იაფი საწვავის ხანა გაგრძელდა

იაფი საწვავის ხანა გაგრძელდა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ნავთობმომპოვებელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მენავთობე ქვეყნებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო, შავმა ოქრომ მკვერი გაიაფება დაიწყო და პროცესი მინიმუმ ივნისამდე გაგრძელდება. იაფი საწვავის ხანა გრძელდება.

ყატარის შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ შეთანხმება ოპეკში შემავალი ქვეყნების ნაწილის მოულოდნელად შეცვლილმა პოზიციამ ჩაშალა. ქვეყნებს ბაზარზე წილის დაკარგვა აშინებთ, ისინი ითხოვენ, რომ შეთანხმება ყველაზე გავრცელდეს. ეს იდეა კი სულაც არ მოსწონს ირანს, რომელიც ცდილობს ბაზარზე წლების განმავლობაში დაკარგული პოზიცია დაიბრუნოს.

„მათ პოზიცია, ფაქტობრივად, შეხვედრის დაწყებამდე შეცვალეს და განაცხადეს, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მას შეუერთდებოდა კარტილის ყველა წევრი და ასევე ის მსხვილი ექსპორტიორები, რომლებიც კარტელის წევრები არ არიან და არც ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.

თავიდანვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ირანი ამ შეთანხმებასთან შეერთებას არც აპირებდა, რის გამოც, სამიტზე ნავთობმოპოვების სფეროს მინისტრიც კი არ გაუშვა. თეირანს ბაზარზე საკუთარი წილის დაბრუნება სურს.

სხვათა შორის, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მზადყოფნა არ დააფიქსირა საუდის არაბეთმაც. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა შეთანხმების პროექტის გადახედვა მოითხოვა. პროექტი ნავთობის მოპოვების 2016 წლის იანვრის დონეზე „გაყინვას“, სამეთვალყურეო კომიტეტის შექმნასა და ოქტომბერში ახალი შეხვედრის გამართვას ითვალისწინებდა.

საუდის არაბეთმა, კვლავინდებურად, დაჟინებით მოითხოვა, რომ შეთანხმებას ოპეკის ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის ირანიც, შეერთებოდა, რომელიც „გაყინვის“ გადაწყვეტილებას საერთოდაც არც კი იხილავს.

გარდა ამისა, პროექტი ოპეკის რამდენიმე წევრი ქვეყანის წარმომადგენელმაც დაიწუნა და აღნიშნა, რომ მასში ბევრი დეტალი ბუნდოვანი იყო. სრული გაურკვევლობის ფონზე ბობოლა მენავთობეების შეხვედრა უნაყოფოდ დასრულდა, მომდევნო შეხვედრა კი ივნისში დაანონსდა.

ჩაშლილმა შეხვედრამ ნავთობის ფასის ვარდნა გამოიწვია. ლონდონში, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 6%-ით, ხოლო ნიუ იორკში „ლაითის“ ფასი 7%-ით შემცირდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შავი ოქროს ფასი 30-35 დოლარის ნიშნულამდე დაეცემა, რაც ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში ვალუტების დევალვაციას გამოიწვევს.

ამჟამად ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნას. ფაქტობრივად, „შავი ოქროს“ მარაგი, სახმელეთო და საზღვაო ტერმინალები, მათ შორის საზღვაო ტანკერები, გადავსებულია.

ბაზარზე ჭარბი მიწოდების მიუხედავად, ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველო. ამ უწყების მონაცემებით, 2017 წლის მეორე ნახევრიდან ოპეკი ნავთობის დღიურ მოპოვებას 32,8 მილიონ ბარელამდე გაზრდის. დღეისათვის კი, ოპეკის ნავთობის მოპოვების ოფიციალური კვოტა დღეში 30 მილიონი ბარელის ფარგლებშია.