დრო - შეუთანხმებელი

დრო - შეუთანხმებელი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვერ თანხმდებიან.

თუკი ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის ადგილი პიროვნულ დაპირისპირებას ჰქონდა, გიორგი კვირიკაშვილსა და ქვეყნის პირველ პირს შორის კონფლიქტის საფუძველი შესაძლოა, ის სამართლებრივი რეგულაციები გახდეს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დანიშვნას ეხება.

პრემიერმა და პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი ერთობლივად დანიშნეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გამოსაცემმა განკარგულებამ გამოიწვია.

კერძოდ, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაისიდან უნდა დაიწყოს, ხოლო კვირიკაშვილი სტარტის აღებას ივლისიდან ითხოვს.

ქართული კანონმდებლობით, არჩევნების თარიღისა და წინასაარჩევნო კამპანიის გახსნილად გამოცხადების ერთპიროვნული უფლება არც პრეზიდენტს და არც პრემიერს არ აქვს, რადგან „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, თუ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს კვლავ არ მოიწონებს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია, პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში გადასცეს.

ამ ჩანაწერიდან გამომდინარე არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ შესაძლოა, პრობლემა არჩევნების თარიღსაც შეექმნას. სახელისუფლებო შტოებს შორის დაწყებული დაპირისპირების კვალდაკვალ for.ge როგორც სამართლებრივი, ასევე მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდა.

როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი დრო ოპტიმალურად შერჩეული უნდა იყოს და ის დაწესებულ ორ თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუმცა, თუკი ამაზე მეტი იქნება, ეს დრო ძალიან არ უნდა გაიზარდოს.

წინასაარჩევნო კამპანიის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, ხმალაძე პრემიერის ვარიანტს ეთანხმება.

„საარჩევნო კამპანიის სამ თვემდე გაზრდა შეიძლება, რადგან ხუთ თვესთან შედარებით, სამი თვე კიდევ ასატანია და ეს შეიძლება ოპტიმალურად მივიჩნიოთ. პრეზიდენტმა თავისი აქტი მთავრობას გადასცა, რომელიც პრეზიდენტს არ დაეთანხმა, რომ წინაასაარჩევნო კამპანია ძალაში 8 აგვისტოს შესულიყო, თუმცა, განაცხადა, რომ მისთვის არჩევნების დანიშვნა 8 ოქტომბრისთვის სავსებით მისაღებია. მთავრობამ აქტის გამოქვეყნება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან საარჩევნო კამპანია იწყება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის მთავრობის ამ შეხედულებას არ იზიარებს და აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს, რომელიც კონტრასიგნაციისთვის ისევ პრემიერ-მინისტრს უნდა გადაეგზავნოს. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება მოვლენები გაგრძელდეს? - ამას ან მთავრობა დაეთანხმება, აქტი გამოიცემა და საარჩევნო კამპანიის ხანგძლივობა ხუთი თვე იქნება, ან კვლავ არ დაეთანხმება და აქტს უკან დაუბრუნებს“, - აცხადებს ხმალაძე.

კანონმდებელი განმარტავს, რომ თუ აქტის გამოცემაზე განმეორებით უარი იქნება, იმავე შინაარსის აქტი ექვსი თვის განმავლობაში არ შეიძლება გამოიცეს, მაისიდან ექვსი თვე კი, უკვე ნოემბერია.

„კონსტიტუციით, არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მაშ, შესაბამისობაში ის როგორ მოვიყვანოთ, რომ იმავე შინაარსის აქტის გამოცემა ექვსი თვის განმავლობაში არ შეიძლება, ხოლო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს?! გამოსავალია, რომ აქტის შინაარსი შეიცვალოს, რომელიც მხოლოდ ერთია - არჩევნების თარიღი. მაშასადამე, თარიღი უნდა შეიცვალოს და 8 ოქტომბრის ნაცვლად, 7 ან 11 ოქტომბერი უნდა ჩაიწეროს, რასაც მნიშვნელობა არ აქვს. ეს აქტი ისევ მთავრობას უნდა გაეგზავნოს და თუკი მთავრობას მიაჩნია, რომ 8 ივლისამდე საარჩევნო კამპანიის დაწყება მიზანშეწონილი არ არის, ის კონტრასიგნაციას ისევ არ მოახდენს და პინკ-პონკი უნდა გაიმართოს? - ვთქვათ, პრეზიდენტმა შემდეგ აქტში 8 ოქტომბრის ნაცვლად, 9 ოქტომბერი ჩაწერა და ამას მთავრობა არ დაეთანხმა, რადგან პრეზიდენტს ამ აქტის გამოცემა მაისში უნდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ხმალაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ქცევა არც რაციონალურია და არც პოლიტიკურად გამართლებული.

„კეთილი ინებონ და შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მიაღწიონ, რადგან ასეთი მოქმედება კარგი არავისთვის არ არის. ეს გადაწყვეტილება აწონილ-დაწონილი უნდა იყოს და ყველა პლუს-მინუსი გათვალისწინებული უნდა იყოს, რა შემთხვევაში რა მოხდება. გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით უნდა იყოს მიღებული“, - ამბობს ხმალაძე.

კანონმდებელს მართებულად არ მიაჩნია, რომ ოფიციალური საარჩევნო კამპანია დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს.

„ხატოვანი გამოთქმა არსებობს, რომ საარჩევნო კამპანია მაშინ იწყება, როცა საარჩევნო კამპანია მთავრდება. ამ გამოთქმაში სიმართლეა, რადგან ყველა პოლიტიკისი და ყველა პარტია ცდილობს, რომ ამომრჩეველს საკუთარი თავი უკეთესად დაანახოს. საარჩევნო კამპანია დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყება სხვა საქმეა. სხვადასხვა მექანიზმები ირთვება პრივილეგიებისა, თუ შეზღუდვების. დასაფიქრებელია ის, თუ რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ოფიციალური საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კამპანია რაც უფრო დიდხანს გრძელდება, ხარჯები მით უფრო იზრდება, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა იქნეს გაცემული“, - დასძენს დეპუტატი.

ხმალაძე იმ საკანონმდებლო აკრძალვებსაც განგვიმარტავს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ამოქმედდება. დეპუტატის განმარტებით, შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

„ვალდებულებები ყველაზე მკვეთრად ტელევიზიების მიმართ ჩანს. ეს გასაგებიცაა, რადგან ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზიებია. კერძოდ, ეს ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის მაუწყებელსა და ეროვნულ მაუწყებლებს. საერთო მაუწყებლობის ლიცენზია რამდენიმეს აქვს. მათ შორის, არიან „რუსთავი 2“, „იმედი“ და ა.შ. მათ ვალდებულება აქვთ, რომ ყოველ საათში ერთ წუთამდე უფასო საერთო დრო კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა გამოუყონ. ასეთი სუბიექტი ხუთია. თუკი ამან შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში პრობლემა საეთერო ბადისთვის შექმნას, საერთო მაუწყებლებს დამატებითი ტვირთი კომერციული თვალსაზრისით გაუჩნდეთ. ანუ, მათ დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევთ და რეკლამის განთავსებიდან იმდენ შემოსავალს ვერ მიიღებენ, რასაც იღებდნენ. თუ ეს წინაარჩევნო კამპანიის ბოლო ორი თვის განმავლობაშია ასატანი, ხუთი თვის მანძილზე, შესაძლოა, ეს ტვირთი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს“, - ამბობს ხმალაძე.

კანონმდებელის ცნობით, ხუთი სუბიექტის გარდა, ეს ტელევიზიები ვალდებული არიან, დრო არაკვალიფიციური სუბიექტებისთვისაც გამოყონ, რაც მათთვის დაკისრებულ სიმძიმეს ზრდის და ესეც გასათვალისწინებელია.

„ხუთი თვის მანძილზე, ჩვენმა მოქალაქეებმა ყოველ საათში რამდენიმე წუთის განმავლობაში პოლიტიკურ რეკლამებს უნდა უყურონ. კარგად ვიცი, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ამ რეკლამებით ბევრი ადამიანი შეწუხებულია და ისინი არხებიდან-არხებზე რთავენ. ხუთი თვის განმავლობაში, პოლიტიკური რეკლამების განთავსებამ შესაძლოა, არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობას ხელი კი არ შეუწყოს, არამედ პირიქით, ამას ხელი შეუშალოს, რადგან შესაძლოა, გაღიზიანების ხარისხი გაიზარდოს. ურიგო არ იქნებოდა, თუკი ამის თაობაზე კონსულტაციას ფსიქოლოგებთან გაივლიდნენ“, - განმარტავს კანონმდებელი.

ხმალაძე საარჩევნო ხარჯებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ საბიუჯეტო ხარჯები იზრდება, რადგან არჩევნების დანიშვნის აქტის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 13 წევრამდე უნდა შეივსოს, რომელიც დღეს ხუთი წევრით განისაზღვრება.

„ანუ, 73 კომისიას რვა-რვა წევრი უნდა დაემატოს, რაც 584 ადამიანია. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ამ ადამიანებს ხელფასის სახით დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი უნდა მიეცეთ. ხელფასი საშუალოდ 700-800 ლარია. სხვა ხარჯებზე არაფერს ვამბობ, რადგან სხვა ხარჯებიც ჩნდება-ხოლმე. საჯარო მოხელეებზე მთელი რიგი შეზღუდვები ვრცელდება რაც შეიძლება პოლიტიკურ რეკლამად იყოს ჩათვლილი. ეს შეზღუდვებიც ძალიან ადრე იწყება“, - აცხადებს ხმალაძე, რომლის განმარტებების შემდეგ, „საარჩევნო კოდექსის“ შეზღუდვებს კიდევ ერთხელ გადავხედეთ.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მათ შორის, იკრძალება: სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

ამას გარდა, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება და შესაბამისად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

რაც შეეხება პოლიტოლოგების შეფასებებს, for.ge-სთან საუბარში ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ პრემიერ-პრეზიდენტის ურთიერთობაში დროებითი დათბობა მოხდა.მისი თქმით, ღარიბაშვილი წავიდა, კვირიკაშვილი მოვიდა და განსხვავება მხოლოდ გვარებშია.

„როგორც ჩანს, არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, სიტუაცია მით უფრო მწვავდება. კვირიკაშვილს რაღაც სიახლე უნდა მოეტანა, რომ უბრალო ჩანაცვლება არ ყოფილიყო. ჯერ მწვავე კონფლიქტი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პირველი მერცხალია. კვირიკაშვილს თავი უნდა დავანებოთ და პრეზიდენტსა და ივანიშვილზე უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, ივანიშვილის ხასიათში არ არის მიმტევებლობა და წყენის დავიწყება. ის წყენას არასოდეს არ დაივიწყებს და პრეზიდენტს იმას არ აპატიებს, რომ ივანიშვილის აზრით, დაუფასებელი აღმოჩნდა. წინასაარჩევნო კამპანია თუ როდის დაიწყება, ამას პრინციპული მნიშვნელობა არჩევნებისთვის არ აქვს. სურვილის შემთხვევაში, ამის დარეგულირებაც შეიძლებოდა“, - აცხადებს ცინცაძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება არ არის, წინასაარჩევნო კამპანია მაისში უნდა დაიწყოს თუ ივნისში.

„8 ოქტომბრამდე იმდენი დროა, რომ ერთ-ორ თვეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, საზოგადოება ისეა პოლარიზებული, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ვინმეს მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინოს“, - დასძინა ცინცაძემ.