„ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს გამოაქვეყნებს

„ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს გამოაქვეყნებს

მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის კვლევის მიმართ პოლიტიკური პარტიების ნდობა საკმაოდ დაბალია, არჩევნებამდე მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნება დაანონსა. როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უკვე ჩაატარა IRI-იმ. კვლევის შედეგები სავარაუდოდ 2 კვირაში გასაჯაროვდება. პარტიის რეიტინგზე შიდა კვლევები შესაძლოა „ქართულმა ოცნებამაც“ გაასაჯაროვოს. შიდა პარტიული კვლევა შეასრულა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, მაგრამ შედეგების გასაჯაროვებას არ გეგმავენ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შიდა კვლევით, მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე უსწრებს. მისივე განცხადებით, პარტიამ შიდა კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა.

„შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები არის აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს შიდა კვლევები, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდეჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შედეგებთან მიახლოებული არასოდეს ყოფილა და ის ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას. კობახიძის განცხადებით, 2012 წელს კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის იყო კატასტროფული აცდენა. იგივე მოხდა 2012-2013 წლებშიც.

„ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყო „ქართული ოცნებისთვის“. გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ შიდა კვლევის გამოქვეყნებას არანაირი ეფექტი არ ექნება. რადგანაც, შიდა კვლევას თვითონ პარტია ატარებს, მის მიმართაც საზოგადოების სანდოობა მაღალი არ იქნება.

„იმიტომ, რომ NDI-იმ გამოაქვეყნა რაღაცა სისულელე და ახლა მე გამოვაქვეყნებ პარტიულ რეიტინგს, ამას არანაირი ეფექტი არ აქვს. თუ შიდა კვლევა ამბობს, რომ სამჯერ აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგი მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, ეს ბევრად უფრო სავარაუდოა, ვიდრე ის, რაც დადო NDI-იმ. რაც შეეხება კვლევებს ვფიქრობ, რომ სახელმწიფო, პოლტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ძირითადად მედია უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ ატარებს ამ კვლევებს.

როგორც ნებისმიერი პროდუქტი ყიდვა არ შეიძლება, ასევე, ნებისმიერი ორგანიზაცია რომელიც რეპუტაციურად გაკოტრებულია, არ შეიძლება ატარებდეს კვლევებს და ამ კვლევებით სარგებლობდეს მედია. ვფიქრობ, მედიამ უნდა შექმნას დროებითი გაერთიანება, მაგალითად - for.ge-მ, ipn.ge-მ, საზოგადეობრივი მაუწყებელმა, „იმედმა“ და ა.შ. კონკრეტულ კვლევით ცენტრს მისცენ დაკვეთა, რომელიც ატარებს გაზომვებს და ძალიან მარტივი იქნება რეიტინგების დადგენაც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.

შიდა კვლევის სანდოობას ეჭვის ქვეშ არ აყენებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით სავარაუდოდ მმართველი პარტიის რეიტინგი 30%-ზე მეტია.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ პატიოსნებას, გულწრფელად თქვა, რომ შიდა კვლევები ჩაატარეს, არ უძებნიათ დამოუკიდებელი სოციოლოგიური იარლიყის მქონე ჯგუფი, რომელიც იგივე შედეგებს დადებდა. რაც შეეხება რეიტინგებს, პრინციპში შეიძლება, რომ NDI-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემზე მეტი იყოს. კობახიძე ამბობს, რომ სამჯერ მეტიაო და ეს უკვე 45%-ია. ესეც დიდი მიღწევა არ არის მმართველი პარტიისთვის.

თუმცა, მგონია, რომ 30%-ზე მეტი რომ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ეს უფრო დამაჯარებელია. სხვა თუ არაფერი, ყველა სახელისუფლებო პარტიას აქვს თავისი რესურსი. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა ტიპის მიგრანტები არიან და ყოველთვის მოიძებნება ჯგუფები, რომლებიც მმართველ პარტიას მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მმართველი პარტიაა. ამიტომ, მეჩვენება, რომ სამჯერ მეტი რეიტინგი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ის რაც NDI-იმ გამოაქვეყნა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.