საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციები 19 ნოემბერს ერთდროულად „უოლ სტრიტ ჯორნალში“ და „ბი-ბი-სის“ ინტერნეტ-გვერდებზე გაჩნდა. მათში საუბარია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქართველებზე, მათ შორის, ვინმე თახრან ბათირაშვილზე, რომელიც, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სტატიის ავტორის -ალან კულისონის განმარტებით, სირიის ოპოზიციური ძალების რამდენიმე სამხედრო წარმატების უკან დგას. „ის წარმოშობით ჩეჩენია და სამხედრო წვრთნა შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ საქართველოს არმიაში გაიარა.“ - ნათქვამია მასალაში.
მურად ბატალ ალ-შიშანი, „ბიბისი“-ში გამოქვეყნებული წერილის ავტორი ერთ-ერთ წყაროდ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ვინმე გიორგის ასახელებს, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებთან მუშაობდა. ავტორის თქმით, ხეობაში ამჟამად 15 ათასი ყველასგან მივიწყებული ჩეჩენი ცხოვრობს. სწორედ იქიდანაა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მეომარი ომარ შიშანი, რომელიც სამხედრო დაჯგუფება „ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარის“ ლიდერია. ეს სახელწოდება ითარგმნება, როგორც ემიგრანტთა და დამხმარეთა არმია. დაჯგუფება „ალ ქაიდასთან“ ალიანსში მყოფი ჯიჰადისტების ერთობად ითვლება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა და ყველა თანხმდება, რომ ეს ცუდი ფაქტია.
„საქართველო და მსოფლიო“ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე გენერალს დაუკავშირდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ სირიაში ამბოხებულების მხარეს საქართველოს ის მოქალაქეები იბრძვიან, რომელთაც მოქალაქეობა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიჭა.
ამ ამბის შეტყობის შემდეგ ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა (თუმცა ფაქტი სასაცილო სულაც არ არის), კამიკაძე იმერელი რომ ეგონა მოხუც ბებიას. სააკაშვილის მიერ მოქალაქეობაჩამორიგებული ადამიანების წყალობით, დღეს მართლაც ვდგავართ ისეთი რეალობის წინაშე, რომ ჩიკაგოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, „ცათამბჯენოზავრად“ წოდებული შენობა ქართულპასპორტიანმა კაცმა ააფეთქოს, და ეს ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. სააკაშვილმა წასვლის წინ კიდევ ერთი და სამარცხვინო სიურპრიზი დაგვიტოვა.
კობა კობალაძე, „გენერალთა კლუბის“ პრეზიდენტი:
- ბოლო დროს ყოფილმა პრეზიდენტმა იმდენ ადამიანს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რომ დაზღვეულები არაფრისგან ვართ. არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში აღმოჩნდნენ ადამიანები ქართული პასპორტებით.
სააკაშვილის მიერ ბოლო დროს უკანონოდ გაცემულ პასპორტებს გულისხმობთ?
- არ ვიცი, ეს კანონიერი იყო თუ არა. ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო და რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საკითხს, არ ვიცი. მისი ქმედების კანონიერებაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამართლებულია თუ არა მისი ქმედება, ეს საკამათოა.
არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც სირიაში ამა თუ იმ მხარეს თანაუგრძნობს, შესაბამისად, მოძრაობაც თავისუფალია. საზღვარს ვერავისთვის ჩაკეტავ, შუბლზეც არავის აწერია, თუ რა განზრახვა აქვს ან ვის მხარეს დადგება. მოკლედ, არ გამოვრიცხავ არაფერს, რადგან შეუძლებელი არაფერია.
როდესაც აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები, ძალიან ვბრაზობდით...
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის ფაქტი არ განმეორდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს პოზიცია არ არის ისეთი, ვინმეს მოუწოდოს, დაქირავებულ მებრძოლად უცხო ქვეყანაში წავიდეს. აფხაზეთის მოვლენების დროს სხვა რეალობა იყო.
ტრისტან წითელაშვილი, გენერალი:
- დამიჯერეთ, რომ იქ საქართველოს მოქალაქეები არ იბრძვიან. თუ სირიაში საქართველოს მოქალაქის სახელით ვინმე იბრძვის, ის ჩეჩნები იქნებიან ისინი, რომელთაც სააკაშვილმა მოქალაქეობა მისცა. ქართველებს ჩვენი იმდენი პრობლემა გვაქვს და იმდენი მიწები გვაქვს დასაბრუნებელი, სხვისი პრობლემებისთვის ნამდვილად არ გვცალია. ადამიანები, რომლებიც დღეს სირიაში საქართველოს პასპორტებით არიან, ყველანი სააკაშვილის მიერ მომზადებული სპეცაგენტები და სირიაში ოპერაციების ჩასატარებლად გაგზავნილები არიან.
სახელმწიფომ ასეთ დროს რაიმე აღმკვეთი ღონისძიება უნდა გაატაროს თუ არა?
- რა თქმა უნდა, ქვეყანამ ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები, რადგან ეს ჩვენს სახელზე უარყოფითად იმოქმედებს. ზომების მიღება კი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილით, ვაშაძით, უნდა დაიწყოს, სწორედ ის აყალბებდა საბუთებს და არა მარტო ჩეჩნებს, ბევრ სხვა დაქირავებულ ბოევიკს საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებდა და სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიდა, ეს მარტო სირიაში არ ხდება, ხდება ირანშიც. დღევანდელი მთავრობა ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. აუცილებლად უნდა დაიწყონ მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა მოტივი ამოძრავებთ სირიაში. კიდევ ვიმეორებ: ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იბრძვიან, სპეცაგენტები არიან, მათ ეს დავალებული აქვთ.
აკია ბარბაქაძე, პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი:
- მომხდარი ფაქტი მასობრივი ხასიათისა არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. დასახელდა სამი, წარმოშობით ჩეჩენი ადამიანის სახელი, ისინი, გასაგებია, ვის ინტერესებსაც იცავენ. მთავარია, რომ სახელმწიფო პროგრამიდან არავინ არის, იქ არ არიან ჩვენი ჯარისკაცები - არც ყოფილი და არც მოქმედი.
ზოგიერთ სამხედრო პირს ეჭვი აქვს, რომ ისინი ყოფილი ხელისუფლების მომზადებული სპეცდანიშნულების რაზმებს წარმოადგენენ. ასევე, არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი სირიაში ამბოხებულებზე იარაღსაც კი ყიდდნენ...
- ეს ყველაფერი ვიცი და გასაგებია, მაგრამ ჯერ დამტკიცებული არ არის, ამიტომ ბეჭედს ვერ დავუსვამთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც იქ იბრძვიან სააკაშვილის მთავრობის მომზადებული და გაგზავნილია. ყველაზე სწორი ვერსიაა - ისინი არიან ისლამისტები და იქ მხოლოდ რელიგიური ნიშნით იმყოფებიან. ამ ფაქტს აუცილებლად სჭირდება სპეციალური გამოძიება. სახელმწიფომ, უშიშროების სპეცსამსახურებმა მოკვლევა უნდა ჩაატარონ, გაარკვიონ, ვინ არიან ეს ადამიანები, და თუ რაიმე კვალი აღმოჩნდა, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს მომზადებულები არიან, ან თუნდაც ის, რომ დასახელებულთაგან რომელიმეს სააკაშვილის მიერ მინიჭებული მოქალაქეობა აქვს, მაშინ ძალიან სერიოზული ზომებია მისაღები.
ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურები იმისთვის არიან, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირება მოახდინონ, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, ქართულ პასპორტებიანი მებრძოლები ისეთ კონფლიქტში აღარ უნდა აღმოჩნდნენ ჩართულნი, რომელიც ჩვენთვის მისაღები არ არის.
ვაჟა ჩომახიძე, პოლკოვნიკი:
- ძალიან სამარცხვინო ფაქტია. აუცილებელია რეაგირება. არ ვიცი, საქართველოს მთავრობას აქვს თუ არა რაიმე კანონი, რომლითაც ასეთი ქმედება აღიკვეთება; თუ აქვთ, ალბათ, გამოიყენებენ, მაგრამ, თუ არ აქვთ, მაშინ უნდა იფიქრონ, რომ კანონში ცვლილებები შეიტანონ.
თუ ნამდვილად დასტურდება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიაში იბრძვიან, ასეთი ქმედება ჩვენს ავტორიტეტს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს და სახელმწიფომ სერიოზული ღონისძიებები უნდა გაატაროს.