„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მცირე შანსი აქვს, რაიმე მონაწილეობა მიიღოს იმ 61%-ის გადანაწილებაში, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ჯიპა“-ს პროფესორი ბაკურ კვაშილავა, რომლის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაქსიმუმი არის15%.
ლოგიკურია თუ არა სამთვიანი წინასაარჩევნო კამპანია და რამდენად მაღალია პოლიტიკური პარტების შანსები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.
ბაკურ კვაშილავა: თუ წარსულს გავითვალისწინებთ, მიმაჩნია, რომ სამთვიანი წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად საკმარისია. საარჩევნო კამპანიის დროს ბევრი რამ იზღუდება, ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და ეს საკმაოდ ცუდად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ტრადიციულად, საქართველოს მთავრობები წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებდნენ ხოლმე დიდ პროექტებს. სამწუხაროდ, ეს ტრადიაცია არ შეიცვალა, მაგრამ ასე დრამატულად ექვს თვემდე გადმოვწიოთ საარჩევნო კამპანია, ეს დიდ ზიანს მიაყენებს მოსახლეობის კეთლდღეობას. საქართველოსთვის სამთვიანი საარჩევნო კამპანია სავსებით საკმარისი იქნება.
როგორ ფიქრობთ, წავა პრეზიდენტი დათმობაზე და დათანხმდება სამთვიან საარჩევნო კამპანიას?
- ვფიქრობ, რომ კონსენსუსი უნდა შედგეს. როგორც სამართლის სპეციალისტები ამბობენ, კონსტიტუციურად ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს, თუ არ შევცვლით კანონს, რომლის შეცვალა საკმაოდ ძნელი იქნება. მდგომარეობიდან გამოსავალი არის კონსენსუსი და მგონია, რომ აუცილებლად შედგება. რა ტიპის იქნება და ვინ დათანხმდება, ეს ალბათ, ფორმულირების საკითხია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ არჩევნები იქნება სამთვიანი კამპანიის ფარგლებში, ან ამასთან მიახლოებულ ვადებში.
რაც შეეხება პარტიებს და მათ შანსებს. 61% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. რომელი პარტიის სასარგებლოდ შეიძლება გადანაწილდეს ამ ამომრჩეველთა ხმები?
- 61% სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. ქართული პოლიტიკა ისეთია, რომ შესაძლებელია ყველაფერი ბოლო კვირას გადაწყდეს და ხალხის განწყობაც დიამეტრულად შეიცვალოს.
დღევანდელი მდგომარეობით, რომელი პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას?
- დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ბარიერს გადალახავს „ქართული ოცნება“, „ნაციონალურ მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“. დანარჩენ პარტიებზე საუბრის საშუალება მოგვეცემა ივლისში ან აგვისტოში იმიტომ, რომ ბევრ პარტიას ჯერ არც დაუწყია საარჩევნო კამპანიის წარმოება, აქედან გამომდინარე ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამდენად წარმატებული იქნება მათი ტაქტიკა. ძირითადად, ყველაფრი ამ ტაქტიკაზეა დამოკიდებული.
არასაპარლამენტო ოპოზიციას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა?
- ეს ბოლო თვეებზე და სააარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. როგორ წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია, რას მოიმოქმედებს მთავრობა, როგორი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა. ყველაფერს ბოლო თვეები გადაწყვეტს და არა ის, თუ დღეს რა პოზიცია აქვთ. არასაპარლამენტო პარტიებს პრაქტიკულად, არ დაუწყიათ წინასააარჩევნო კამპანია.
ირმა ინაშვილის საარჩევნო კლიპი უკვე ტრიალებს „რუსთავი 2“-ის ეთერში...
- ეს ტაქტიკურად არასწორი გადაწყვეტილებაა და კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ, როდესაც ყველა პარტია დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, უფრო გამოჩნდება შანსები. აღქმა იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო იმიტომ, რომ ინაშვილმა კლიპი გაუშვა „რუსთავი 2“-ზე, ამომრჩეველი ამას ასე არ ღებულობს.
გავრცელებული ინფორმაციით „პატრიოტთა ალიანსი“ და მრეწველები არჩევნებში ერთი გუნდით მიიღებენ მონაწილეობას. მათი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე ასეთი ალიანსი მოსალოდნელიც იყო და აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ალიანსს ემატება „ბურჯანაძის დემოკრატები“. გამორიცხავთ თქვენ ამ სამეულის კოალიციას, რომ გარკვეული რაოდენობით შევიდნენ პარლამენტში?
- ვფიქრობ, რომ მრეწველებისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანება ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ერთ მხარეს ფულია, მეორე მხარეს მხარდამჭერთა გარკვეული ფენა, ძალიან კარგი კომბინაციაა, რომ გავიდნენ საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება ბურჯანაძეს, როგორც ჩანს, მოსინჯვა ხდება, თუ რამდენად პოპულარულია ეს იდეა იმ სეგმენტში, რომლებშიც ეს ძალები მუშაობენ.
დღეს პოლიტიკაში რომ არანაირი პოლიტკოალიცია არ არის გამორიცხული, ამას ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, მათ შორის არა თუ იდეური ერთობის საფუძველეზე, არამედ აბსოლუტურად ანტაგონისტური იდეების მქონე პარტიებიც ყოფილან ერთ ჯგუფში გაერთანებულები. ავიღოთ „ქართული ოცნება“ - რა თქმა უნდა, კონტექსტი განსხვავებული იყო, რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საერთო კოალიცია იყო.
ამ შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ დგას, რომ აუცილებელია რეჟიმის დამხობა. სიტემა რომ მანკიერია და არადემოკრატიული, ასეთი მიდგომა საზოგადოებაში ნამდვილად არ არის, თუ არ ჩავთვლით ხანდახან „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, რომელიც აშკარად ცდება რეალობას. აქედან გამომდინარე, არც ერთი კოალიცია არ არის გამორიცხული, მით უმეტეს ასეთი კოალიცია. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან - ნაკლებად მოსალოდნელია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შანსი, რომ 2016 წლის არჩევნებში შეძლოს უპირატესობის მოპოვება? ერთია ბარიერის გადალახვა, მაგრამ მეორეა რამდენი დეპუტატის გაყვანას შეძლებს პარლამენტში. სტაბილურად ინარჩუნებენ 10-12 %-ს...
- ბარიერს ალბათ, გადალახავენ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობა“ ის გამონაკლისი პარტიაა, რომელზეც დღესაც შეგვიძლია ვთქვათ დაახლოებით რამდენ ხმას მიიღებს პარლამენტში. როდესაც ვამბობდი, რომ ივლის-აგვისტოში გამოჩნდება ვინ რამდენით ხმით შევა პარლამენტში, ეს არ ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათი მაქსიმუმი არის 15%. ამ პარტიამ ვერ მოახდინა რეფორმირება, ვერ შეძლო პასუხის გაცემა იმ ძირითად შეკითხვებზე, რის გამოც იყო გადარჩეული. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მცირე შანსი აქვს, რაიმე მონაწილეობა მიიღოს იმ 61%-ის გადანაწილებაში, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ 61%-ი რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის აძლევს ხმას, შესაძლებელია, მისი ამომრჩეველი გახდეს. მეტიც, გათვლა იმ ადამიანებზეც აქვთ, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან მოქმედ ხელისუფლებასთან. ადამიანების ეს კატეგორია ავტომატურად ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს?
- არავითარ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარეალურია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დევიზი და ამ გზით სურთ 15%-ში შექმნან განწყობა, რომ მათი ხმები არ იკარგება, ხმა უნდა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ აქვთ გამარჯვების შანსი. ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა და რაღაცა გაგებით სწორი, მაგრამ რეალურად ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. და რატომ? - იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა, პლატფორმა და წარსული ამ 61%-ისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა.
რაც შეეხება „ქართული ოცნებას“ და მის შანსებს, ეს ფრაზა შეიძლება ითქვას, რომ გაცვეთილია, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ბრენდი, რომ საინტერესო გახდეს ადამიანებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებს მმართველი გუნდი ახალი სახეების მოზიდვას?
- თუ გამოკითხვის რაოდენობას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ასეთი ადამინების რაოდენობა მცირეა. აქედან გამომდინარე, ბრენდის ხარჯზე გამარჯვება გაჭირდება, მაგრამ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმებს აიღებს, ვიდრე მეორე პარტია, რომელიც მას მოჰყვება. რაც შეეხება ახალი კადრების ჩართვას ამ პარტიის რიგებში, თუ რეფორმატორებზეა საუბარი, აქ ერთადერთი პრობლემაა და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ხალხში არის განწყობა, რომ მათ არ ექნებათ საშუალება დამოუკიდებლად და არაფორმალური მმართველის გარეშე გაატარონ ის პრინციპები, რისი ერთგულნიც არიან. რა თქმა უნდა, ეს ზღუდავს ოცნების რიგებში ბევრი ადამიანი ჩართვას, მათი შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ ნაწილი, რომელიც თვლის, რომ შეძლებს ამ გამოწვევის გადალახვას, ან რომელსაც სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მართავს „ქართრულ ოცნებას“, როგორც არაფორმალური მმართველი, ჩაერთვება ამ პროცესში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, არაფორმალური მმართველობის პრობლემა არსებობს ქვეყანაში?
- მგონია, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით არაფორმალური მმართველობაა. შეიძლება ეს ნაკლებად ჩანს, მაგრამ არ გვაქვს იმის საფუძველი, ვთქვათ, რომ ძირითადი ბერკეტები გადავიდა პრემიერ-მინისტრზე.
ბიძინა ივანიშვილი როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი სავარაუდოდ, ჩაერთვება მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიაში და თავადაც აღნიშნა, რომ გუნდს მხოლოდ დაეხმარება. გუნდის დასახმარებლად ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ექნება ეფექტი?
- მგონია, რომ რაღაც გაგებით ეფექტიანი იქნება. ერთია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში არსებობს რაღაც სეგმენტი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მართავს ქვეყანას და ეს აწუხებთ და უნდათ, რომ მართავდეს. არის მეორე სეგმენტი, რომელიც ასევე უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და სურთ, რომ ივანიშვილი წარმომადგენელი იყოს, ვინაიდან რეალური ლიდერია.
ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ კოალიციისთვის არის ღერძი და გარანტი სტაბილურიბის. მისი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა მეტ დამაჯერებლობას მისცემს ნებისმიერ დაპირებას, რომლესაც „ქართული ოცნების“ დანარჩენი წევრები გასცემენ. ლოგიკური არჩევანია, მაგრამ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაფორმალური მმართველობა.