არჩევნები ხუდონჰესის პერსპექტივას აბუნდოვანებს

არჩევნები ხუდონჰესის პერსპექტივას აბუნდოვანებს

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მთავრობას მით უფრო უჭირს ხუდონჰესზე საუბარი. ამის მიზეზი სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის და ხელისუფლების წარმომადგენელთა დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციაა.

ვიცე-პრემიერს, კახა კალაძეს დღესდღეობით არ შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ხუდონჰესის მშენებლობა, რამდენადაც ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს.

„გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ შეგვიძლია დავიწყოთ მშენებლობა, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რა საკითხები დარჩა შესათანხმებელი კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“, რომელმაც „ხუდონჰესი“ უნდა ააშენოს, კალაძემ აღნიშნა, რომ უწყებამ შეიმუშავა სატარიფო პოლიტიკა და სრულიად ახალი მიდგომა, თუმცა მასზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.

„ჩვენ შევიმუშავეთ სატარიფო პოლიტიკა, გვაქვს ახალი მიდგომა, ახალი შეთავაზება ინვესტორებისთვის, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის შემდეგ გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე ყველა კონკრეტულ კომპანიასთან, ვისაც აქვს ახალი პროექტების განხორციელების სურვილი“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ზოგადად ჰესების დიდ ნაწილზე სამუშოები უკვე დაწყებულია. პრობლემაა „ხუდონთან“ დაკავშირებით, რადგან კალაძის ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს სამინისტრო მშენებლობის დაწყებას წინასწარი კვლევების გარეშე გეგმავს.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ვატარებთ ყველანირ კვლევას და ყველანაირ შენიშვნას მივიღებთ რაც იქნება გამოთქმული“, - განმარტა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი კი აცხადებს, რომ ხუდონის მშენებლობის ფაზაში შესვლას დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება. მისი თქმით, ხუდონჰესი ვადაგადაცილებული და დახურული პროექტი იყო, რომელზეც ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

ერთია ინვესტორთან მოლაპრაკება და მეორეა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა გიგანტური ჰესის მშენებლობის მიმართ. ხაიშის მკვიდრნი უკან დახევას არ აპირებენ და მათ უკან მთელი სვანეთი დგას. მათი უკომპრომისო პოზიცია კი აიძულებს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩვენების წელს განსაკუთრებით ფრთხილი და მოზომილი იყოს.

ამ დროს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფად იზრდება და იმპორტიც მატულობს. ეს კი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას პრობლემას უქმნის. არადა, ქვეყნის ჰიდროპოტენციალის გათვალისწინებით რეალურად არსებობს შანსი საქართველო ელექტროენერგიის კუთხით მართლაც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიღწევას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.

„ყველა პროგრამა, რომელიც კეთდება ენერგეტიკაში არის ათწლიანი. ამ პერიოდში ყველა ძირითადი ჰიდროელექტროსადგური უნდა დამთავრდეს საქართველოში, რომელიც დაწყებულია და მათ შორის ყველაზე მთავარია „ხუდონი“, „ნამახვანი“, „ნესკრა“, ასვეე ენგურის აუზის ძირითადი სადგურები. ამ პროექტების დასრულების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მატება იქნება გენერაციაში. ამავდორულად გეგმაშია თბოელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც იქნება უფრო მაღალეფექტური, ვიდრე დღესაა. თუ ეს პროექტები განხორციელდება, ნამდვილად იქნება საშუალება, რომ ქვეყანა მთლიანად იქნას უზრუნველყოფილი“, - აცხადებს მირცხულავა.