არჩევნების თარიღი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უთანხმოების საფუძველი ხდება. პრეზიდენტის 5 აპრილის განკარგულება არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. შესაბამისად, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
„არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას.
რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილს სპეციალური განცხადებით უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 8 ივლისს ნაცვლად, მაისის დასაწყისში გამოსცემს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობამ დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღეზე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა. თუმცა, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს.
„პირველ რიგში, არჩევნების თარიღი დადგენილია - ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი.
აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტს პრემიერის შეთავაზება გაეზიარებინა.
„რაც უფრო ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია, ცხადია, ბიუჯეტსაც უფრო მეტი ხარჯები ექნება. ალბათ, ესეც გასათვალისწინებელი იყო. თუმცა, როცა არ უნდა გამოქვეყნდეს ეს აქტი, ბუნებრივია, სახელმწიფო ვართ ვალდებული, ეს კამპნია ვაწარმოოთ კანონის ფრგლებში“,- აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის არაადეკვატურს უწოდებს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი, რომლის განცხადებით, არჩევნების შესახებ განკარგულების მაისში გამოცემა, ღიმილის მომგვრელია.
„კონტრასიგნაცია ისეთივე პოპულარული ტერმინია, როგორიც იყო კოჰაბიტაცია. კონტრასიგნაცია თუ მაისშიც არ იქნება პრემიერის მხრიდან, მაშინ პრემიერის ფუჭი გასროლა ვის ემუქრება? - ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური არ არის“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგდაოებას, რომ არასერიოზული ადამიანია და ასრულებს იმ თხოვნებსა და დავალებებს, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდის.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს.
„ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი არ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე. გამოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს. დაინიშნა არჩევნები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობა მისთვის ცუდ მდგომარეობაში დგებოდა და ამიტომ დაიწყო ეს კატა-თაგვობანა.
საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ კი არ არის ნაკარნახევი, რომ ქართველ ხალხზე ზრუნავს, არამედ ნაკარნახევია, რომ თავისი გაიტანოს და გამოჩნდეს ჯინიანი და მაგარი ბიჭი. ამ დაპირისპირებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაფერი არ მოიგეს, ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არ ელოდა მთავრობის მხრიდან ასეთ არაჯენტლმენურ საქციელს. მისი თქმით, სამწუხაროდ, მთავრობამ პრეზიდენტს ხაფანგი დაუგო.
„ადგილი აქვს გარკვეულ პოლიტიკურ თამაშს. მთავრობის მხრიდან დაიწყო პოლიტიკური თამაში და თავიდანვე გამოიყენეს პრეზიდენტის კონსტრუქციულობა. მათი მხრიდან გარკვეულწილად ხაფანგი იყო დაგებული. სავარაუდოდ, თვითონ სთხოვეს პრეზიდენტს თარიღად 8 აგვისტო დაესახელებინა და ამის შემდეგ დაიწყეს პოლიტიკური თამაში, წმინდა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით. ვფიქრობ, პრეზიდენტის შეცდომა იყო ის, რომ მან თავის განკარგულებაში ჩაწერა თარიღი - მას უბრალოდ უნდა დაენიშნა არჩევნების თარიღი და მერე მთავრობას უნდა მოეყვანა არგუმენტები, თუ რატომ არ არის შესაძლებელი დღესვე საარჩევნო კამპანიის დაწყება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ 7-8 მილიონით მეტი იქნება გადასახდელი და ქვეყანას ამის თავი არ აქვს, არგუმენტი არ არის.
„მთავრობამ თავიდანვე შეცდომაში შეიყვანა პრეზიდენტი, გამოიყენა მისი ადამიანური დამოკიდებულება ცუდად. გამომდინარე იქედან, რომ მას სურს იყოს კონსტრუქციული, ჩემი აზრით, არ მოელოდა ასეთ არაჯენტლმენურ საქციელს მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ არის პრობლემები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის და აი, ეს სიტუაცია თავისივე ინიცირებული, გამოიყენეს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ საუკეთესო გამოსავალია ის, რომ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.
„ეს არის საუკეთესო გამოსავალი. რაც მთავარია, რეალურად ახლა ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში ჩადგება და იმედია, პრეზიდენტი სწორედ იმ დროს გამოსცემს განკარგულებას. ყველაფერი კანონის შესაბამისად წარიმართება და წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთი, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.