემი ვთქვი. იმ მხარემ დამისტვინა. მოკლედ, ისეთი რაღაცეები გააკეთეს, ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი... რა გაგიკეთებია ლეჩხუმისთვისო, – წერილიც მომივიდა. რა უნდა გავაკეთო, მე ვარ ჯანსუღ ჩარკვიანი. ისე, ერთხელ, ვეებერთელა ფული გადავრიცხე, მეწყერი რომ ჩამოწვა ლეჩხუმში და დავწერე ასეთი ლექსი ცაგერში – „აღორძინებულ ზვიდონებს” (იქ, მართლაც აღორძინებულია ეს ზვიდონები): რაო, რა ბრძანეთ, ლადო მიყვარსო, ლადოს აზრი და სიტყვა? როცა მოვკვდები, მეც შემიყვარეთ – თქვენ წასულები გიყვართ. რადგან შეხება არ გვაქვს სანთელთან, არა გვაქვს რწმენა მწირი, ამიტომ, წესი გახლავთ ქართველთა – ჯერ მოკლავს, მერე ტირის.” ქართველ კაცს რომ უყვარს მკვდარი პოეტი, მიცვალებული, ისე, ალბათ, მსოფლიოში არავის. ფილმი გადაიღეს ძალიან საინტერესო – „მარტოობის ორდენის კავალერი”. მაშინ რატომ ჰყავდათ მარტოდმარტო მიტოვებული გალაკტიონ ტაბიძე, ვიკითხოთ ახლა, რაშია საქმე, რატომ იყო მარტოობის ორდენი კავალერი?

კარვის ქალები

აი, როგორც პირველი კოცნა, ისე დამამახსოვრდა ის სიბინძურე, როდესაც 1991 წელს ვერის ბაღში ჩემი წიგნები დაწვეს იმ ეგრეთ წოდებულმა „კარვის ქალებმა.“ ჩემს სიცოცხლეში ეს არ დამავიწყდება. არ შეიძლება, საქართველოს წიგნის დამწველი ჰყავდეს და ის ერი წიგნიერი იყოს. მეგობარმა მითხრა: არა უშავს, ჯანსუღ, იქ „ვეფხისტყაოსანიც“ დაწვესო. ამ გადასახედიდან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ესე იგი, შენ ვიღაც ხარ, თორემ, ამას არასდროს გააკეთებდნენ. მთავარია, ის იფიქრო, ვინ გააკეთა შენთვის კარგი. ისე, შური ყველგან არის, მაგრამ, მისი განმარტება არსად მინახავს, გარდა სულხან-საბა ორბელიანისა – „შური არს მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა“. მსოფლიოში ციხე ყველგან შიგნიდან ტყდება, მაგრამ, მხოლოდ ქართველსა აქვს ნათქვამი ეს – ციხე შიგნიდან ტყდებაო. არსად არ არის ნათქვამი – ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, მხოლოდ ქართველმა თქვა…  იმდენი უმადური კაცი მყოლია თურმე და, ახლა გავიგე, ამ სიბერეში. ახლა მეუბნებიან: ბიჭო, შენ არ იცოდი, ეგ რა „ახვარი“ იყოო? არ ვიცოდი, ბატონო, რა ვიცოდი? იმას არ გთხოვ, მადლობა გადამიხადე-მეთქი, მაგრამ, უბედურებაში ნუ მიხდი. თურმე, გძულდი და არ ვიცოდი; თამაშობდი, რომ გიყვარდი.

არა ჭამო, ჯანსუღ...

ნოდარ დუმბაძემ, ჩემმა დიდმა მეგობარმა, ერთ-ერთ რაიონში პედაგოგებს შეატყობინა – ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვედრა უნდა მოვუწყოთო. ჩავედით და, გზაზე რომ მივდივართ, ვხედავ, სულ ყვავილებს მიფენენ. მივდივარ და თან ჩემთვის ვამბობ გულში: „არა ჭამო, ჯანსუღ.“ ამ დროს ვიღაც სახელოში მწვდა: „არ დაიჯერო, ჯანუკი, ბიჭო.“ გავოცდი, რა... გავიდა მართლაც დრო, ათი წელი. დღესაც კი მაქვს იმ მასწავლებელი ქალის წერილი შენახული. მე ამისთანა წყევლა ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია. შვილიშვილებს მიწყევლიდა. სულ ვფიქრობდი ჩემთვის, როდის იყო ეს ქალი მართალი. ახლა, რა თქმა უნდა, და არა მაშინ, როცა გზაზე ყვავილებს მიფენდა და ლამაზი სიტყვებით მამკობდა.

ასათიანის  10…

ძილში ტელეფონის ხმა ჩამესმა... სხვა გზა არ მქონდა და გავიღვიძე. საათს დავხედე – ოთხი საათი იყო... ალბათ, უჭირს ვიღაცას, ძალიან უჭირს... ზარი არ წყდება. ავიღე ყურმილი, ხოლო იქიდან ვიღაცამ სამჯერ ჩამძახა: „ფხუკ, ფხუკ, ფხუკ...“ ისე კი, როგორ უნდა უყვარდე კაცს, რომ, შენი გულისთვის სამი ფხუკის გამო, ღამის ოთხ საათზე ადგეს და ცხოველურად „მოგეფეროს“?! დიდი ფხუკიანი კაცია ვიღაცაა, დიდი ფხუკიანი... მეორე დღეს ერთმა ქალბატონმა დამირეკა და საიდუმლოდ გამანდო: თქვენ რომ კაცი გირეკავთ და ტელეფონში ფხუკუნებს, ის კაცი ასათიანის ათ ნომერში ცხოვრობსო... მე სულმა წამძლია და გავიკითხე ასათიანის ათი ნომერი. კანონზომიერი საოცრება შევიტყვე – ასათიანის ათ ნომერში საცხოვრებელი სახლი არაა, ასათიანის ათ ნომერში მოთავსებულია რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო...

ზამბახსაც გაღვიძებოდა...

პირველი ლექსი ლენინს საბჭოთა პოეტებიდან გალაკტიონ ტაბიძემ უძღვნა, მაგრამ, გალაკტიონს სულ ფეხებზე ეკიდა ლენინი, უბრალოდ, გზას უკვალავდა თავის გენიალურ პოეზიას. გეფიცებით, სტალინელი არ ვარ, მაგრამ, ისტორიას ვცემ პატივს. ერთხელ, პარიზში ვარ და ფრანგებს ვთხოვე, ნაპოლეონის საფლავი მაჩვენეთ-მეთქი. სადღაც დიდ დარბაზში შევედით, რამდენიმე საფეხურით ზემოთ ამიყვანეს. ვფიქრობ – სად ავყავარ, ამ კიბეების თავზე დამარხეს-მეთქი? თურმე, ზემოთ უნდა ახვიდე, ქედი უნდა მოიხარო და იქიდან უნდა გადახედო საფლავს – აი, ფრანგი და ნაპოლეონი! რა, ვინმეზე ნაკლები დიქტატორი იყო?! – აი, ეს ვერ გავიგე. იქნებ, იმ კუთხიდან შევხედოთ სტალინს: „ზამბახსაც გაღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა...“ ან – ილიას თვალით. თუ გენიოსი იყო, ხომ უნდა თქვა, რომ გენიოსი იყო?! ლენინი რატომ ჰყავთ იქ, რა, შენი სტალინი იქ არ იყო?!            

შენ ვერა ხარ კარგად... 

ქალთა სკოლას ლექსებს ვუწერდი და იქიდან ვიღაც მპასუხობდა. ეს გოგო ირმა ჩხეიძე აღმოჩნდა, მერე ერთმანეთი გავიცანით. ისეთი სიყვარული გაჩნდა… ოთხი წელი დავდიოდით. უგანათლებულესი გოგო იყო, მაგრამ, მარტო განათლება რომ ჰქონოდა, არ მომეწონებოდა. ისე მოვაწერეთ ხელი, მის მშობლებს არ გაუგიათ. მამამისმა რომ გაიგო, გაუხარდა; დედამისს, რატომღაც, არ მოვწონდი. ჩემებმაც არაფერი იცოდნენ. ხელი სოლოლაკში, ჯაფარიძის ქუჩაზე, ჩემს სახლთან ახლოს მოვაწერეთ. იქიდან რომ გამოვედით, დედაჩემს დავუძახე. დედაჩემმაც გამოიხედა ფანჯრიდან – რა იყოო. ცოლი მოვიყვანე-მეთქი. შენ ვერა ხარ კარგადო, მითხრა. მერე მკითხა – რა გვარიაო. ჩხეიძე-მეთქი. ამოიყვანე, ამოიყვანეო, – გადმომძახა… პირველი მამუკა დაიბადა. ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად. მითხრეს, იქნებ, ბათუმში ჩაიყვანო ცოლი, ჩარკვიანია მთავარი ექიმი სამშობიაროშიო. წავედით. დამხვდა ჩარკვიანი. რა გინდაო, – მკითხა. ბიჭი-მეთქი. წადი, შენს ძმაკაცებთან ერთად, გაიარ-გამოიარე და, რომ მოხვალ, ბიჭს დაგახვედრებო. წავედი და, მართლაც, რომ მივედი, ოთხი საათისთვის, მამუკა დამხვდა დაბადებული. რვა წლის შემდეგ თაკო გაჩნდა. ძალიან გამიხარდა გოგოს დაბადება. ჩემი მეუღლის დედის სახელი დავარქვით. მე და ჩემს შვილებს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. 

„ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა ნოდარ დუმბაძეს – არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო... ერთხელაც, მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულიში” ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად – ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს – პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა – 15 კაპიკი. გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა: „ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და, რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!“ ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და, ის იყო, გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა: „ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა, საავადმყოფოში მიგყავს მაი გოჭი! დადევი მაქანე და მასტუმრე მაი ხალხი!..“