„როგორც ჩანს, მარგველაშვილიც ეძებს გამოსავალს, როდესაც შეძლებს, სახე შეინარჩუნოს“

„როგორც ჩანს, მარგველაშვილიც ეძებს გამოსავალს, როდესაც შეძლებს, სახე შეინარჩუნოს“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„ჯერჯერობით ასეთი ინიციატივა არსებობს. ჩვენი მთავარი ყურადღება და კონცენტრაცია არის იმ იმედზე, რომ საბოლოო შეთახმება მიღწეული იქნება ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში არსებობს. წინაასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურ ვადად სამი თვე არსებობს ბელგიაში და სხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. სახელმწიფო უმაღლესი სტრუქტურების შეთახმება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ იყოს ზედმეტი ვალდებულებები საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, ამის რეგულაცია კანონით მოახდონოს, ამაზე იყოს ბჭობა და დაპირისპირებები. პოლიტიკურ სპეკულაციას განვითარების საშუალება არ უნდა მიეცეს - ეს დამოკიდებულია პრეზიდენტზე. თუკი პრეზიდენტი სწორ ნაბიჯს გადადგამს, იქნება არამარტო პოლიტიკურად სწორი, არამედ მართებული ჩვენს საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში“, - აცხადებს ვოლსკი.

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მეორედ უარყოფს პრეზიდენტის განკარგულებას, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იგივე აქტი წარუდგინოს მთავრობას. როგორც ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, ეს ნიშნავს, რომ შეიცვლება არჩევნების თარიღი. 6 თვის შემდეგ თავიდან გადაწყვეტს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს და თავიდან უნდა დაიწყოს მათ შორის კონტრასიგნაციის პროცედურაც. ეს გამოიწვევს იმას, რომ თარიღი შეიცვლება. ამავე დროს გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი შეიქმნება, რადგან პარლამენტს ამოეწურება კონსტიტუციით დადგენილი ვადა და ვერ ჩაინიშნება შესაბამის დროში არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ოქტომბრის შემდეგ უნდა გადაიწიოს არჩევნების თარიღმა. ფაქტობრივად გამოვა, რომ ამ პერიოდში საკანონმდებლო ორგანო არ იქნება ფუნქციური, რადგან მას აღარ ექნება კონსტიტუციური მანდატი. ეს ნამდვილად არ იქნება სასურველი ქვეყნისთვის“. - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის, ხოლო მიზეზი საკმაოდ ხელოვნურად გამოიყურება. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება, რომელიც თვლის, რომ მთავარი დამნაშავე მაინც მედიაა, რომელსაც ხშირად, არასაჭირო თემებზე გადააქვს აქცენტი.

რამაზ საყვარელიძე: პოლიტიკური კრიზისი გინდ მთავრობაში, გინდ პარლამენტში მაშინ დგება, როდესაც გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ არის და უნდა მოხდეს მთელი რიგი პროცესების გადათამაშება. ასეთი სიტუაცია ამ მომენტისთვის არ არის, მაგრამ თუ გადაიდგა ეს ნაბიჯები, გაჯიუტდა პრეზიდენტი და ა.შ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება.

თუ გადავადდა არჩევნები ეს ნიშნავს, რომ ეს პარლამენტიც და მთავრობაც ვადაზე მეტხანს აღმოჩნდებიან მართვის პულტთან და ეს შექმნის პრობლემებს.

თუ კანონი შეცვალეს, ეს ისეთი რამაა, რომელიც ყველა კრიზისიდან გამოგიყვანს, თუმცა გარკვეული ჩიხური სიტუაციები შეიქმნება.

ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურად ჩნდება კითხვა რა სურს პრეზიდენტს, პროცესების პოლიტიკურ კრიზისამდე მიყვანა?

- როგორ ჩანს, მარგველაშვილიც ეძებს ისეთ გამოსავალს, როდესაც პრეზიდენტი შეძლებს, სახე შეინარჩუნოს. ვფიქრობ, რომ მარტივი შეცდომის შედეგი იყო მთელი ეს არეულ-დარეულობა, მარგველაშვილს განკარგულება რომ არ გამოეცა, ალბათ, არც არაფერი მოხდებოდა.

მგონია ეს შეეშალა - არ იცოდა, რომ არ იყო აუცილებელი ასეთი განკარგულების გამოცემა და იმ დროისთვის რაზედაც შეთანხმდებოდნენ, შეიძლებოდა, გამოქვეყნებულიყო გადაწყვეტილება არჩევნების თარიღის შესახებ.

ამ ბუზიდან იმხელა სპილო გაიზარდა, რომ შეიქმნა სიტუაცია, რაც გვაქვს. ვფიქრობ, რომ ახლა მარგველაშვილი ამ გაუგებრობიდან ეძებს გამოსავალს თან ისე, რომ შეინარჩუნოს მისი, როგორც პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება.

შეიძლება, რომ პრეზიდენტმა ასეთი შეცდომები დაუშვას?

- როგორ გეკადრებათ, ასეთ მოთხოვნას ნურავის დავუყენებთ, რომ არავის არაფერი შეეშალოს, ეს პატარაობაში გვეგონა, რომ მშობლები არ ცდებოდნენ, მერე ვნახეთ, რომ ყველანი ადამიანები არიან და რაღაც ეშლებათ. პრზიდენტების ან დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს მიმართ ხშირად ისმის, როგორ შეეშლებაო - ყველას შეიძლება შეეშალოს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. სასურველია, ჩვენც გამოვიდეთ იმ ასაკიდან როდესაც გვეგონა რომ მშობლები ყველაზე ღონივრები და ძლიერები არიან ამ ქვეყანაზე.

შესაძლებელი იქნება ორივე მხრიდან კომპრომისის შემთხვევაში პროცესების ისე წარმართვა, რომ ეს გაუგებრობა ყველასთვის უმტკივნეულოდ დასრულდეს?

- ორივე მხრიდან კომპრომისის შემთხვევაში საერთოდ არ შეიქმნებოდა მსგავსი ვითარება. ოღონდ ნორმალური კომპრომისის, დეტალებამდე რომ გაიწეროს, რაზე არიან შეთანხმებული - მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს კომპრომისის შემთხვევაში.

საკმაოდ დიდი ხანია, რაც გრძელდება ეს ყველაფერი - ალბათ, სურვილის შემთხვევაში ინციდენტის უმოკლეს ვადაში ამოწურვაც იქნებოდა შესაძლებელი - ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესს უშლის ხელს თუ ჯერ ასეთი ტენდენცია არ გამოკვეთილა?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ თუ კიდევ გადაიწევა და გადმოიწევა თარიღები, მერე უკვე შეიქმნება გაუგებრობები.

როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი კომპრომისზე რომ წავიდეს, ეს მის იმიჯსა და რეიტინგზემომაკვდინებელზეგავლენას მოახდენს?

- უამრავი რეალური პრობლემაა, გნებავთ საქართველოში, გნებავთ, მის გარეთ. რაში გვჭირდება დაშვებებზე აწყობილი მსჯელობა? იმის მიხედვით, როგორი ინტონაციით იტყვის ადამიანი რაღაცას, როგორ მოიქცევა, აბსოლუტურად იცვლება ვითარება. როდესაც ჭადრაკს თამაშობთ, მაშინ შეიძლება, დაშვებებზე ააგო სიტუაცია, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვთამაშობთ? როგორ ვისაუბრო იმაზე, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა და როგორ მოხდება არ ვიცით?!

დაშვევები და ვარაუდები არ უყვარს პოლიტიკას. შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს - როდესაც პროგნოზს აკეთებ, პასუხისმგებლობას იღებ, ამ ტიპის მოვლენები კი არაპროგნოზირებადია - არავინ იცის ვინ როგორ მოიქვცევა.

თქვენც აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, გაქვთ ახსნა, რატომ ხდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად ისეთ თემებზე აქცენტის გადატანა, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია? თუნდაც დღევანდელი აქტუალური თემა ავიღოთ - პრეზიდენტის და მთავრობის კინკლაობა, რომელიც უსასრულოდ გრძელდება...

- ეს უკვე ჟურნალისტების პრობლემაა - თემის აქტუალობას ქმნიან ჟურნალისტები - თემის პოვნა არ უყვართ. ეს თქვენ არ გეხებათ, for.ge-ს ძალიან ფართე სპექტრი აქვს. უმრავლეს შემთხვევაში თემას ჟურნალისტი იღებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესიდან - ამან ეს თქვა და მოდით, ეს ვაქციოთ თემად. არ არის თემების მოპოვების ეს მეთოდი დამაკმაყოფილებელი, რადგან ერთ მშვენიერ დღეს რომ გაჩუმდეს ყველა პოლიტიკოსი და ხმა არ ამოიღოს, დარჩებით უსამსახუროდ.

ჟურნალსტს უნდა შეეძლოს თემის შექმნა - დავუშვათ, მათხოვარი დგას ხელგაწვდილი, მიდით და გაარკვიეთ, რამდენი აქვს შემოსავალი, ან მის უკან მაფიაა თუ რეალური მათხოვარია?

განათლების სისტემა პრაქტიკულად, ინგრევა და მიტინგი მიტინგზეა, გაარკვიეთ რა ხდება რეალურად?.. - ანუ არის პროცესები მშვიდიც და მყვირალაც. დაანებეთ ამ პოლიტიკოსებს თავი!

თუმცა ექსპერტებიც და ჟურნალისტებიც საყვედურობენ დღევანდელ პოლიტიკოსებს, რომ თემას ვერ ქმნიან, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებას არაფრისგან ამბის შექმნა კარგად გამოსდიოდა და როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ნაციონალებს ძლიერი პიარი ჰქონდათ. დღევანდელ ხელისუფლებას კი სუსტი პიარი რეიტინგის პრობლემას უქმნის...

- ამიტომ მიგაბათ წინა ხელისუფლებამ პოლიტიკაზე, ნახეთ უცხოური მედიაც ასეა მიბმული პოლიტიკაზე, როგორც ჩვენი მედია? პოლიტიკოსი ცდილობს, რაც შეიძლება, ხშირად ტრიალებდეს მასზე სიუჟეტი, მაგრამ თქვენ თქვენი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა გქონდეთ არ იყოთ ვინმეზე დამოკიდებული.

თქვენ ახლა დამოკიდებული მედია ხართ, არა იმ მხრივ, რომ ხელისუფლებას უჭერთ მხარს, არამედ პოლიტიკოსებზე ხართ დამოკიდებული და ალბათ, უნდა გქონდეთ იმისი სურვილი, რომ მოწემენდილ ცაზეც შეგეძლოთ სიუჟეტის აგება.