საქართველოში “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის” შესახებ რამდენიმე თვის წინ აქტიურად მსჯელობდნენ. ბოლო დროს, მასზე საუბარი მიწყნარდა. თუმცა რეალურად, ჩვენს ქვეყანაში ეს ინსტიტუტი თურმე უკვე მოქმედებს. უბრალოდ, შესაბამის სისხლის სამართლებრივ საქმეებს ელოდებიან. კერძოდ, ისეთი დანაშაული ჯერ არ მომხდარა, რომელზედაც მსჯელობა ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციაა. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტის ჩადენაზე. მართალია, ასეთი შემთხვევების შესახებ გვსმენია, მაგრამ ყველა მათგანში ბრალდებულმა საკუთარი დანაშაული აღიარა და მას ნაფიც მსაჯულთა კომპეტენცია უკვე აღარ სჭირდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დავით სულაქველიძე მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში უნდა მოისინჯოს. სულაქველიძის აზრით, ჩვენს მოსახლეობაში სამართლებრივი ნიჰილიზმის დიდი პროცენტია. ამდენად, ამ სიახლის დანერგვა ფართო საზოგადოებას სამართალში მაინც გაათვითცნობიერებს.
როგორ შეაფასებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვას საქართველოში? რამდენად აპრობირებულია ეს ინსტიტუტი და გაამართლა თუ არა მან უცხოეთში?
_ როცა მეკითხებიან, რამდენად გაამართლებს და მისაღებია თუ არა ჩვენთვის ნაფიცი მსაჯულები, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ყველაფერი ახალი დრომ უნდა გამოსცადოს. ჩვენ არ შეგვიძლია შეუმოწმებლად ვთქვათ, 100%-ით გაამართლებს თუ არა. უბრალოდ, უცხოეთში მან გაამართლა. თუმცა იქ იმდენად წინ წავიდნენ სამართლებრივი სისტემის განვითარების თვალსაზრისით, რომ ბევრი უკვე ნაფიც მსაჯულებს პროფესიონალ მოსამართლეებს ამჯობინებს. იმ დროს, როცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაჩნდა, პროფესიონალური იურისპრუდენცია და სამართალი ჯერ კიდევ არ იყო კარგად განვითარებული. მით უფრო, ასეთ მაღალ დონეზე განვითარებული არ ყოფილა. ახლა კი უცხოეთში სამართალი ძალიან მაღალ დონეზეა.
რამდენად გაამართლებს ნაფიცი მსაჯულები საქართველოში, ამაზე მსჯელობა ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგს მაინც მოიტანს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ფართო საზოგადოებას გაათვითცნობიერებს სამართალში, თანამედროვე ცივილიზებული სამართლის პრინციპებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღეს საზოგადოებაში სამართლებრივი ნიჰილიზმის დიდი პროცენტია. ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოება სამართლის პრინციპებს არ იცნობს. როცა ხალხმა იცის, რა არის სამართალი და მისი პრინციპები, ეს მასზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ამიტომ სულ სხვაგვარად განეწყობიან კანონისა და სამართლებრივი სისტემის მიმართ.
თუ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, მათი სიცოცხლე რამდენად იქნება დაცული?
_ არა მგონია, მათ რაიმე საფრთხე დაემუქროთ. ასე რომ იყოს, მაშინ ვერც მოსამართლედ და ვერც პროკურორად ვერ იმუშავებდნენ. ასეთი ინციდენტები მოსალოდნელი არ უნდა იყოს. რეალურად, აქ უფრო საშიშია პოტენციური ნაფიცი მსაჯულების შინაგანი თვითცენზურა. მოგეხსენებათ, ჩვენთან მაინც ტრადიციული ურთიერთობები არსებობს. ამიტომ ადამიანები ყოველთვის იმას ფიქრობენ, ვინმეს არ ვაწყენინო, საზოგადოება როგორ შემომხედავს, რას იტყვიან, თუკი ცალკეული პიროვნება გავამართლე ან დამნაშავედ ვცანი, როგორ შეხედავენ ამას მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. ამ მხრივ, რაიმე ხიფათზე მეტად შეიძლება ნეგატიურად ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოლოდინმა უფრო იმუშაოს.
ნაფიც მსაჯულებზე თავდასხმა არც უცხოეთში მომხდარა?
_ არის ქვეყნები, სადაც მოსამართლეებზე თავდასხმა ხდება. იმავე ესპანეთის ზოგიერთ ოლქში, როგორიცაა ბასკეთი, ასეთი შემთხვევები ყოფილა და ამას თავისი განსხვავებული საფუძველი აქვს. ასევეა იტალიაშიც.
იქაც არასწორი გადაწყვეტილებები გამოაქვთ?
_ არა, იტალიასა და ესპანეთში ძლიერი დანაშაულებრივი სტრუქტურები არსებობს: ესპანეთში – ტერორისტული დაჯგუფება „ეტა“, იტალიაში კი _ მაფიური კლანები. მინდა, იტალიის სამართალდამცავი სისტემის მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო _ მიუხედავად იმისა, რომ მაფიასთან ბრძოლაში ძალიან ბევრი მოსამართლე და პროკურორი დაიღუპა, ისინი მაინც არ ღალატობენ იმ პრინციპებს, რომლებსაც მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს. ეს ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია.
საქართველოში ხშირად უპირობოდ იზიარებენ ავტორიტეტის აზრს და ურთიერთგავლენის ქვეშ ექცევიან. რამდენად დაცულნი იქნებიან ნაფიცი მსაჯულები მათი ჟიურის რომელიმე წევრის ზეგავლენისგან და რა გარანტია გვაქვს, რომ ისინი ფსიქოლოგიურად ძლიერი წევრის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდებიან?
_ გეთანხმებით, ეს ნაკლი ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, რადგან ჩვენი ახალგაზრდები თავიდანვე დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჩვეულნი არ არიან. ცხოვრებაში მათ დიდხანს მიჰყვებიან მშობლები და უკვე მოწიფულ ასაკშიც კი პატარა ბავშვებად თვლიან. ამდენად, მოგვიანებითაც ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან მშობლის ან სხვათა შეხედულებებზე. ასეთი სტერეოტიპი სხვა ურთიერთობაშიც გადადის და იქაც მეგობრების, საზოგადოების გავლენიანი წევრების აზრებს ემორჩილებიან, საკუთარ აზრს მათ უხამებენ. ეს ინსტიტუტი სწორედ იმას წაადგება, რომ ფსიქოლოგიური ბარიერები დავძლიოთ და თანდათანობით საზოგადოება დამოუკიდებელ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების ავტონომიურად მიღებას მივაჩვიოთ.
თუ ეს ინსტიტუტი არ გაამართლებს, გამოსავალი რაშია? ეს მხოლოდ მორიგ ცდად ჩაითვლება?
_ რა თქმა უნდა, გარკვეული რისკი არსებობს. პირადად ჩემთვის დიდი რისკი არა იმდენად საზოგადოების, არამედ თვითონ პროცესში მონაწილე სტრუქტურების მოუმზადებლობაა. სასამართლო საქმიანობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ დღეს ადვოკატების აბსოლუტური უმრავლესობა დაბალი პროფესიული უნარ-ჩვევების გამო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის სათანადოდ მომზადებული არ არის. მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებსაც მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რაც ასე აუცილებელია შეჯიბრებითი პროცესისათვის.
ადვოკატებს რატომ აქვთ დაბალი პროფესიული უნარ-ჩვევები, მათ სათანადოდ არ ასწავლიან?
_ ჩვენ ტოტალიტარული საზოგადოებიდან გამოვედით. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში არ იყო თავისუფალი სამართლებრივი აზროვნება, ადვოკატურა არ იყო თავისუფალი ინსტიტუტი, იგი მთლიანად სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენდა. ადვილი არ არის, ასე უცბად დაძლიო და დამოუკიდებელი გახდე მენტალიტეტით. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანწილად ჯერ კიდევ იმ ძველ საზოგადოებაში ვართ ჩარჩენილნი.
ქართველებს დასავლეთისკენ სწრაფვა მოგვეძალა. რატომ უნდა გაამართლოს ჩვენში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა? იქნებ, ისევ საბჭოური პრაქტიკა სჯობდა, როცა სიმართლეს უფრო მეტად პოულობდა ადამიანი? არ ვგულისხმობ საბჭოურ მონურ ფსიქოლოგიას.
- ჩვენ უკვე გავიარეთ ის პრაქტიკა. ახლა ვნახოთ ახალი პრაქტიკა, წინდაწინ გადაწყვეტილად დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მერე შევადარებთ, რომელი ჯობდა და უფრო უტყუარ დასკვნებს გამოვიტანთ. ჩემში ყოველთვის ლაპარაკობს მოსამართლე და ამიტომ ყველაფრის მიმართ ასეთი მიდგომა მაქვს – თავს ვიკავებ წინასწარი შეუმოწმებელი დასკვნებისაგან. როცა ჩემთან კონკრეტული საქმე შემოდის, ის ადამიანი ჩემთვის არც დამნაშავეა, არც – უდანაშაულო, ის არის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, უნდა შევისწავლო საქმე და დავრწმუნდე მის ბრალეულობაში ან უდანაშაულობაში. აქაც ასეა, ვფიქრობ, ყავლი არ გასვლია დებულებას _ „ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის პრაქტიკა“.
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ მოსამართლეები მოსყიდულნი არიან. როგორ რეაგირებთ ამაზე, როცა იგებთ, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანეს? რა მდგომარეობაშია საქართველოს სამოსამართლო სისტემა?
_ ბევრი კარგი მოსამართლე გვყავს, თუმცა მოსამართლეთა ერთი ნაწილი არასათანადოდაა მომზადებული ამ სისტემისთვის, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია. სამოსამართლო ეთიკის კოდექსი მზღუდავს, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელო და შევაფასო _ მოსამართლეები ცუდები არიან თუ კარგები. ამიტომ თავს შევიკავებ ამ საკითხზე ფართო მსჯელობისაგან – არის ნაკლიც და ღირსებებიც.
სახელმწიფო ამტკიცებს, რომ სამოსამართლო სისტემა გამოსწორდა, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?
- ბუნებრივია, ნებისმიერი სახელმწიფო ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მისი სტრუქტურები უკეთესად გამოიყურებოდეს და საზოგადოებაში კარგი იმიჯი ჰქონდეს. მაგრამ ერთია სურვილი, მეორე – რეალობა. რეალობა რაც არის, კარგად ჩანს სასამართლო გადაწყვეტილებებიდანაც და საზოგადოების დამოკიდებულებიდანაც. ხალხი ამ სისტემის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ნეგატიურსაც და პოზიტიურსაც სწრაფად აღიქვამს. საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევა უნდა ჩატარდეს და აქედან გამომდინარე, ერთობლივად შეჯამდეს შედეგები.
ძველად საქართველოში თემი სადავო საკითხებს განიხილავდა. იმ დროს, როცა ჩვენში გაიგონებთ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება, უმჯობესი ხომ არ არის, ხალხის სამართალი რამენაირად ამოქმედდეს, თუნდაც ცალკეული გვარის შიგნით?
_ სხვათა შორის, ერთი რამ მინდა აღვნიშნო - გვაროვნულ-ადათობრივი ტრადიციების გავლენა არცთუ მცირეა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში. მოსამართლეები ამას იქიდან ვასკვნით, რომ არის რეგიონები, საიდანაც საქმეები თითქმის არ შემოდის. მაგალითად, ზემო სვანეთის რეგიონიდან საქმეები პრაქტიკულად არ მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ურთიერთობები ძველი ადათობრივი სამართლით გვარდება. ვერ ვიტყვი, ეს კარგია თუ ცუდი, რადგან არ ვიცით, იქ რა ხდება. უნდა იყვნენ მკვლევარები, რომლებიც მთის ხალხის მოქმედ ადათობრივ ნორმებს შეისწავლიან.
სამწუხაროდ, ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარები, სამართლის ისტორიკოსები დღეს ძალზე ცოტანი არიან. ისინი უნდა წავიდნენ ამ რეგიონებში და გაარკვიონ, რა ხდება იქ, მართლა კრიმინოგენური სიტუაციაა სუფთა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? მთის პრაქტიკას სხვა რეგიონებში ვერ გადმოვიტანთ, რადგან იქ რაც ხდება, ადგილობრივი მენტალიტეტითაა განპირობებული, რასაც თავისი საფუძველი აქვს. ასეთია იქაური რეალობა. მიმაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია შორეულ წარსულში დაბრუნება.
მე გახლდით სახელმწიფო კომისიის წევრი გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა 1999 წელს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი იქნა მიღებული. ამ კოდექსის პროექტის შედგენისას კომისია დილემის წინაშე დადგა: წინა კოდექსში განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა განზრახ მკვლელობის ჩადენა სისხლის აღების ნიადაგზე. კომისიას უნდა გადაეწყვიტა – დაეტოვებინა ეს დამამძიმებელი გარემოება, თუ ამოეღო? უნდა გადაგვეწყვიტა, იყო თუ არა ამის საჭიროება დღეს, თუ დავძლიეთ სისხლის აღების ტრადიცია? მაშინ კომისიამ ჩათვალა, რომ იგი დაძლეულია და აქტუალური აღარ არის სისხლის აღების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები. ამიტომ ამოვიღეთ და ახალ კოდექსში იგი აღარ არის შეტანილი დამამძიმებელ გარემოებად.
თქვენ მოქმედი კოდექსის ერთ-ერთი ავტორი ბრძანდებით. ახლანდელი გადასახედიდან რამდენად სრულყოფილია და დროის ცვლილებიდან გამომდინარე, ნაკლოვანების განცდა ხომ არ გაქვთ?
- ამჟამად მოქმედმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა მისი მიღებისა და ამოქმედების შემდეგ არაერთი სახეცვლილება განიცადა. შესაბამისად, იგი ძალიან შეცვლილია. ამიტომ დღეს სხვა რეალობაა. მე ვიტყოდი, როგორც მეცნიერი და არა როგორც მოსამართლე, რომ ზოგიერთი არცთუ ოპტიმალური ცვლილება შევიდა მასში, რადგან მიმაჩნია, რომ ცალკეული ცვლილება არც ისე ახლოსაა რეალობასთან. მაგრამ იმის თქმა, კანონი ცუდია, თუ კარგია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად სცილდება. მე, როგორც მოსამართლე, მოვალე ვარ, მივიღო იგი ისეთი, როგორიც არის და ადეკვატურად გამოვიყენო კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას.
მოსამართლეობის პერიოდში განხილულ საქმეებს შორის განსაკუთრებულად რომელი დაგამახსოვრდათ?
- ალბათ, მხედველობაში გაქვთ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ ჩემთვის, როგორც პროფესიონალი იურისტისათვის, გახმაურებული საქმე შეიძლება საერთოდ არ იყოს ღირებული. შესაძლოა, სრულიად უბრალო საქმე იყოს, თუნდაც წვრილმანი ქურდობის თაობაზე, მაგრამ ისეთი სამართლებრივი პრობლემა ჩანდეს იმ საქმეში, რომ ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ ამგვარი საქმეები აძლევს ბიძგს სასამართლო პრაქტიკას შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის. ახლახანს ჩვეულებრივი თაღლითობის საქმე განვიხილეთ, რაც დაკვალიფიცირებული იყო, როგორც დამთავრებული დანაშაული. სინამდვილეში, იქ ისეთი ნიუანსები იყო, რაც არ გვაძლევდა უფლებას, ჩაგვეთვალა, რომ ეს იყო დამთავრებული დანაშაული. რეალურად ადგილი ჰქონდა თაღლითობის მცდელობას, ამიტომაც მოვიდა საქმე საკასაციო ინსტანციაში მცდარი კვალიფიკაციით.
ეს მცდარი კვალიფიკაცია უზენაეს სასამართლოში შევცვალეთ, გავასწორეთ და უკვე დავნერგეთ ახალი სწორი პრაქტიკა. ასე, რომ გახმაურებული საქმე, შესაძლოა, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, საინტერესო არც იყოს, ძალზე ბანალურად გამოიყურებოდეს და სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის არაფერს წარმოადგენდეს.
მინდა გავიხსენო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა საქართველოში შემოხიზნული სამი მეამბოხე ჩეჩნის რუსეთისათვის გადაცემის საკითხი იხილებოდა. ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტისთვის პირობაც კი ჰქონდა მიცემული, რომ აუცილებლად გადასცემდა ჩეჩნებს. ამიტომაც მოსკოვიდან სპეციალური თვითმფრინავი გამოგზავნეს და ელოდებოდნენ ჩვენთან პროცესის დასრულებას, რათა პირდაპირ წაეყვანათ ისინი მოსკოვში. ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სამი ჩეჩენი რუსეთისათვის არ უნდა გადაგვეცა. და არა იმიტომ, რომ ის რუსეთი იყო, ჩვენ კი _ საქართველო, არამედ იმიტომ, რომ სამართლებრივი წინააღმდეგობები არსებობდა: საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამას რუსეთის მხრიდან საშინელი აღშფოთება მოჰყვა. როგორც გავიგე, იმ დროს რუსეთის პროკურატურიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დარეკეს და დიდი უკმაყოფილება და მკაცრი საყვედურები გამოთქვეს ქართული მხარის მიმართ. თუმცა, ყოველივე ამას აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების ბედზე არავითარი ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.