„ნაციონალურ მოძრაობაში“ კარდაგ იციან, რომ მომავალ პარლამენტში მათი ხვედრითი წილი ძალიან დაბალი იქნება. სწორედ, გამსვლელი ადგილი და საარჩევნო სიის დაკომპლექტება გახდა, ოდესის გუბერნატორისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაპირისპირების მიზეზი. for.ge-ს ინფორმაციით, ბოკერიას არ სურს ყოფილი ძალოვანების და კონკრეტულად, ვანო მერაბიშვილისა და ძმებ ახალაიებთან ასოცირებული ადამიანების საარჩევნო სიაში შეყვანა, რასაც ყოფილ მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა.
ბოკერიას იდეას დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც სწორედ ყოფილ ძალოვანებთან არიან ასოცირებულნი და საქმის გარკვევა მათ ოდესის გუბერნატორთან გადაწყვიტეს. თავის მხრივ კი, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეახსენა ყოფილი ძალოვანების ძალა და გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია უკვე დააკომპლექტა, რეალურად, საარჩევნო სიაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. პოზიციას არ იცვლის გიგა ბოკერია, რომელსაც საარჩევნო სიის ახალი სახეებით განახლება სურს.
შიდა კლანური დაპირისპირება და ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ახასიათება და ეს ინფორმაცია რაღაცა დოზით ყოველთვის ჟონავდა.
შიდა კლანური დაპირისპირება ჯერ კიდევ ნაციონალების ხელისუფებაში ყოფნის დროს დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერია და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი დაუპირისპირდნენ ვანო მერაბიშვილის ფრთას. ბოკერია წინააღმდეგი იყო ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების, რადგან თვლიდა, რომ ძალოვანების გავლენები იმდენად გაიზარდა, რომ მისი ფრთა დაჩრდილა. სწორედ ეს გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი განხეთქილების მიზეზი.
შესაბამისად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა ბოკერიას ფრთა, რომელიც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ მერაბიშვილისა და ახალაიას კადრებისგან გაწმენდას და ამ გზით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას. რამდენად შეძლებს ბოკერია პარტიისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას, ექსპერტების განცხადებით, ეს რთული სათქმელია. რადგან, სწორედ ყოფილი ძალოვანების შანტაჟის ქვეშ იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად გასხვავებული სტილისა და ორიენტაციის პოლიტიკოსების გაერთიანებაა, რომლის მთავარი იდეაც შანტაჟის დისციპლინაა და ახლა კი, საინტერესოა ვინ დაემორჩილება შანტაჟის დისციპლინას და ვინ არა.
„ბევრს უთქვამს, რომ ერთმანეთზეც აქვთ კომპრომატები და ჩვენ ვხედავთ, რომ კომპრომატების ომი დაიწყო. ის, რომ ერთმანეთის მიმართ აქვთ ეს კომპრომატები, ამას ადასტურებს სააკაშვილისა და ადეიშვილის დიალოგი, როელიც უკრაინულმა ვიკილიქსმა გაავრცელა. დიალოგი ბევრ საკითხს ეხება და მათ შორის პირადი ცხოვრების კადრებს. კერძოდ, სააკაშვილი ეუბნება ადეიშვილს რაიმე ჩვენიანზეც გამოაქვეყნეთ, რომ ბრალი ივანიშვილისკენ წავიდესო. ეს უკვე ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს კომპრომატებით ებრძვის.
ჩანს, რომ ამ კადრების გავრცელება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეაა, რომ მერე ხელი მოქმედი ხელისუფლებისკენ გაიშვირონ. რთულია იმის თქმა სადამდე გაგრძელდება შიდა დაპირისპირება, ვნახოთ რას იზამს კომპრომატების ომი და რომელი მხარე გატყდება უფრო ადრე. თუ არ გატყებიან, მაშინ „გირჩების“ მსგავსად ერთმანეთს უნდა განუდგნენ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, კომპრომატების ომში გამოჩნდება ვინ რომელ მხარეს არის, რამდენადაც მხარეები შეიძლება დავყოთ პოლიტიკური და ძალისმიერი მეთოდის მომხრეებად.
„სამწუხაროდ, ძალისმიერი და კანონის დამრღვევთა მომხრეთა ჯგუფში აღმოჩნდა ყოფილი პრეზიდენტი. მას ჰქონდა არჩევანი, რომ ამ მიმართულებით არ წასულიყო. შესაბამისად, ერთად დიდხანს ვერ იქნებიან ყოფილი პრეზიდენტი და ბოკერიას ფრთა, რომელიც ძალადობასთან დაკავშირებული ჯგუფისგან დისტანცირებას ცდილობს.
პრინციპში, ლოგიკურად გამართულია ბოკერიას პოზიცია, რომ თუ ისევ ძალადობაზე დაამყარებენ მომავალს, იმ შედეგს მიიღებენ რასაც 2012 წელს. როგორც ჩანს, ბოკერიას სურს უფრო გრძელვადიანი შედეგების მიღება და ადვილი მეთოდიკით მუშაობა, კერძოდ, ძალადობის მინიმუმზე დაყვანით. რამდენად გამოუვა, ამის თქმა რთულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსების შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია, რადგან თვითონ ბრენდი დაზიანებულია. მათივე შეფასებით, გარკვეული უპირატესობა აქვთ ე.წ. პროგრესისტებს ანუ ბოკერიას ფრთას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ფრთა, ანუ ძალოვანების ჯგუფი თამაშგარეთ დარჩება.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ამბობს, რომ პარტიას განვითარების შანსი თეორიულად არ გააჩნია. მისივე თქმით, როგორც ჩანს, დაწყებულია ჩვეულებრივი შიდა კლანური ბრძოლა, რომელიც ამ მოძრაობას ყოველთვის ახასიათება, უბრალოდ, რაღაცა ინფორმაცია გამოდიოდა, რაღაცა არა.
„რაღაცას არ იმჩნევდნენ იმიტომ, რომ შანტაჟის ქვეშ იყვნენ. რადგან ეს უწესობა შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამ კადრებს დღესაც იყენებენ და რეალიზიაციის მოტივაციაც მათ აქვთ. დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომ პირადი კადრების გავრცელების რეალიზაცია მოდის იმ ჯგუფისგან, ვინც იწერდა ამ კადრებს. ის, რომ არც თვითონ არიან ერთმანეთისგან დაცულები, ეს უკვე გაცვეთილი თემაა.
სამწუხაროდ, ეს მოძრაობა მაფიოზური ფუნქციების მატარებელ დაჯგუფებას დაემსგავსა. როდესაც ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ იყენებენ ამ კადრებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ერთმანეთის წინააღმდეგაც გამოიყენონ. ამ კადრების გავრცელების უკან დგას ეს პოლიტიკური ჯგუფი. ყველას, ვინც არ ასრულებს მათ ინტერესებს და მათ შორის საკუთარ გუნდში, ამ კადრებით აშანტაჟებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სერიოზული თავის ტკივილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოში შემორჩენილ გუნდს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ამ პარტიის ერთსულოვნება გამყარებული იყო სააკაშვილის მიერ, რომელიც მოწყდა ქართულ რეალობას. მისივე თქმით, ბოკერიას და სააკაშვილის თვალით დანახული უკანასკნელი 4 წელი არ გავს ერთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, მარტო გონი და ნიჭი საკმარისი არ არის წარმატებისთვის, რადგან ყველასთვის ცნობილია ვინ არის კეზერაშვილის ჯიბის უხუცესი, ბოკერიას და მის გუნდს კი, ასეთ ფინანსურ წყაროებთან წვდომა არ გააჩნიათ.
„მესმის ბოკერიას მიზანი, თუმცა გარკვეული გავლენა ნაცმოძრაობაში სააკაშვილს აქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორც მას გონია. რასაკვირველია ე.წ. ძალოვანები ძნელად გასამიჯნია. მიზანი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მისი განხორციელების პრესპექტივა დამოკიდებული არ არის მხოლოდ იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც თვითკრიტიკის წიაღში აღწევენ ხოლმე. ძნელია საკუთარი მძიმე წარსულის დავიწყება, რაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ ნაწილს.
სამწუხაროდ, პროგრამის, რასაც ჰქვია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შედგენა, დაიწყო ამ მოძრაობამ. ჩაფიქრებული იყო, რომ ეს კადრები გამაერთიანებელი და ერთ ბირთვად შეკვრის შესაძლებლობა გახდებოდა, მაგრამ სწორედ, რომ უკუღმა იმუშავა ამ წარმოდგენამ. ახლა კი, საკუთარ თავს დასტირიან.
როდესაც სახელმწიფო მოხელეებზე ასეთი შინაარსის ჩანაწერები იკრიბებოდა, იქ ჩემის და სხვისის გარჩევა არ ხდებოდა, რადგან დოქტრინა სრულიად მკაფიო იყო - ყველას ყველასი უნდა ეშინოდეს, რომელიმე მათგანმა არ მოინდომოს რაიმე ისეთი, რაც მიუღებელია ამ პარტიის ლიდერებისთვის. მცდელობა იმისა, რომ ფეხზე გამოიბა ყველა, ვინც შენ გჭირდება და არ მისცე მას გვერდზე გახედვის საშუალება, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სადიზმის სრულიად მკაფიო ფორმა, რომლის ფინალიც არის კრახი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.