მენავთობეებმა კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო დავის პირველი რაუნდი დათმეს. „სოკარმა“ ვერაფრით შეძლო თემიდის დარწმუნება, რომ 2012-14 წლებში ფასებთან მიმართებით მანიპულაციას ადგილი არ ჰქონდა. აპრილში გაიმართება „ვისოლის“ სასამართლო პროცესიც, თუმცა ნავთობიმპორტიორებისა და ანტიმონოპოლისტების დავა ამით არ დასრულდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ მიმართებით ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული 14-მილიონიანი ჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2012-14 წლებში „სოკარის“ მხრიდან კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა.
ანტიმონოპოლისტებმა 2015 წლის ზაფხულში ბაზრის კვლევის შემდეგ ნავთობის ბაზრის ყველა ძირითად მოთამაშეს ჯამში 55-მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს: „სოკარი“ - 14.4 მილიონი, „გალფი“ - 11.2 მილიონი, „რომპეტროლი“ - 10.9 მილიონი, „ვისოლი“ - 10.4 მილიონი, „ლუკოილი“ - 4.7 მილიონი და ა.შ.
რასაკვირველია ამ ფაქტს მენავთობეები არ შეეგუენ და მას შემდეგ პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. მათგან პირველი პროცესი უკვე შედგა. „სოკარის“ ადვოკატებმა სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლეს და 14-მლიონიანი ჯარიმაც ჯერჯერობით ძალაში დარჩა. სასამართლო გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან კომპანიაში.
„ვაცხადებთ, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს იყო ორიენტირებული განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით: ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით“, - აღნიშნულია „სოკარის“ განცხადებაში.
სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „ვისოლი“, რომელსაც „სოკარის“ მსგავსად გასაჩივრებული აქვს კონკურენციის სააგნეტოს გადაწყვეტილება. კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ „სოკარის“ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია.
„სასამართლოს არგუმენტები სწორად არ ჰქონდა მოყვანილი. თუ ჩვენს შემთხვევაშიც მსგავსი რამე მოხდება, ეს არასამართლიანი იქნება“, - განუცხადა „კომენრსანტს“ ხორავამ.
„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვისოლის“ საქმის განხილვა 2016 წლის აპრილშია ჩანიშნული. ჯერჯერობით ეს იქნება საქმის განხილვა და არა საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნება.
ვასილ ხორავა იმედოვნებს, რომ სასამართლო „ვისოლთან“ მიმართებაში სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და კომპანია კონკურენციის სააგენტოსთან დავაში გამართლდება.