ნაციონალები, რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“, „ფორუმი“ და „გირჩი“ „ოცნებას“ „სიურპრიზს“ უმზადებენ

ნაციონალები, რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“, „ფორუმი“ და „გირჩი“ „ოცნებას“ „სიურპრიზს“ უმზადებენ

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნაციონალები, რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ და „გირჩი“ შეთანხმებას მიაღწევენ და ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ერთობლივად მოამზადებენ.

for.ge-ს ინფორმაციით, მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემის შემოღების მიზნით, ზემოთ აღნიშნულ პარტიებს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. კერძოდ, წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებს საფუძვლად ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს მიერ ინიცირებული ცვლილებები უდევს, რომელიც ქვეყანაში სამ და მეტ მანდატიანი მაჟორიტარული ოლქის შემოღებას ითვალისწინებს.

პარლამენტში პავლე კუბლაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება გასულ წელს მოხდა, თუმცა, საკითხი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ გააქტიურდა და მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემის მიღების შანსიც გაჩნდა, რადგან ცვლილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება, ზემოთ აღნიშნული პარტიების მხრიდან კი, 74 ხმა გროვდება, ვინაიდან, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ 46 დეპუტატით არის წარმოდგენილი, „გირჩი“ 4 კანონმდებელით, „რესპუბლიკური პარტია“ 10 დეპუტატით, „ეროვნული ფორუმი“ 6 წევრით, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ 8 წარმომადგენლით. ასევე რეზერვში მოიაზრებიან - მურმან დუმბაძე, დავით ბეჟუაშვილი და კობა დავითაშვილი.

საარჩევნო სისტემაზე დაწყებული კონსულტაციები თუ რა შედეგით დასრულდება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, საკითხზე კონსულტაციები გასულ კვირას, ქუთაისში, ნაციონალებსა და „ეროვნულ ფორუმს“ შორის გაიმართა. იქედან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნულ პარტიებს საარჩევნო სისტემაზე საკუთარი ხედვები აქვთ, წყაროს ცნობით, ჯერჯერობით, მხარეებს შორის მხოლოდ იდეების გაცვლა მოხდა და საუბარი არჩევნებში რამდენიმე ხმის მიცემის უფლების შემოღებაზეც იყო.

სანამ პარტიები კონსულტაციებს გამართავენ და ერთმანეთს საკუთარ სიმართლეში დაარწმუნებენ, მანამდე, „ოცნებას“ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა მოუწევს, რომელიც 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს. იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება, შესაძლოა, ეს პროექტი პარლამენტში ჩავარდეს და სწორედ ამ ცვლილებების ჩავარდნაზე იქნება დამოკიდებული მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხის გააქტიურებაც.

რაც შეეხება „გირჩი“-ს მიერ მომზადებულ პროექტს, ცვლილებებით, შემოთავაზებულია მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების ახლებური მოდელი. კერძოდ, კანონპროექტით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება: ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვრებში. ორმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქნება: რუსთავი; გორი; მცხეთა-თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგი; ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძა; ახალქალაი-ნინოწმინდა; ოზურგეთი-ნაჩხუთი-ჩოხატაური.

სამმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება: საგარეჯო-გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ლაგოდეხი-ყვარელი-თელავი-ახმეტა; გარდაბანი-მარნეული; კასპი-ქარელი-ხაშური; ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყარო; ხარაგაული-თერჯოლა-ვანი-ტყიბული-ბაღდათი; ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე; სამტრედია-ხონი-წყალტუბო; ქუთაისი; ჩხოროწყუ-ზუგდიდი; ბათუმი. ასევე ოთხმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება: მესტია-აბაშა-სენაკი-მარტვილი-ხობი-წალენჯიხა-ფოთი; ქედა-ქობულეთი-შუახევი-ხულო-ხელვაჩაური.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ პარტიებს შორის კონსულტაციები „გირჩი“-ს ინიციატივის საფუძველზე დაიწყო, არ არის გამორიცხული, რომ ამ პროექტმა ჩასწორება განიცადოს და ერთობლივად სხვა შინაარსის პროექტი მომზადდეს.