ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მსჯელობას 20-21 აპრილს დაიწყებს, ქართული მხარე კი, მოსალოდნელ შედეგებს იმედის თვალით უყურებს. სანამ ევროპარლამენტარები უვიზო მიმოსვლაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე, დღეს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნის მხარდაჭერას სთხოვს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტით დაახლოებით ოთხი თვის წინ მიმართა. ცხარე კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნაციონალების, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და უმრავლესობის პოზიციები შეჯერდა და დოკუმენტის შინაარსის რამდენჯერმე გადაკეთების შემდეგ, პროექტი 89 მომხრე ხმით იქნა მიღებული.
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა, for.ge-სთან საუბარში ყურადღებას საქართველოს საკითხზე ევროპაში მიმდინარე პროცესებზე ამახვილებს.
ჩიქოვანის ცნობით, განხილვები ფინალურ ფაზაშია შესული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა საკითხს მხარი დაუჭიროს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ქართველებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.
„თავისუფალი დემოკრატები“ ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესისადმი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყოს. ყველას მოვუწოდებთ, რომ საკუთარ პარტნიორებთან იმუშაონ, რათა ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ნათელი გამოხატულებაა, რომ ამ ყველაფრის მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი შეიძლება იყოს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ქვეყნისთვის ეს სტრატეგიული საკითხია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი ვინმეს ვიწროპარტიულ ინეტერესებს არ შეეწირება“, - აცხადებს ჩიქოვანი.
for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, რომ 21 აპრილის 18:15 წუთიდან 18:30 წუთამდე, საკითხი მესამე ქვეყნებისთვის ვიზის საჭიროების საკითხი განიხილება.
მისი თქმით, საქართველო ერთი სიიდან უნდა ამოვიდეს, სადაც ქვეყანას ვიზა მოეთხოვება და მეორე სიაში უნდა შევიდეს, სადაც ვიზა არ მოეთხოვება.
„შანსი ძალიან კარგი გვაქვს. მით უმეტეს, ეს შანსი პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით გაძლიერდება. ვიცით, რომ ამ კომიტეტების წევრები ცნობილი ხალხი არიან და რამდენიმე ფრაქციაში განსხვავებული აზრია, მათ შორის, „ალდე“-სა და EPP-ში. ჩვენი პროგნოზით, „ლიბე“-ს კომიტეტზე ეს საკითხი გავა. ამის შემდეგ ივნისში იქნება როგორც ევროპის საბჭოს სხდომა, ასევე პლენარული სესია და იმედი მაქვს, რომ იქაც გავა. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ძალიან მალე ვიზალიბერალიზაცია გვექნება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიაში“ აზრები გაყოფილია, მაგრამ „მწვანეები“ და „სოციალისტები“ საქართველოს მხარს მტკიცედ უჭერენ.
„საერთო ჯამში, კომიტეტსა და პარლამენტში ის ხალხი აჭარბებს, რომლებიც ამას მხარს დაუჭერენ“, - დასძენს ბერძენიშვილი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აქცენტს ნაციონალების ქმედებებზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ წლების მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სერიოზული ძალისხმევა იხარჯება, რომ ქვეყნამ ვიზალიბერალიზაციის გზაზე წარმატება არ ჰპოვოს.
კანონმდებელი ირაკლი ჩიქოვანის შეფასებებს ეთანხმება, რომ ნაციონალებისა და EPP-ს მუშაობა რაიმე დიპლომატიურ ცოდნასა და გამოცდილებაზე არ არის დაფუძნებული.
„ასეთი მოკავშირეობის მიუხედავად, „სახალხო პარტიის“ დიდი ნაწილი ცვლილებებს ხედავს და მათი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება მიუხედავად იმისა, ისინი გააწბილებენ თუ არა ნაციონალების იმედებს. „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად ჩამოყალიბდა, რომელსაც არა მხოლოდ შიდა ვითარების შერყევა უნდა, არამედ საქართველოს პოზიციების შესუსტებაზე მუშაობს. მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე და ფსევდოპატრიოტული განცხადებებით უნდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მათ მხარდამჭერებს მოვუწოდებ,ნაციონალების მხარდაჭერა ღრმად გაანალიზონ და არჩევნების დროს გადაწვეტილება აქედან გამომდინარე მიიღონ“, - დასძენს ვოლსკი.
ოპონენტების ბრალდებებს ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე არ იზიარებს და for.ge-სთან ყურადღებას პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ამახვილებს. კანონმდებელის თქმით, მან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დოკუმენტი მოამზადა, რომლითაც ევროპარლამენტარებს საქართველოს დახმარებას სთხოვს.
„რეზოლუცია მოვამზადე, რომელიც ევროპარლამენტს მოუწოდებს, რომ საკითხს მხარი დაუჭირონ. როგორც ჩანს, ჩიქოვანს ელემენტარული საკითხების გაგების პრობლემა აქვს და ალბათ, მას მეგობრები დაეხმარებიან, ელემენტარული რაღაცეები გაიგოს. თუ ვინმეს კითხვები აქვს, მას ნამდვილად ვერ დავეხმარები, რადგან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა“, - ამბობს ბარამიძე, რომლის პათოსს იზიარებს დავით დარჩიაშვილიც.
როგორც for.ge-ს დარჩიაშვილმა განუცხადა, თუკი ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციონერია, ხელისუფლებას უნდა მოუწოდებდეს, რომ იმ პოლიტიკას არ უნდა ახორციელებდეს, რომელსაც აწარმოებს.
„ეს პოლიტიკა დემოკრატიული სტანდარტების არ არის იგივე ოპონენტებთან მიმართებაში. რაც შეეხება იმას, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ურთიერთობის თვალსაზრისით რას გააკეთებს და ვიზალიბერალიზაციას მხარს როგორ დაუჭერს, ეს ჩანს. თუნდაც, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით. ბრალს იმაშიც გვდებენ, რომ ქვევრებში ბავშვებს ვახრჩობთ“, - დასძინა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება დოკუმენტს, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და იმედს გამოთქვამს, რომ მას ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა მოჰყვება.