„მოვდივართ არა შურისძიების ახალი ტალღის გასახსნელად, არამედ ბოღმის დასასრულებლად“

„მოვდივართ არა შურისძიების ახალი ტალღის გასახსნელად, არამედ ბოღმის დასასრულებლად“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, თუმცა, დეპუტატი ირწმუნება, რომ მისი თვითმიზანი ლიდერობა არასოდეს არ ყოფილა. კანონმდებელი პარტიის საარჩევნო ლოზუნგებსაც ასაჯაროვებს და პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაპირისპირების დასრულებაზე აპელირებს, რადგან ფიქრობს, რომ საქართველო შურისძიების ახალ ტალღას ვერ გადაიტანს.

ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შეფასების მიზნით, for.ge უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს ესაუბრა:

ევროკომისია საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას სრულად უჭერს მხარს, ევროპარლამენტი კი, საკითხზე 21-22 აპრილს იმსჯელებს. პარლამენტმანაციონალური მოძრაობისმიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო, თუმცა, თქვენს მიმართ მოწოდებაც გაკეთდა, რომ თქვენს პარტნიორებთანევროპის სახალხო პარტიასთანკონსულტაციები გამართოთ, რომელთა შორის ერთსულვნება არ არის. მმართველი გუნდი ბრალს გდებთ, რომ თქვენ პროცესს ხელს უშლიდით. ახლა რას აპირებთ?

- ყველა ასეთ სისულელეს პასუხი რეზოლუციის მიღებით გაეცა. ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დაწყებული და ამ პროცესს მხარს ვუჭერდით. ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ევროპული მომავლის დასასრული არ არის და პარტნიორებთან ვმუშაობთ, ვიზების შემდეგ, რა უნდა იყოს და ქვეყანა რა ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ. ამიტომ, ჩვენთვის ეს საკითხი აბსოლუტურად პრიორიტეტულია. რაც შეეხება იმ კითხვის ნიშნებს და პრობლემებს, რომლებიც ბრიუსელშია, კითხვები მხოლოდ იმის გამო ჩნდება, რაც საქართველოში ხდება.

როდესაც გასული წლის ოქტომბერში, ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის დახურვა დააპირა, ბრიუსელში ამან უზარმაზარი პრობლემა შექმნა. მაშინ ევროპარლამენტარების ძალიან დიდი ნაწილი ამბობდა, რომ თუ „რუსთავი 2“-ს ხელისუფლება წაიღებდა, საქართველო უვიზო მიმოსვლას ვეღარ მიიღებდა. ამიტომ პრობლემა, რომელიც ბრიუსელში იქმნება, საქართველოს არასწორი ნაბიჯების გამო იქმნება და არა იმის გამო, რომ ვინმე საკითხს მხარს არ უჭერს.

რაც შეეხება „სახალხო პარტიას“, ევროპარლამენტში საქართველოს მასზე დიდი მხარდამჭერი არ ჰყოლია. ყველა რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია საქართველოს ევროპული მომავალი თუ ტერიტორიული მთლიანობა, „სახალხო პარტიის“ მიერ ინიცირებულია. ბრიუსელში ჩვენი მეგობრები არიან და საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მტრები არ გვყავს, მაგრამ ამ მეგობრებს იმის დანახვა სურთ, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება და ქვეყანა ევროპული არა მხოლოდ იმით ხდება, რომ ვიზებს ელოდება, არამედ იმითაც, ქართული საზოგადოება და ქართული დემოკრატია თუ როგორ ვითარდება. ამიტომ კითხვის ნიშნებს მთავრობის ნაბიჯები ქმნიდა და არა ოპოზიციის კონტაქტები „სახალხო პარტიასთან“. რა თქმა უნდა, მათთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, ყველა ეტაპზე, ჩვენი პოზიცია მკაფიო იყო, რომ მთავრობის არასწორი ნაბიჯების გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.

თუმცა, „სახალხო პარტიისთავმჯდომარემ, ჯოზეფ დოლიმ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მისი განცხადების შესაბამისად, ბრალდების ისრები თქვენს მხარეს გადმოვიდა...

- ეს მისი პოზიცია იყო, თუმცა, მან საჯაროდ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან და „სახალხო პარტიასთან“ ურთიერთობაში ყოველთვის ითხოვდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მხარი დაეჭირათ და გადაწყვეტილება მიღებული ადრე ყოფილიყო. მოგვიანებით, მან თქვა, რომ უვიზო მიმოსვლას მხარს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „სახალხო პარტია“ უჭერს და ახლა ყველაფერი საქართველოს მთავრობის ხელშია, რომელმაც ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, რომელიც ბრიუსელში ჩვენს მეგობრებს დააეჭვებს, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება. ჯოზეფ დოლის პირველმა განცხადებამ კითხვის ნიშნები მართლა გამოიწვია, მაგრამ შემდეგ განცხადებებში განმარტა, რას გულისხმობდა.

ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ეროვნული ინტერესია, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობასპარტიული ინტერესებიც აქვს. თუკი ევროპარლამენტი პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ, ეს ხელისუფლების წარმატება იქნება. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ თქვენთვის ეს დარტყმა არ იქნება?

- აბსოლუტურად სწორი კითხვაა. ძალიან კარგად მესმის, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის გარდაუვლად პოზიტივი გახდება. ეს საკითხი მაშველი რგოლი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ მან პოზიტივი ააწყოს, მაშინ, როდესაც პოზიტივი არცერთი მიმართულებით არ აქვს. მას შეეძლება თქვას - აი, რამხელა შედეგს მივაღწიე. ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ამის მიუხედავად, მხარს ვუჭერთ, რომ ვიზალიბერალიზაცია ზაფხულში იქნეს მიღებული, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ძალის პარტიული თუ საარჩევნო ინტერესი.

მესმის და გეთანხმებით, რომ არჩევნების წინ, ხელისუფლებას ეს საკითხი პოზიტივს და პლუსს ჩაუწერს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს პოზიტივი ჰქონდეთ, ოღონდ, საქართველომ ის მიიღოს, რაც ეკუთვნის. არჩევნების გამო, ჩვენ საქართველოს ევროლიბერალიზაციას არ შევაფერხებთ. პირიქით, ვაცნობიერებთ, რომ ამით შესაძლოა, ხელისუფლებას დავეხმაროთ, მაგრამ უვიზო მიმოსვლას მაინც მხარს ვუჭერთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლო ელემენტია და ამ გადაწყვეტილების გადადების უფლება არ გვაქვს. მსოფლიო პრობლემების ფონზე, რომელიც შენგენს ემუქრება, ასევე ტერორისტებსა და დევნილებს ეხებათ, თუკი დღეს ვერ გავძვრებით და ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებთ, ამან შეიძლება ბევრი წლით გადაიწიოს. ყველა ვალდებული ვართ, პარტიული და საარჩევნო ინტერესები გვერდზე გადავდოთ და ყველაფერი ამ გადაწყვეტილებისთვის გავაკეთოთ.

თქვენ ამბობთ, რომ ეროვნული საკითხი პილიტიკურმა ინტერესებმა არ უნდა შეიწიროს. თქვენს გუნდში თქვენს მსგავსად ფიქრობენ?

- დიახ, ყველა ასე ფიქრობს და ეს საერთო პოზიციაა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს, პრეზიდენტი სტარტის აღებას მაისში ითხოვს, პრემიერი ივლისში. მათ არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი ერთობლივად გამოაცხადეს, თუმცა, ამჟამად, პოლიტიკურ ჩიხში არიან. ამ თვალსაზრისით, მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?

- რბილად რომ ვთქვათ, მთელი ის პროცესი ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, როდესაც მთავრობის კანცელარიაში სრულიად მოულოდნელად შეხვედრა შედგა, სადაც მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, უცებ, აღმოჩნდა, რომ არჩევნების დანიშვნაზე უსაუბრიათ. მოგვიანებით უცნაური ფორმით გვითხრეს, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს იქნება, მაგრამ არ შეიმჩნიოთ, რომ ეს 8 აგვისტომადე იცითო. როდესაც ამ საკითხზე პოლიტიკურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირეს, კონტრასიგნაციას პრემიერის უარი მოჰყვა. პრემიერის შეთავაზებაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაიწყოს, პრეზიდენტი გაბრაზდა და თქვა, რატომ მომატყუეთო. ანუ, სრულიად არასერიოზული პროცესი წარიმართა, რომელიც კლასიკური მაგალითი იყო, ქვეყანაში თუ როგორ შეიძლება დაზიანდეს პოლიტიკური პროცესები.

უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები სახუმარო, სათამაშო და ერთმანეთთან დასაპირისპირებელი თემა არ არის. ეს არის მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს, მომავალი ოთხი წლის მანძილზე, საქართველო სად იქნება და როგორ განვითარდება.

მთავრობისგან განსხვავებით, შეზღუდვები არ გემუქრებათ, თუმცა, თქვენ სამთვიან წინასაარჩევნო პერიოდს უჭერთ მხარს, თუ ხუთთვიანს?

- ხუთთვიან პერიოდს ვემხრობი. თუკი არჩევნების თარიღს დღეს ვნიშნავთ, მაშინ საარჩევნო პერიოდი აქტის გამოცემისთანავე უნდა დაიწყოს. საარჩევნო პერიოდი დემოკრატიის დაცვის მექანიზმია, სადაც მთელი რიგი გარანტიები ირთვება. მედიის მუშაობა გაკონტროლდება, რომ ის ობიექტური იყოს და თანაბარი დრო ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს. ამასთანავე, პარტიები უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ. ანუ, საარჩევნო პერიოდში ბევრი ისეთი მექანიზმია, რომელიც უფრო ხარისხიან და დემოკრატიულ არჩევნებს უზრუნველყოფს. ამიტომ, ეს პერიოდი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო მაღალი ხარისხის არჩევნები გვექნება. ვხედავთ, რომ ძალიან დაძაბული და მძიმე საარჩევნო კამპანია იქნება. შესაბამისად, არჩევნების ხარისხს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება პოსტსაარჩევნო სიტუაციის სტაბილურობისთვის და არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის არჩევნები გვქონდეს, რომლის შედეგსაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე მიიღებს. მთავრობის არგუმენტი არასერიოზულად მიმაჩნია, რომ თურმე, წინასაარჩევნო პერიოდს იმიტომ ვერ დაიწყებს, რომ 7 მილიონი ლარი არ გვაქვს. ქვეყანაში პრემიებსა და დანამატებში ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. მომავალ ექვს თვეში, კონცერტებში 30 მილიონი დაიხარჯება და ამის ფონზე იმის თქმა, რომ ხარისხიანი არჩევნების ჩატარება არ შეგვიძლია, წარმოუდგენელია. ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში რომ შვიდი მილიონის დახარჯვა დაგენანოს და თქვა, მირჩევნია, რობი უილიამსი ჩამოვიყვანო და მას ხუთი მილიონი ლარი დავახარჯოო, ეს არასერიოზული მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ რობი უილიამსის დიდი ხნის ფანი ვარ და მიხარია, რომ ჩამოვა.

წინასაარჩევნო კამპანიას ხუთი თვით ადრე თქვენ რატომ არ ნიშნავდით და არჩევნების თარიღს უფრო ადრე რატომ არ აცხადებდით? - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციას ადმინისტრაციული პროცედურებისთვის სულ რამდენიმე დღე ჰქონდა...

- ეს პრობლემა იყო და ოპოზიციის ერთ-ერთი პრეტენზიის საბაბი იყო, რომელიც სამართლიანი იყო, თუმცა, ფორმალური ვადები არასოდეს არ დაგვირღვევია. როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ რაღაც არ მოგწონს, ხელისუფლებაში რომ მოხვალ, უნდა გააკეთო, რადგან შენც თუ არ გააუმჯობესე, გამოდის, რომ ხალხი მოატყუე და ისინი გამოიყენე. უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენც ამ სტანდარტით გვემუშავა და მომავალში აუცილებლად ამ სტანდარტით ვიმუშავებთ. პრობლემა სწორედ ისაა, რომ თუკი უკან ვიყურებით და ვამბობთ, რომ ათი წლის წინ ასე იყო, მაშინ კიდევ უფრო ათი წლის წინ გავიხედოთ და წინ ვერ წავალთ. არჩევნების თარიღი საერთოდ რომ არ თქმულიყო და 60 დღით ადრე დანიშნულიყო, ვიტყოდით, რომ ეს კარგი არ არის და ხმას არ ამოვიღებდით. არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიების თარიღების გამოცხადება იმდენად აბსურდული ფორმებით მოხდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური თემა აღარ არის და სამართლებრივ ჩიხში არიან. პრეზიდენტი ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდს 8 მაისიდან დაიწყებს, პრემიერი 8 ივლისს ასახელებს, თუმცა, კანონით, კონტრასიგნაციისთვის იმავე აქტის გადაცემა 6 თვით იკრძალება. სრულიად აბსურდში ვართ შესულები.

ნაციონალური მოძრაობისსტრატეგია, ლოზუნგი რა იქნება? პოლიტიკურ ფლანგზე ბევრი მოთამაშე შემოვიდა და თქვენთვის ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რადგან პრეტენზია მეორე ადგილზე გაქვთ...

- საარჩევნო პროგრამა უკვე გვაქვს, მაგრამ მის დეტალებს არ გავასაჯაროვებ, რადგან მისი პრეზენტაცია ცალკე მოვლენაა. სიის დაკომპლექტებისას მთავარი იქნება კომპეტენცია, ახალი ენერგია და მცოდნე ადამიანები. ეს პრიორიტეტი იქნება როგორც სიის დაკომპლექტებისას, ასევე საარჩევნო პროგრამაშიც. ქვეყანაში არაკომპეტენტურობამ, უცოდინრობამ და უნიათობამ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა. ჩვენი კონტრასტი იქნება ის, რომ ცნობილი სახეები წარვადგინოთ. როცა ახალ სახეებზე ვსაუბრობთ, ეს უცხოს არ ნიშნავს. ჩვენი ამოცანა იქნება, საზოგადოებისთვის ცნობილი, წარმატებული და კვალიფიციური ადამიანები წარვადგინოთ.

თქვენს სიაში ახალ სახეებად წარდგენილნი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიცნაციონალურ მოძრაობასთანასოცირდებიან?

- შერეული იქნება. ვინც პარტიას ქმნის, ისინი წარმოდგენილი იქნებიან და რაღაც დოზით განახლება მოხდება. ჩვენი პირველი შეთავაზება სპეციფიური პროგრამის წარმოდგენა იქნება, რომელიც ეხება ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას, სიღარიბის დაძლევას და ხალხის პრობლემის მოგვარებას. სამწუხაროდ, ამ მთავრობამ ოთხი წლის თავზე ასეთი გეგმა ვერ შექმნა. მეორე პრიორიტეტი იქნება იმის ჩვენება, რომ ჩვენ მოვდივართ არა შურისძიების ახალი ტალღის გასახსნელად, არამედ დღეს არსებული დაპირისპირების და ბოღმის დასასრულებლად. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდში ახალი სახეების გამოჩენა და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი ამოცანა, შურისძიების დასრულება იქნება. არჩევნების შემდეგ ყველაფერ იმას წერტილს დავუსვამთ, რაც დღეს უსამართლოდ მიგვაჩნია. მავნე პრაქტიკად მიგვაჩნია, როცა ოპოზიციის დევნა და ადამიანების სამსახურებიდან გაშვება ხდება. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან საქართველო შურისძიების ახალ ტალღას ვერ გადაიტანს. ბოღმას, შურისძიებას და ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დავანებოთ და საქმის კეთება უნდა დავიწყოთ. ანუ, ჩვენი ლოზუნგი იქნება, რომ ჩვენი მოსვლა შურისძიების შეჩერებას ნიშნავს.

ადამიანებს, რომელთაცნაციონალური მოძრაობისმმართველობა ახსოვთ, თქვენი ეს ლოზუნგი დამაჯერებელი იქნება? გასაგებია, რომ დავით ბაქრაძეს შურისძიების გრძნობა არ აქვს, მაგრამ თქვენს რიგებში შურისძიებას მოწყურებული ადამიანებიც რჩებიან...

- პირველი ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მექნება, „პოლიტიკური შერიგების შესახებ“ კანონი იქნება, რადგან არ მაინტერესებს, 2012 წელს „ოცნების“ მაისურით ვინ დარბოდა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ვინ მომცა და ვინ - არა. ეს ადამიანები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და პენსია ყველას სჭირდება. ძლიერ ქვეყანას ვერასოდეს ვერ ავაშენებთ, თუკი ერთმანეთს პარტიული ინტერესების გამო ხელი ვკარით. ამიტომ არ მაინტერესებს, ჩვენი მოწინააღმდეგე ვინ იყო და ხელს ვინ გვიშლიდა. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და „ქართული ოცნებით“ დასრულებული, ყველა ადამიანს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანა სტაბილურობისკენ მიდის.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ბიზნესამნისტია და დეკრიმინალიზაცია იქნება, რადგან ასევე არ მაინტერესებს, რომელ ბიზნეს აიძულებდნენ, ფული „ოცნების“ ხაზინაში შეეტანა. ორი არჩევანი გვაქვს, ან მთლიანი საზოგადოება გავაგრძელებთ განვითარებას, ან დაპირისპირებით და დახლეჩვით წინ ვერასოდეს ვერ წავალთ.

ჩვენი მესამე მიმართულება, ნატოს წევრობა, ევროკავშირი და დეოკუპაცია იქნება.

დავით ბაქრაძე, რომელსაც NDI- კვლევებით, 15 პროცენტიანი პოზიტივი აქვს, პარტიას რას მისცემს?

- როდესაც პარტიულ ბრძოლაში ერთვები, ყველაფერი უნდა მისცე, რაც შეგიძლია. ჩემი გადაწყვეტილება, რომ ამ გუნდში ვიყო, იმას ნიშნავს, რომ მათ ყველაფერს მივცემ, რაც სჭირდებათ. იმ აზრისგან ძალიან შორს ვარ, რომ იდეალური ან კარგი პოლიტიკოსი ვარ. საზოგადოების ნაწილი ვარ ჩემი პლუსებით და მინუსებით. იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდისთვის პლუსი მეტი იქნება. პოლიტიკა იდეალურთა გუნდი არ არის, ისევე როგორც პარლამენტი არ არის ანგელოზთა კრებული. მთავარია, ხალხი იმას ხედავდეს, რომ პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის წინ წაყვანა შეუძლია და ის რევანშისთვის მოსული არ არის. მთელი გუნდი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ.

ნაციონალური მოძრაობისსაარჩევნო სიის პირველი ნომერი სავარაუდოდ, თქვენ იქნებით. თქვენ პარტიის ლიდერობის სურვილი არ გაქვთ, თუ ამ საკითხზე თქვენს შორის ისედაც დაპირისპირებაა?

- ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ, რომ სიის პირველი ნომერი ვიქნები. რაც შეეხება ლიდერობას, ჩემი თვითმიზანი ლიდერობა არასოდეს არ ყოფილა. რამდენიმე სასაცილო კომენტარი წავიკითხე, ბაქრაძეს ამხელა რეიტინგი საიდან აქვს, ტელევიზორის ეკრანზეც კი, არ ჩანსო. როგორც ჩანს, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეკრანზე რაც უფრო ხშირად გამოჩნდებიან, მით უფრო შეიყვარებენ. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე. ჩემი ამოცანა, არც ეკრანზე ყოფნაა და არც ამ გზით ლიდერობა. ბევრ ადამიანს ვხვდები და ეს პოლიტიკოსის ამოცანაა. პარლამენტის წევრი ხელფასს ხალხის პრობლემების მოსმენისთვის და მათი გადაჭრისთვის იღებს და არა ეკრანზე ყოფნისთვის.