პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვლენები ერთმანეთის მიყოლებით გაუგებრად ვითარდება. ჯერ იყო და, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, გამოცდილი იურისტი გიორგი კვერენჩხილაძე ძველ პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლა, წასვლის მიზეზები კი ნათლად არ განმარტა.
შემდეგ გაურკვევლობის პიკი და ფოკუსების მწვერვალი იყო არჩევნების თარიღის 8 ოქტომბერს გამოცხადება და ამ თარიღის ძალაში შესვლა 8 აგვისტოს, რამაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც კი ხუმრობის ხასიათზე დააყენა- „ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს“.
სხვათა შორის, გიორგი კვერენჩხილაძეზე ამბობენ, რომ ის ლადო პაპავას შემცვლელად მოიაზრებოდა; იყო სხვა ვერსიაც, რომ კვერენჩხილაძის სახით ე.წ. „გასუფთავებული“ კადრი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სჭირდებოდათ და იგი დროზე ადრე გაუშვეს გუნდიდან, რათა კვერენჩხილაძეს არ დარქმეოდა პრეზიდენტის გუნდის წევრის სახელი.
რას ნიშნავს ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებენ პროფესიონალები, კონსტიტუციონალისტ გიორგი კვერენჩხილაძის სახით, და რატომ მოსდის პრეზიდენტის იურიდიულ სამსახურს ამ ტიპის ლაფსუსები? ხომ არ ნიშნავს ეს აღნიშნული იურიდიული სამსახურის სისუსტეს?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი კვერენჩხილაძეს იცნობს, როგორც კარგ იურისტსა და კონსტიტუციონალისტს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისი წასვლის მიზეზები ნამდვილად არ იცის. ფაქტი ისაა, კვერენჩხილაძეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტი რომ შეენარჩუნებინა, ის არ დაუშვებდა ისეთ იურიდიულ ლაფსუსს, როცა 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები 8 აგვისტოს გამოცხადდა ძალაში შესულად.
„იურიდიულად გაუგებარი იყო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული აქტი. პრეზიდენტმა დანიშნა არჩევნები და შემდეგ თქვა, რომ ეს ამოქმედდება 8 აგვისტოს, რაც იურიდიული ნონსენსია, რადგან არჩევნების დანიშვნის აქტი იმთავითვე ძალაში შევა, როგორც კი ის გამოქვეყნდება. ამდენად, ეს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგია, ფორმა ვერ მონახეს, როგორ დაენიშნათ არჩევნები. არჩევნების თარიღის გამოცხადება რატომღაც ისე უნდოდათ, რომ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულიყო. არადა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, როგორც კი დაინიშნება არჩევნები, სწორედ იქიდან შედის ძალაში საარჩევნო პროცესი, ანუ იწყება საარჩევნო კამპანია და ის აქტივობები, რაც დაკავშირებულია საარჩევნო კომისიის თუ პარტიების საქმიანობასთან.
არჩევნების თარიღი ოფიციალურად რომ დანიშნა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველა თარიღი უკვე 8 ოქტომბერს უკავშირდება და ამის აღსრულების გადადება აღარ შეიძლება. ამაზე იხუმრა კიდეც მიხეილ მაჭავარიანმა, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დანიშნა 8 ოქტომბერს და თურმე უნდა გავიგოთ, რომ 8 აგვისტოს მერე ოქტომბერი მოვაო“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და განმარტა, რომ ამ საკითხს მაინცდამაინც იურისპრუდენციაში კორიფეობა არ სჭირდება, უბრალოდ, ცალკეულ ადამიანებს ძალიან უნდოდათ, გამოეცხადებინათ არჩევნების თარიღი, თანაც ისე, რომ არ დაწყებულიყო საარჩევნო კამპანია, რაც შეუძლებელია.
რაც შეეხება გიორგი კვერენჩხილაძის გადადგომის მიზეზებს, დავით ზარდიაშვილი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო კომისია როცა მუშაობდა, მაშინ კვერენჩხილაძე ამ კომისიის მდივანი იყო და საკმაოდ დაძაბული გრაფიკის გამო ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდა. არც მალავდა, რომ სახელმწიფო სამსახურში დისკომფორტს განიცდიდა და თავისუფლება ერჩივნა.
„არა მგონია, მის გადადგომას რაიმე პოლიტიკური მიზეზები ჰქონდეს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ასე ისურვა. არ ვიცი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად აპირებს, თუ თსუ-ში, მაგრამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნადაც რომ დარჩენილიყო, რა უშლიდა ხელს, დაესახელებინათ ეროვნული ბანკის საბჭოს, ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად?! პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა მისი ბიოგრაფიის ნაწილია, ის საკმაოდ ახლოს იყო პრეზიდენტთან და ეს ყველამ იცის. გადადგებოდა თუ არა კვერენჩხილაძე, არაფერს ცვლიდა“.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნების თარიღის უცნაურ გამოცხადებას იურიდიულ შეფასებას ვერ მისცემს, თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას, პრეზიდენტმა აიტკია აუტკივარი თავი. თუ რით იყო ეს გამოწვეული, ეს ზაალ ანჯაფარიძისთვის გამოცანად რჩება და ამასთან დაკავშირებით მისთვის არც პრეზიდენტის ახსნა-განმარტებებია დამაჯერებელი.
„პრეზიდენტის იურიდიულ სამსახურს ან პირადად პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, რომ არჩევნების თარიღის დანიშვნა, როგორც წესი, 60 დღით ადრე ხდება. ექვსი თვით ადრე არჩევნების თარიღის გამოცხადება კი, როგორი კეთილშობილური მოტივითაც არ უნდა იყოს შეფუთული, გაუგებრობასა და შფოთს ქმნის პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში. რამდენადაც ვიცი, თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და მთავრობაც სახის შენარჩუნებისთვის ეძებენ გამოსავალას ამ იურიდიული კაზუსიდან“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც, ამავდროულად, არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვერენჩხილაძე შესაძლოა, სწორედ არჩევნების თარიღის გამო გადადგა და მოვლენების დროში დამთხვევა აჩენს ეჭვს, რომ მისი გადადომა წინ უსწრებდა საარჩევნო თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ბატალიებს.
ექსპერტი ვაკა გორგილაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების გამოცხადების კაზუსთან დაკავშირებით საია-ს ექსპერტების დასკვნა მისთვის საკმაოდ დამაჯერებელია და, ალბათ, პრეზიდენტის მხრიდან იყო გარკვეული შეუთანხმებლობა და უზუსტობა, როცა წინასწარ აქვეყნებდა არჩევნების თარიღს და მეორე თარიღსაც, როცა უნდა დაწყებულიყო საარჩევნო კამპანია. თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს მაინც გარკვეული ფორმალიზმია, რადგან ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წინასწარ, ანუ ექვსი თვით ადრე იცის არჩევნების თარიღის შესახებ და მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს.
„ამიტომ ამ ვადების ხელოვნურად აჟიტირება ხდება. ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ისიც კი თქვა, რა უბედურებაა, რატომ ნიშნავენ არჩევნების თარიღს, როცა ჯერ პარტიებს არ აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი კოალიციები, ბლოკები და კონფიგურაცია. მაინტერესებს, მთელი ქვეყანა უნდა ელოდოს, თუ როდის ჩამოყალიბდებიან ეს პოლიტიკური პარტიები და ვისთან შევლენ ბლოკში?! ეს პოლიტიკური პარტიების ინტერესშია თუ საზოგადოების ინტერესში? ისედაც პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარ იციან თარიღის შესახებ და აქვთ დრო, მოემზადონ და 60 დღე გამოიყენონ ინტენსიური აგიტაციისთვის. არ ვიცი, როგორ იღებდა პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, აურზაური და უხერხულობა შეიქმნა. სამაგიეროდ, პრემიერის მხრიდან ღირსეული საქციელი იყო, როცა მომხდარი არ გადააბრალა პრეზიდენტს და ერთად აიღეს ამ საკითხზე პასუხისმგებლობა. რაც შეეხება გიორგი კვერენჩხილაძის გადადგომას, ის მაღალკვალიფიციური იურისტია და, სამწუხაროა, როცა ასეთი რესურსი ტოვებს ნებისმიერ შტოს“.