პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება

პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდება. შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე. „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად დაასახელა და განმარტა, რომ ეს სტიმულს მისცემს ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანას. თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება და თანდათანობითი ნაბიჯებით უნდა განხორციელდეს ავტომობილების ჩანაცვლება.

ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების მასობრივი მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას. ჰიბრიდულ ელექტრონულ ავტომობილს შიდა წვის ძრავასთან ერთად აქვს ელექტროძრავა, რომელთა შორისაც ერთი მათგანი ძირითადია, ხოლო მეორე-დამატებითი. მსოფლიოში ელექტროძრავაზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებაში გიგანტი კომპანიები მილიარდობით დოლარს აბანდებენ. უფრო მეტიც, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროძრავიანი თვითმფრინავის შექმნაზეც.

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირებას ავტოდილერები დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ ეს შეღავათი ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნას 50%-ით გაზრდის. კერძოდ, თუ 2010 წლის ჰიბრიდული მანქანის ჩამოიყვანა 15 ათასი ჯდება და ამ მანქანის ძრავის მოცულობა 3,5-ია, მაშინ მისი აქციზის გადასახადი 2450 ლარი იქნება. ჯამურად ასეთი მანქანის განბაჟება 3 ათას ლარამდე გამოდის, ამას თუ დააკლდება 1225 ლარი (ანუ აქციზის 50%-იანი შეღავათი), გამოდის, რომ 500 ლარს ზოგავ. ეს კი საკმაოდ დიდი შეღავათია.

„ეკოტრანსპორტის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ რამდენიმე წლის წინ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰიბრიდული ავტომობილების მთლიანი გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია საცობებით გადატვირთულ დედაქალაქში. როგორც წესი, საცობების დროს ავტომობილებს მოცდენის რეჟიმში უწევთ ძრავის მუშაობა, რა დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი, რაც აისახება თბილისში მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, სწორედ ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების წახალისება-განვითარებით შეიძლება ჩვენი ავტოპარკის განახლება.

„სამწუხაროდ, პარლამენტმა ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადის მხოლოდ განახევრება გადაწყვიტა. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს, რამდენად შეძლებენ ჩვენი ავტომფლობელები ჰიბრიდული ავტომანქანების შეძენას? უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიბრიდული ავტომობილის ბევრი მოდელი არსებობს, მათ შორის, 2001-2002-2003 წლების წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალებები. თუკი წახალისების მექანიზმი იარსებებს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ჰიბრიდული ავტომობილები და თავისი ასაკის შიდა წვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით კონკურენციაში გაიმარჯვებენ. აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირება დიდი რაოდენობით არ აისახება ავტომობილის ღირებულებაზე, მაგრამ ერთგვარი წამახალისებელი მოტივაციაა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა. მით უმეტეს, რომ ამ სახის ავტომობილი პარალელურ რეჟიმში ალტერნატიულ საწვავზე მუშაობს. ამასთან ერთად, აქციზის შემცირება წაახალისებს ავტოიმპორტიორებსა და დილერებსაც, მათ აღარ მოუწევთ განბაჟების დროს დიდი რაოდენობით თანხის გადახდა“,-აცხადებს ვასილ ურუშაძე, რომლის თქმითაც, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში ისედაც საკმაოდ გაიზარდა ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა და 3-დან 5%-ს მიაღწია.

იმის გათვალისწინებით, რომ მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ჩვენი ავტომფლობელების უმეტესობა უფრო მოძველებულ ჰიბრიდულ მანქანებს შეიძენს, For.ge დაინტერესდა, ექვემდებარება თუ არა დაძველებას ჰიბრიდული ავტომობილები?! ამის შესახებ ვასილ ურუშაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ 2003-წლიანი დაძველების ჰიბრიდული მანქანის შემთხვევაში, ერთადერთი უარყოფითი მაჩვენებელი აქვს აკუმულატორს, ანუ ელექტროძრავის ენერგიის წყაროს გასდის ექსპლუატაციის ვადა. თუმცა იმდენად დაეცა ამ ტიპის აკუმულატორების თვითღირებულება, რომ მინიმალურ ფასადაც შეიძლება მათი განახლება. შესაბამისად, ჰიბრიდული ავტომობილები ექსპლუატაციისას გვაძლევს 50-დან 60%-მდე საწვავის ეკონომიას და, როცა ათი წლის შემდეგ მოგვიწევს აკუმულატორის შეცვლა, მიზერული თანხის გადახდა მოგვიწევს იმასთან მიმართებით, რა ეკონომიაც გავწიეთ ამ წლების განმავლობაში საწვავის თვალსაზრისით.

„ჰიბრიდული ავტომობილი გარდამავალი სატრანსპორტო საშუალებაა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილის შემდეგ. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე, იაპონიასა და აშშ-ში ჰიბრიდული ავტომობილები წახალისებული, პრიორიტეტული და სრულად გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან. მათ შორის, ეკოლოგიის, პარკირების, ტექნიკური დათვალიერების გადასახადისგან. ეს ნაბიჯები ჩვენც უნდა გადავდგათ. ამ დროს კი ჩვენს სახელმწიფოს საერთოდ არ აქვს ავტოპარკის განახლების პოლიტიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ელექტროენერგიის უზარმაზარი მარაგია, ჩვენ პირველნი უნდა ვიყოთ მსოფლიოში, რომლებიც პრიორიტეტს მივანიჭებთ სწორედ ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ელექტროსატრანსპორტო საშუალებას. მით უმეტეს, ჩვენ არ ვართ ნავთობმწარმოებელი ქვეყანა და ჩვენთან აურაცხელი რაოდენობის იმპორტული საწვავი შემოდის“.

კომპანია „მაი ავტოშოპის“ ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ძველი ავტოპარკის განახლება აუცილებელია. მით უფრო, რომ ჰიბრიდული მანქანები მარცხენა საჭიანებია, რომლებსაც საჭის გადატანა არ სჭირდება და პრობლემას არ შეუქმნის თბილისის მანქანების მოძრაობას.

„ჰიბრიდული მანქანები ჩამოგვყავს აშშ-დან. გააჩნია, რომელ წლიანია, რა მდგომარეობაშია, ფასებიც ამის მიხედვით მერყეობს- გვაქვს 3500 $-დან დაწყებული მანქანები, ასევე, ფასები იწყება 5800 ლარიდან 10 ათას ლარამდე. შეგიძლიათ, ჩამოიყვანოთ 6-7 წლის მეორადი ავტომობილიც.

ჰიბრიდულ მანქანას ერთდროულად ორგვარი სისტემა აქვს-ელექტრო და ჰიბრიდული. ავტომობილს მოჰყვება სისტემა, შეაერთებთ სახლში დენის წყაროში, ჩვეულებრივად დაიტენება მანქანა და გადის 400-500 კილომეტრს. სავარაუდოდ, დატენვა ორი ლარი ჯდება. რაც შეეხება ე.წ. სტანციებს, სადაც ქუჩაში სამოძრაოდ გასული ჰიბრიდული მანქანის დატენვა უნდა მოხდეს, ეს სადგურები ჩვეულებრივად უნდა იდგეს პარკინგებზე და იქ განახორციელონ დატენვა, რისთვისაც გადაიხდიან საფასურს. სხვათა შორის, ამ პროექტზე მე ვმუშაობ. ასევე, აუცილებელია დატენვის სისტემა განთავსდეს სხვა დიდ ქალაქებშიც-ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში“, - აღნიშნა გიორგი ბარაბაძემ და დასძინა, რომნისანსაც“, „მერსედესსაც“, „ტოიოტასაც“, „ბმვ“-საც ჰყავს ჰიბრიდული ავტომანქანები, რომლებიც ჩვეულებრივად იტენება. მისივე პროგნოზით, ჰიბრიდული ავტომანქანებით ჩვენი ავტოპარკი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის 90%-ით განახლდება.