ლარს ნდობას კურსის გამყარება დაუბრუნებს

ლარს ნდობას კურსის გამყარება დაუბრუნებს

ლარის მომავლის მიმართ თანდათან ყველას იმედი გაუჩნდა. ბანკირები, ფინანსისტები და ექსპერტები უკვე ერთხმად ამბობენ, რომ ეროვნულ ვალუტას კარგი პერსპექტივა აქვს. ახლა მთავარია საზოგადოებაში ლარის მიმართ ნდობა აღდგეს.

„ვითიბი ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ლარის დასტაბილურებას რამდენიმე თვეში ელის, მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბატალიები ჩაივლის. კონცელიძე I კვარტალში ბანკების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს, კორპორაციული მიმართულებით შთამბეჭდავ ზრდას ამჩნევს, რადგან ბიზნესის აქტივობა მაღალია. გარკვეული შეფერხებებია სამომხმარებლო ბაზარზე, ლარის ნაკლებად პროგნოზირებადი კურსის გამო. მომხმარებელი ფრთხილობს სესხის აღებისას, შესაბამისად, ბაზრიდან არ არის საკმარისი მოთხოვნა. თუმცა, ბანკირი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოგვარდება.

სააბანკო სფეროს ექსპერტები კი კურსის გამყარებასთან ერთად უმნიშვნელოვანეს საკითხად ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის აღდგენას ასახელებენ. ამჟამად ლარის რეპუტაცია ძალიან არის შელახული და იმიჯის აღდგენაც ასე მალე ვერ მოხერხდება.

ეკონომისტ დავით ასლანიშვილის აზრით, თუ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ატარებს ეროვნული ბანკის ცოტათი განახლებული შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ლარის კურსის დასტაბილურების ნიშნები, რაც ამჟამად სახეზე გვაქვს, ალბათ, უფრო გაგრძელდება.

„პირველ რიგში ეროვნული ვალუტისადმი ნდობაა დასაბრუნებელი. ფინანსურ ენაზე ნდობის დაბრუნება ნიშნავს, რომ ლარმა უნდა დაიბრუნოს თავის დაგროვების ფუნქცია. 2013 წელთან შედარებით, მილიარდ ნახევრამდე ლარი იყო დეპოზიტებზე განთავსებული, ანუ მოსახლეობა ენდობოდა მას. ეს იყო ინვესტირების საშუალება. თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ნდობა შეარყია. საჭიროა ლარმა დაიბრუნოს ეს ფუნქცია, რაც გაზრდის მასზე მოთხოვნას და ამ მხრივ ლარის კურსის გამყარების პოზიტიური ტრენდი შესაძლოა ვიხილოთ“, - აცხადებს ასლანიშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს სავალუტო ვაჭრობის მეთოდზე და კურსის დადგენის გაუმჭვირვალობაზე. „ბლუმბერგის სისტემით ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად ხდება კურსის დადგენა, ეს არის სისტემის მთავარი მინუსი. ბანკთაშორის ბირჟაზე, რომელიც წლების წინ არსებობდა, შესაძლებლობა იყო, რომ დაგვენახა ნებისმიერი ბანკი და თვალი გვედევნებინა ვაჭრობისთვის. სამწუხაროდ „ბლუმბერგის“ სისტემით რეალობაში მივიღეთ არატრასნფარენტული გარემო.

ჩვენ არ ვიცით რა ბრუნვაა ელექტრონული ვაჭრობის დროს. შესაძლოა 100 დოლარის ყიდვა-გაყიდვითაც ლარის კურსმა ცვლილება განიცადოს. ჩვენთვის გაუგებარია რამდენად სრულდება „ბლუმბერგში“ დადებული განაცხადები, შესაძლოა ვიღაცამ არ შეასრულოს და არ ვიცით, რამდენადაა კურსი დაცული ასეთი „ფიქტიური“ ვაჭრობისაგან. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ღია და ვხედავდეთ“, - ამბობს ასლანიშვილი.

„ადმირალ მარკეტსის“ ანალიტიკოსის დავით წიქარიძისთვის, ამ ეტაპზე, მთავარ გამოწვევად სახელმწიფო ბიუჯეტი რჩება. იგი მიიჩნევს, რომ თუკი ბიუჯეტის ხარჯვა თანაბარზომიერი იქნება ლარს უკეთესი მომავალი ექნება, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონი იწყება.

„საგარეო კუთხით ვითარება შედარებით დამშვიდდა. საბედნიეროდ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი შეჩერდა, თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა შედარებით მიწყნარდა. ახლა მთავარია, შიგნითაც დალაგდეს ყველაფერი, ეკონომიკა უნდა გაჯანსაღდეს, შეჩერდეს ექსპორტის ვარდნა. ვითარების გაუმჯობესებისათვის კი ეფექტური პროექტები უნდა შეიქმნას. ახალი პრემიერი ბევრ რაღაცას გვპირდება, მაგრამ საქმე რეალურად უნდა დაიწყოს“, - ამბობს დავით წიქარიძე.