ნაციონალები რეგლამენტს ირგებენ, „ოცნებამ“ კვორუმის პრობლემაც კი, ვერ გადაჭრა

ნაციონალები რეგლამენტს ირგებენ, „ოცნებამ“ კვორუმის პრობლემაც კი, ვერ გადაჭრა

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაწეულ საქმიანობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და ამის გამო პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებას საკითხების პრიორიტეტულობის შესაბამისად ცვლის.

ასე მაგალითად, თუკი საპარლამენტო კომიტეტები რომელიმე მნიშვნელოვან, ან ნაციონალებისთვის სასურველ კანონპროექტს განიხილავენ და რომელიმე თანამდებობის პირს უსმენენ, უმცირესობის წევრები სხდომებზე ცხადდებიან და კენჭისყრებშიც იღებენ მონაწილეობას, მაგრამ თუკი, მათ რომელიმე საკითხი არ იზიდავთ, უწყებაში მიმართვას აგზავნიან, სადაც წერია - „მიგვაჩნია, რომ ამ შენობაში საქმიანობის წარმართვა არაკონსტიტუციურია, რის გამოც სხდომას არ დავესწრებით“.

ამ მიმართვის საფუძველზე, ნაციონალებს კუთვნილი ხელფასიდან გარკვეული პროცენტი არ ექვითებათ და მათ პროტესტის შეწყვეტას ვერც უმრავლესობა მოსთხოვს, რადგან მათ ამის უფლება რეგლამენტით აქვთ მინიჭებული. თუმცა, for.ge იმის გარკვევას შეეცადა - როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომლის მიხედვითაც, ერთ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დასწრება კონსტიტუციურია, ხოლო მეორე დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა - არაკონსტიტუციური.

განმარტებების გაკეთების მიზნით, for.ge-მ თავად ნაციონალებს მიმართა. ლევან ბეჟაშვილი გვისხნის, რომ არ შეიძლება, არაკონსტიტუციური შენობა იყოს, თუმცა, ამ ორგანოში საქმიანობა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. დეპუტატის მტკიცებით, ნაციონალების მხრიდან მანიპულაციას არ აქვს ადგილი, თუმცა საზოგადოება იმ სამწუხარო რეალობაში ცხოვრობს, როცა ყველაფერი გაორებულია.

„პრემიერ-მინისტრი გვყავს და სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი არ არის და არაფორმალური მმართველი არსებობს. ქვეყანაში ყველაფერი გაორებულია, მათ შორის - პარლამენტის შენობა. 23 მილიონი ლარის დახარჯვა მოხდა მაშინ, როცა შეიძლებოდა, რომ ეს თანხა სხვა მიმართულებით დახარჯულიყო. თქვენ მეკითხებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის აშენებისთვის 360 მილიონი რატომ დაიხარჯა? - რეგიონის სტიმულირებაში დაიხარჯა და სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, რადგან „ოცნებამ“ ეს პროექტი ჩააფლავა ისევე, როგორც შემოვლითი რკინიგზისა და ანაკლიის პორტის პროექტები“, - დასძენს ბეჟაშვილი.

დეპუტატს იმის განმარტებაც მოვთხოვეთ, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ შენობაში სურვილისამებრ რატომ ცხადდება.

„აქ იმიტომ ვბრძანდები, რომ აქტიური საკითხები განიხილება და კიდევ ერთი საშუალება გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ უსუსურობა და უსახურობა კიდევ ერთხელ ვამხილოთ. აქ ის პროექტები იხილება, რომელიც მავნებლურია და ვცდილობთ, რომ მას წინააღმდეგობა გავუწიოთ. მუდმივ საფუძველზე არ ვმუშაობთ, მაგრამ განსაკუთრებული საკითხების გამო იძულებულები ვართ, მოვიდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, - დასძენს ბეჟაშვილი, რომლის „თეზისებს“ იმეორებენ მისი თანაგუნდელები.

სერგო რატიანი for.ge-ს უხსნის, რომ ამ შენობაში საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება არაკონსტიტუციურია, მაგრამ თუკი განსახილველი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, სხდომებს მაშინ ესწრებიან.

„თანდათანობით მწვავე საკითხები იკვეთება. პირველ რიგში, ხალხის ინტერესებს უნდა ვემსახუროთ და ამ ეტაპზე განხილვებში მონაწილეობას ვიღებთ. ჩვენი მხრიდან მანიპულაცია როგორ ხდება, როცა ცალსახაა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისია? - კონსტიტუციის დარღვევა მიმდინარეობს, რომ სხდომები აქ ტარდება. როცა საკითხები მოსახლეობას ეხება, ამ დროს კაპრიზები შეუსაბამოა. შეიძლება ყველგან მივიდეთ, სადაც მოქალაქეების საკითხი წყდება“, - ამბობს რატიანი.

საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ნუგზარ წიკლაურიც საუბრობს და for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ კონსტიტუციით, პარლამენტის შენობა ქუთაისშია, თუმცა, მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რომლის გატანა ხელისუფლებას ისე უნდა, რომ მას საზოგადოებრივი ინტერესი არ ჰქონდეს.

„სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ არ დავუშვათ, ხელისუფლებამ ისეთი საკითხები გაიტანოს, რომელიც ქვეყანას აზიანებს. საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით, ზოგჯერ, აქ მოსვლა საჭიროა. ხელფასი რა შუაშია? ხელისუფლებამ ისე გააკეთა, რომ პარლამენტის ორივე შენობაში ბევრ ფულს ვხარჯავთ. ისინი აქ მთელი რიგი საკითხების განხილვას ცდილობენ. ქუთაისი სრულყოფილი საპარლამენტო ქალაქი რომ იყოს, განხილვები იქ გაიმართებოდა. ესეც ხელისუფლების საერთო უნიათობის გამოხატულებაა“, - ამბობს წიკლაური.

აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ ეს შენობა არაკონსტიტუციურია, მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, გასვილითი სხდომები იმართება.

 „გასვლითი სხდომები შეიძლება იყოს ზუგდიდსა და თელავში. საქართველოს პარლამენტი თავის უფლებამოსილებას ქუთაისში ახორციელებს, ხოლო თბილისში საკომიტეტო საქმიანობას. მესმის, უმრავლესობას ეს საკითხი რატომ აწუხებს. უმრავლესობა აღარ არსებობს“, - განუცხადა for.ge-ს მინაშვილმა.

კოლეგების მსგავსად, ხელისუფლებას შოთა მალაშხიაც აკრიტიკებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ უმცირესობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში კომიტეტის სხდომებს ყოველთვის ესწრება, ანუ წესს ასრულებს.

„კონსტიტუციას მმართველი გუნდი არღვევს და პროცესიდან ამოვარდნილი არ უნდა ვიყოთ. ამიტომ, აუცილებელია, რომ რაღაც საკითხების განხილვის დროს ვიყოთ და განხილვებში მონაწილეობა მივიღოთ. კონსტიტუციური მაინც არ ხდება, მაგრამ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, პოზიციას მაინც გამოვხატავთ“, - დასძენს მალაშხია.

მართალია, ნაციონალები რეგლამენტში არსებულ ჩანაწერებს საკუთარ თავზე ირგებენ, მაგრამ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ საკუთარი სტრატეგიული გეგმების განხორციელების უფლება აქვთ და მათ მიზნებს უმრავლესობა უნდა უპირისპირდებოდეს, რომელმაც ოთხი წლის მანძილზე, კვორუმის პრობლემა ვერ მოაგვარა და ოთხშაბათის ყოველ სხდომაზე რეგისტრაციის გავლას სწორედ ნაციონალებს სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალები კონსტიტუციის 48-ე მუხლში არსებულ იმ ჩანაწერზე აპელირებენ, რომლის გათვალისწინებითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი - ქუთაისია. იმის გამო, რომ უმრავლესობამ 113 ხმა ვერ მოაგროვა და საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკომიტეტო მუშაობა თბილისში განსაზღვრა.