ანაკლიის პორტს ფართო გამოხმაურება აქვს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე პორტის ფუნქციონირების პროცესში თანამშრომლების შერჩევისას უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მიენიჭება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება, აქტიურ ფაზაში კი მშენებლობის პროცესი წლის ბოლოსთვის შევა. სპეციალურად ამისათვის ანაკლიაში ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პორტის მშენებლობაზე პირველ ეტაპზე 3400 ადამიანი დასაქმდება, უშუალოდ პორტში კი 6500-მდე მოქალაქე იმუშავებს, მათ შორის, პრიორიტეტი ადგილობრივებზე გაკეთდება. უკვე დასრულდა იმ შენობების თუ ნაკვეთების აღწერა, რომელიც პორტის ტერიტორიაზე მოჰყვება და რომელთა მეპატრონეებს კომპენსაციას გადაუხდიან.
ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2016 წლის თებერვალში გაიმარჯვა. კონსორციუმი „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული „კონტ ინტერნეიშენალის“ მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პორტთან დაკავშირებით მათ ძალიან დიდი გეგმები აქვთ.
უკვე გარკვეულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.
პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს სხვა პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალ ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზაც.
ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულა იმ მიწის ნაკვეთბის და შენობა ნაგებობების აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა-ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდე ობიექტია. მესაკუთერეებისგან მიწის გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებით და საბაზრო ფასებით მოხდება.
„ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ კი ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმიდნარე წლის ზაფხულში დაიწყება. აქტიურ ფაზაში კი სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრიდან შევა“, - აცხადებს ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის ფინანსური დირექტორი, ზურაბ ფიჩხაია.
სხვათა შორის, ანაკლიის პორტის პროქტმა უკვე დაიმსახურა საერთაშორისო მოწონება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო ფორუმის მონაწილეთა შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა გალა-ვახშამზე საუკეთესო საინვესტიციო პროექტების დაჯილდოება გაიმართა და წლის საინვესტიციო პროექტის წოდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტმა დაიმსახურა. იგი ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა.