გადაწყვეტილება მიღებულია, NATO-ს ვარშავის სამიტი პოლონეთის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. პოლონეთს 80 დღე აქვს იმისათვის, რომ სტადიონი მოამზადოს სამიტის 2500 ვიზიტორის, 1500 ჟურნალისტის, რამდენიმე ასეული უსაფრთხოების ოფიცრისთვის და მაღალი რანგის სტუმრებისთვის. სამიტის მიმდინარეობის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილი დაიხურება, ასევე საჰაერო სივრცის გასაკონსტროლებლად ნატო-ს გენშტაბიდან გამოთხოვილ იქნა AWAGS-ის სისტემის სამხედრო საჰაერო დაზვერვის თვითმფრინავები.
უკვე ცნობილია, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის დამატებითი სამხედრო ძალებით გაძლიერება იქნება. დიდი შანსია იმისა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის თავდაცვისა და შეკავების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს გადაწ1ყვეტილება კი, პოლონეთს მისცემს საშუალებას სიმბოლურიდან რეალურ თავდაცვაზე გადავიდეს.
გარდა ამისა, პოლონეთმა მოამზადა დეტალური სამხედრო გეგმა, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელებას შეეხება. ახლა საუბარია ამ გეგმის სამიტის ფარგლებში დამტკიცებაზე, რაც უზრუნველყოფს ნატო-ს სამხედრო ნაწილების დამატებით განთავსებას აღმოსავლეთის ფლანგზე.
სამიტზე ასევე განიხილება ფინეთისა და შვედეთის კიდევ უფრო დაახლოება ნატო-სთან და ამ ქვეყნებთან ერთობლივი სარდლობის გამოყენება და მისი დეტალიზაციის ასახვა სამიტის საბოლოო დოკუმენტში.
ნატო-ს სამიტს დაესწრებიან არა მხოლოდ წევრი ქვეყნების, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც. კერძოდ, პარალელურად, გაიმართება ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების სხდომებიც. ცნობილია, რომ რუმინეთის მხარე აპირებს სამიტზე დააყენოს შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტილიის შექმნის საკითხი, რომელშიც საქართველო და უკრაინაც იქნება მიწვეული.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ. ვერშბოუს განცხადებით, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მინისტრ ხიდაშელთან. ჩვენ კარგი მეგობრები და კოლეგები გავხდით. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობა. განვიხილეთ თებერვალში გამართულ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მინისტრის მიერ შემოთავაზებული ასპექტები.
ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა – უკრაინა, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში“, – აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ვარშავის სამიტის წინ განიხილება თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტული ასპექტები.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რუმინეთის ინიციატივას შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტილიის შექმნის საკითხს, რომელშიც საქართველო და უკრაინაც იქნება მიწვეული, მნიშვნელოვან ინიციატივად აფასებენ თბილისში. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა გადაწვეტილება იქნება მიღებული ვარშავის სამიტზე, მაგრამ როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სამიტამდე ასეთი აქტივობებისა და ინიციატივების არსებობა მრავლის თქმელია.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუმინეთის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და რაც უფრო გაღრმავდება საქართველოს ურთიერთობა პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმატებში, მით უკეთესია ქვეყნისთვის.
„თუ გაიზრდება ქართული მხარის ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით, მაშინ არა მხოლოდ მსგავსი ინიციატივების რაოდენობა აიწევს, არამედ ზოგიერთი მათგანი დამტკიცდება და ცხოვრებაშიც გატარდება. რაც შეეხება შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტილიის შექმნას, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში ნატოს შემოსვლისა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შავი ზღვის და მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
მისივე თქმით, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე მყოფი საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტილიის შექმნა.
„რაც მეტი ჩართულობა იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მით მეტი სერიოზული სიგნალი გაეგზავნება რუსულ მხარეს, რომ ამ რეგიონშიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის წესები და რუსეთი ვერ იმოქმედებს მე-19 საუკუნის დოქტრინით. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას. მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივები და თუკი უკეთესად ვიმუშავებთ, ასეთი ინიციატივები დამტკიცდება და ცხოვრებაშიც გატარდება. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს აქტივობაზე“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.
მაგრამ რამდენად მიიღებს რუმინეთის ინიციატივა 28 ქვეყნის მხარდაჭერას, ექსპერტი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს უკვე ცალკე საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ უკარაინასა და საქართველოს არ გააჩნია საკუთარი საზღვაო ძალები.
„მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გვქონდა, უკრაინასაც დაახლოებით იგივე მდგომარება აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ უკეთესი. თუ საზღვაო ძალებზეა საუბარი, არ ვიცი საქართველო და უკრაინა როგორ შეძლებენ თანამშრომლობას. თეორიულად და პოლიტიკურად შესაძლებელია, მაგრამ კონკრეტულად, რაც შეეხება ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება.
რაც შეეხება ინიციატივას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის და რაც მთავარია, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ ნატო არ ტოვებს ამ ტერიტორიას და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას მეზობლების მიმართ, მანვე იგრძონს, რომ შავ ზღვაში არსებობს საპირწონე ძალა. ამ ინიციატივის ძირითადი მიზანიც რუსული აგრესიის მოთოკვაა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
მისივე თქმით, შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტილიის შექმნა, გარკვეული დისკომფორტი იქნება რუსეთისთვის, რამდენად რუსეთს დაწყებული აქვს საკუთარი საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია.