მალე საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. დაახლოებით 280 მლნ კუბური მეტრის მოცულობის საცავის გამართვას 250 მლნ დოლარი დასჭირდება. ინვესტორების თაობაზე ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ საკონტროლო პაკეტს მთავრობა ხელიდან არ გაუშვებს.
საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი დასრულებულია. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგები წარადგინეს. ანგარიში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია „ჯეოსტოკმა“ მოამზადა, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კოპორაციამ 2015 წლის ივნისში გააფორმა.
გაზსაცავის სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე აშენდება. მიწისქვეშა გაზსაცავის ამოქმედებით კრიტიკულ სიტუაციებში, გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში აღმოიფხვრება მიწოდებაში არსებული პრობლემები. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მომხმარებელს ფორსმაჟორულ სიტუაციაში.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, რომ გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მაისში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშით დადასტურებულია სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე 210-280 მლნ კუბური მეტრი სასარგებლო ტევადობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობა. დამატებითი კვლევების ჩატარდება უშუალოდ გაზსაცავის მშენებლობის ეტაპის დაწყებამდე.
პროექტის საერთო ღირებულება 230 აშშ მილიონი დოლარიდან 250 მლნ დოლარამდე იქნება. ვინ დააბანდებს თანხას ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტში ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მთავარი ის არის, რომ გაზსაცავის ამოქმედების შემდეგ მისი საკონტროლო პაკეტი საქართველოს მთავრობის ხელში იქნება.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ მიესალმება საქართველოს სურვილს შექნას მიწისქვეშა გაზსაცავი.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ ამ საკითხში და თანამშრომლობის ფორმატი მოგვიანებით დაკონკრეტდება“, - აცხადებენ „სოკარში“.
პროექტში მეზობელი ქვეყნის მონაწილეობის სურვილს ადასტურებენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. „აზერბაიჯანს აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა და დააფინანსოს ამ პროექტის ნაწილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაზსაცავის საკონტროლო პაკეტი ქართულ მხარეს, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციას უნდა ჰქონდეს. 51%-ზე მეტი ჩვენს მართვაში იქნება.
აზერბაიჯანის გარდა ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტეტბს, დონორებს. ისინი დაინტერესებულნი არიან გაზსაცავის მშენებლობის პროექტის დაფინანსებით. უკვე მივიღეთ რამდენიმე ფინანსურად ხელსაყრელი წინადადება, თუმცა ამ პროექტსი განხორციელებისთვის ჩვენს თანხებსაც გამოვიყენებთ. დამატებითი შესწავლის შემდეგ, სადაც უნდა მოხდეს ორი ღრმა ჭაბურღილის შესწავლა, საიდანაც ამოღებული იქნება გეოლოგიური ინფორმაცია, რის საფუძველზეც შემუშავდება საბოლოო პროექტი და შესაძლებელი იქნება მშენებლობის დაწყება“, - აღნიშნვს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი.