„კონსერვატიული პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ რა ფორმით მიიღებს, ამას ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს. პარტია ოპოზიციაში არ მიდის, რადგან მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში წასვლა ბოლო ოთხ წელიწადზე უარის თქმას ნიშნავს.
პარტიის გეგმებსა და პოლიტიკურ კვლევებზე, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:
გასულ კვირას, NDI-ს პარტიული კვლევები გამოქვეყნდა, IRI-ს კვლევები კი, for.ge-ს ინფორმაციით, 22 აპრილს გამოქვეყნდება. კვლევებიდან ჩანს, რომ ხელისუფლების რეიტინგი იკლებს და სახარბიელო მდგომარეობა არც ოპოზიციას აქვს. კვლევის შედეგებმა, რა დაგანახათ?
- NDI-ს კვლევის მიხედვით, 2012 წლის არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებას“ 12 პროცენტი ჰქონდა, არჩევნებზე კი, 55 პროცენტი აიღო. 2010 წელს გავიხსენებ, როცა „კონსერვატიული პარტია“ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა, NDI-ს კვლევებით 1% გვქონდა და არჩევნებზე 8-10% ავიღეთ. ამას გარდა, 2012 წლის კვლევებით, მოსახლეობის 60 პროცენტი თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა, მოსახლეობამ „სწორი მიმართულებით“ განვითარებული ქვეყანა „ქართულ ოცნებას“ გადააბარა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო. კითხვები ჩნდება, რამდენად არის ასახული ის პოლიტიკური რეალობა, რაც ქვეყანაშია.
2012 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის რეკორდსმენია. ამ არჩევნებში მონაწილეობა 2 მილიონ 200 ათასმა კაცმა მიიღო. 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არც ერთ არჩევნებზე ამდენი ამომრჩეველი არ მოსულა. ეს არჩევნები სიძულვილის ენით გაჯერებული, ქვების სროლითა და დაპირისპირებით სავსე იყო და როცა კვლევაში წერია, რომ გამოკითხულთა 58 პროცენტმა არ იცის, მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, ეს შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ადამიანებს არ ახსოვდეთ, მათი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ იყო. შეიძლება, თქვან, რომ ცუდი მაჟორიტარები ჰყავთ და მოსახლეობას არ ხვდებიან. ლოგიკაში არ ჯდება, რომ ცუდი მაჟორიტარიც არ გახსოვდეს.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ რუსთავის ამომრჩეველი გიცნობთ და ცნობადობის პრობლემა არ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაშინაც მიცნობდნენ და ახლაც მიცნობენ. შეიძლება, ყველა არ მეთანხმება და ჩემი ფანი არ არის, მაგრამ რუსთავის მოსახლეობამ იცის, რომ მათი მაჟორიტარი ვარ. ამიტომ ამ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, კითხვები მიჩნდება. NDI კომპეტენტური ორგანიზაციაა, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რაღაც გაკეთა. მათ შორის, საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის. თუმცა, 2005 წლიდან კითხვებია იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც NDI კვლევის ჩატარებას და საველე ღონისძიებების განხორციელებას უკვეთავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც NDI-ს მიერ დადებულ ციფრებს ადვოკატირებას უწევს და შედეგებით მუდმივად კმაყოფილია. სხვა არც ერთი ორგანიზაცია თუ პარტია არ მინახავს, რომელიც NDI-ს კვლევებს აფასებს როგორც ობიექტურს. თუკი საქართველოში ერთხელ მაინც მოხდება ის, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს დაემთხვევა, კვლევებისადმი ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ნდობა გაიზრდება.
თუმცა, 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე, NDI-ს პროგნოზი გამართლდა და თბილისში მერის არჩევა მეორე ტურის შედეგად მოხდა...
- საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მარგველაშვილს 35 პროცენტი ჰქონდა, თუმცა, მან არჩევნებზე 62 პროცენტი აიღო. ციფრები არჩევნების შედეგებს არასოდეს არ ემთხვევა.
თქვენ კვლევებს არ ენდობით, NDI-ს ხელმძღვანელები კი ფიქრობენ, რომ ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც კვლევებს ნდობას არ გამოუცხადებენ. თუმცა, ვინაიდან, ეჭვები ჩნდება, ეს ორგანიზაცია კვლევას რატომ უკვეთავს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს და არა სხვას?
- სწორედ ეს კითხვა მიჩნდება. საქართველოში საპარლამენტო ანა-ბანა NDI-მ შემოიტანა და მან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ამ ორგანიზაციის ყველა ხელმძღვანელი კომპეტენტური და საქმიანი იყო. რა გახდა, რომ ქვეორგანიზაციები, რომელსაც საველე სამუშაოებს უკვეთავენ, ჩანაცვლდეს ან შეიცვალოს. ასეთი თუნდაც ორი იყოს, რომ მათგან მიკერძოვება და ტენდენციურობა გამოირიცხოს. წინა კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 12% აძლევდა, ხოლო 11% - „ოცნებას“.
ბოლო კვლევის მიხედვით, „ოცნებას“ მხარს 15 პროცენტი აძლევს, ხოლო 13 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“...
- როცა 50 პროცენტი საკუთარ არჩევანს არ ამბობს? სააკაშვილის დროს მოსახლეობა დატერორებული იყო და სავსებით გასაგებია, რომ მოსახლეობა საკუთარ განწყობას მალავდა და არ აფიქსირებდა. თუკი ვინმე იტყვის, რომ დღეს, მას პოზიციის დაფიქსირების ეშინია და ვერ ბედავს, ამას პოლიტიკურ რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
სოციალურ თემებზე ჩატარებულ კვლევის შედეგებს ეთანხმებით და პოლიტიკურ კვლევებს არ ენდობით. რატომ? თქვენც ხომ არ მანიპულირებთ?
- კვლევის ძირითადი დატვირთვა ისაა, რომ ციფრი იმ პოლიტიკური რეალობის შესაბამისი უნდა იყოს, რაც არის. ის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ამას ვეთანხმები, მაგრამ არ გამიზომავს, ეს ციფრი 31 პროცენტია თუ 51%. ვერ ვხვდები, ნომერ პირველი პრობლემების ჩამონათვალში ტერიტორიული მთლიანობა რატომ არ არის. ქვეყანაში ის პრობლემა არ აწუხებთ, რაც ცხინვალთან და სოხუმთან მიმართებაში წარმოიშვა? შეიძლება, საზოგადოება ასე დავინახოთ? - მე ასე ვერ ვხედავ. შესაბამისად, კითხვები მაქვს.
NDI-ს კვლევაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა აქვს. ამ პათოსს იზიარებთ?
- საქართველოში პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირებისთვის ბიძინა ივანიშვილის აზრი მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილს ახსენებს. რა თქმა უნდა, ისინი ამით შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ეს ტექნოლოგიური ხრიკია, რომელსაც ისინი იყენებენ. ნაციონალებს საკუთარი თავის გათანაბრება ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ადამიანთან უნდათ და თავიანთ მნიშვნელობასაც უსვამენ ხაზს, როცა ისინი ოპონირების რეჟიმში გადადიან არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ივანიშვილთან. ამ ხრიკს შეუძლია, საზოგადოებაში ისეთი განცდა შექმნას, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჭიქა წყალს ვერავინ დალევს, რაც ასე არ არის. პოლიტიკურ პროცესებს ინსტიტუტები მართავენ და არა ერთი ადამიანი.
თქვენ გგონიათ, რომ ივანიშვილის ნების გარეშე კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლებოდა?
- ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი მათ შორის, ვინც შეიძლება საქართველოში წარმოიდგინოთ. მმართველი გუნდი ამ ადამიანის შედგენილია და თუკი ივანიშვილი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილი მისი პარტიისგან იქნებოდა. კოალიციის დაშლაც მთავარი პარტიის - „ქართული ოცნებისგან“ მომდინარეობს იმის ფონზე, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ საკუთარ სურვილს აფიქსირებდნენ, არჩევნებში ცალკე მონაწილეობის შესახებ. თუკი ამ ყველაფერს კომბინაციაში დავინახავთ, სრულ სურათს ვიხილავთ, კოალიცია იმ სახით თუ რატომ არ არსებობს, რა სახითაც თავიდან არსებობდა.
„კონსერვატორები“ ყველაზე ნაკლებ პრეტენზიებს გამოთქვამდით და „ქართულ ოცნებას“ ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდით. არ ფიქრობთ, რომ „ოცნებამ“ გაგწირათ, რადგან შესაძლოა, ინდივიდვალურად ბარიერის გადალახვა გაგიჭირდეთ?
- ჩვენ მონაწილეობა ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში მივიღეთ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა. პასუხისმგებლობას არასოდეს არ გავქცევივართ და არც ახლა გავურბივართ. კოალიციები იქმნება და იშლება. როცა რომელიმე კოალიციაში ხარ, უნდა იცოდე, რომ შესაძლოა, ეს კოალიცია ხვალ აღარ არსებობდეს. ამიტომ, რაიმე მოულოდნელობას არ ველოდი. ვიცოდით, რომ კოალიცია იშლებოდა და ამის მოწინააღმდეგეებიც ვიყავით. კოალიციის მრავალფეროვნება მისი სიძლიერეც იყო, რასაც მას სისუსტედ უთვლიან. რაც შეეხება მომავალს, ეს ჩვენზე - კონსერვატორებზეა დამოკიდებული. როგორც პარტია ძალიან გავძლიერდით. რაიონულ და რეგიონულ დონეზე ორგანიზაციები გვყავს. ევროპელი კონსერვატორების წევრები გავხდით. ჩვენს პოლიტიკურ მომავალზე დიდად არ ვნერვიულობთ და არც გვეშინია. არც პოლიტიკური ტექნოლოგიების ცოდნის პრობლემა არ გვაქვს.
მოსალოდნელია, რომ პარტიის ლიდერები ინდივიდვალურად „ქართული ოცნების“ რიგებში ვიხილოთ?
- მრავალნაირ კითხვას მისვამენ. მეკითხებიან, ბარიერის გადალახვის თუ მეშინია, რაზეც ვპასუხობ, რომ არ მეშინია. ასევე მეკითხებიან, შესაძლოა თუ არა, რომ საარჩევნო ბლოკი გავაკეთო, რაზეც ვპასუხობ, რომ ამასაც არ გამოვრიცხავ. ისიც მკითხეს, შეიძლება თუ არა, რომ „ოცნებასთან“ ერთად უფრო ინტეგრირებულ რეჟიმში ვიყოთ, რაზეც ვამბობ, რომ არც ამას არ გამოვრიცხავ. სანამ პარტიული ნებართვა არ მექნება, კითხვებზე პასუხს ვერ გავცემ.
თქვენ პარტიულ გადაწყვეტილებაზე აპელირებთ, თუმცა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებას ხომ არ ელოდებით?
- კონსულტაციებს კოალიციის ყოფილ პარტიებთან და პერსონებთანაც ვმართავთ. როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მას საჯაროს გავხდით. პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს, ის უარს პარტიულ და პოლიტიკურ განვითარებაზე ამბობს.
შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატორები უმრავლესობის ერთგული ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩებით?
- მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია დაიშალა, ჩვენ უმრავლესობას არ ვტოვებთ. მიგვაჩნია, რომ უმრავლესობის არსებობა, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. წინ ნატოს სამიტი და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესებია. 2016 წლის არჩევნების გამართვამდე უმრავლესობაში ვრჩებით, მაგრამ მომავალზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
უმრავლესობაში რჩებით და ანუ, ოპოზიციონერები არ ხართ. რა სტატუსი გაქვთ?
- ოპოზიციაში ჩვენი წასვლა იმას ნიშნავს, რომ ამ ოთხ წელიწადზე უარი ვთქვათ, რომელიც ჩვენი პარტიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ქვეყანაში განხორციელებულ ყველა რეფორმაზე ორივე ხელს ვაწერთ. შესაბამისად, ოპოზიციაში წასვლას არ ვაპირებთ.
„ოცნებაში“ უკან დაბრუნების გზების მოჭრას ხომ არ ერიდებით, რადგან საუბარია, რომ შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ახალი კოალიცია შეიქმნას?
- პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია. პოლიტიკა ისეთი დარგია, სადაც „არასოდეს“ არასოდეს არ უნდა თქვა. მესმის, რომ კონსერვატორების გეგმებზე მეტი დეტალი გაინტერესებთ, მაგრამ რაც შემეძლო, უკვე ვთქვი.