„ნაციონალები „NDI-თურმანიძის“ მალამოს ისვამენ-ისვამენ და ოქტომბერში საშინელი უკუეფექტი დგება“

„ნაციონალები „NDI-თურმანიძის“ მალამოს ისვამენ-ისვამენ და ოქტომბერში საშინელი უკუეფექტი დგება“

„ქართული ოცნება“ ტრადიციას არ არღვევს, NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და მონაცემებში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. ოპოზიცია კი, ხელისუფლების მმართველობის კრახზე მიანიშნებს და საკუთარი პოზიციების გამყარებაზე აპელირებს.

მმართველი გუნდი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის მიზეზებს განმარტავს, 2012 წლის მონაცემებს იხსენებს და NDI-ს მოუწოდებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან ნუ თანამშრომლობს.

უმრავლესობა პრობლებებს სწორედ CRRC-ს საქმიანობაში ხედავს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციაში მოწინავე თანამდებობებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები მუშაობდნენ.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პოლიტოლოგები კვლევის შედეგებში პოზიტიურ ძვრებს ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის სასარგებლოდ ვერ ხედავენ, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ კვლევების შედეგად იკვეთება, რომ „ცუდი ხელისუფლებაა, ხოლო უარესი - ოპოზიცია“.

ვინ უკეთესია და ვინ უარესი, ეს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება, თუმცა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ს კვლევის თანახმად 3900 რესპოდენტიდან 15 პროცენტი ხმას „ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 13 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“.

NDI-ს კვლევის ამ შედეგებს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ეჭვის თვალით უყურებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი განწყობების შესახებ NDI-ს წინასწარ განუცხადეს.

„გული მწყდება, რომ NDI-ს სახელი ამ კომპანიასთან რაღაცით არის დაკავშირებული. ეს კომპანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შექმნილი და გამოკვებილი ორგანიზაციაა. მათ ნაციონალების ხელმძღვანელებთან არა მხოლოდ ნათესაური კავშირი აქვთ, არამედ ისინი მათი დავალების პირდაპირ შემსრულებლები არიან. კვლევებთან დაკავშირებით გაურკვეველ ვითარებაში ვართ, რადგან ჩვენ ყველა იმ საქმეს პატივს ვცემთ, რასაც NDI საქართველოში აკეთებს. მათ შორის, პარლამენტთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს კვაჭანტირაძე.

დეპუტატი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევების შედეგები NDI-ს მონაცემებისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

„მივხვდი, ეს რა არის. ეს ნაციონალებისთვის „NDI-თურმანიძის“ მალამოა, რომელსაც ისინი ისვამენ-ისვამენ და ოქტომბერში საშინელი უკუეფექტი დგება. მათ ვურჩევ, ეს მალამო ძალიან ფაქიზად მოიხმარონ“, - დასძენს კვაჭანტირაძე.

უმრავლესობის ლიდერის მსგავსად, NDI-ს კვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, მაგრამ ის იმას უშვებს, რომ წლების მანძილზე, საველე ღონისძიებების შემსრულებელი კომპანია მის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს. კანონმდებელის NDI-ის საქმიანობაზეც აქცენტირებს და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის მიერ უამრავი კარგი პროექტი კეთდება, მაგრამ მან უნდობლობის სენი ვერ მოიშორა.

„2012 წელს, NDI-სთან დაკავშირებულმა კვლევითმა ჯგუფმა „ქართულ ოცნებას“ 12 პროცენტი დაუწერა და ამით დამთავრდა. აქ საუბარი აღარაფერზე აღარ შეიძლება. სოციალური კუთხით პრობლემები რომ არსებობს, ამას არც უმრავლესობა და არც პრემიერ-მინისტრი არ მალავს, რომელიც პრობლემების მოგვარების გზას გვთავაზობს. NDI-ს კორექტული და პროფესიონალური ანალიზი არც ერთ საკითხზე არ აქვს. შესაბამისმა ორგანიზაციებმა NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ინიციატივები ბევრჯერ შესთავაზეს, მაგრამ ამის წინააღმდეგი მიდის“, - აცხადებს დეპუტატი.

ვოლსკის მოსაზრებით, ეს სტრუქტურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შერჩეულია და უტყუარ მონაცემებთან ერთად რამდენიმე მონაცემის შემოპარება სავსებით საკმარისია, რომელიც საზოგადოებაში ნიჰილიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია 35 პროცენტი, რაც თითქოს, დაბალანსებისთვის შემოდეგბული თემაა. ჩვენს შიდა კვლევებს ვატარებთ და სურათი სხვაგვარად გამოიყურება. საზოგადოება მთელ რიგ მიმართულებებზე უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგიული მიმართულება სწორია და ისინი საკუთარ ფსონს „ოცნებაზე“ დადებენ, რადგან იციან, რომ პრობლემებს ხალხთან ერთად განვიხილავთ“, - ამბობს ვოლსკი.

თანაგუნდელების მსგავსად, კვლევის შედეგებს მცდარად მიიჩნევს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი. for.ge-სთან საუბარში ხაბარელი აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება, რადგან მათ ამომრჩეველს ნება არაერთხელ გაუცრუეს. მისი თქმით, რაც აქამდე იყო დადებული, მასში ძალიან დიდი ცდომილება იყო, ახლა მით უმეტეს, საეჭვო ცდომილებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ მისდევს.

„ეს ეჭვს იწვევს და მიმართულია ვიღაცის ინტერესისკენ. ერთი პროცენტით ჩამორჩენა სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, ეს მცდარი და არასწორი კვლევებია. „ქართული ოცნება“ საკუთარ პოზიციებში უფრო მყარად დგას, რადგან მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი საქმე გააკეთა და ბევრი მიმართულებით დადებითი მუხტია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობაში ჩვენ ვიქნებით“, - დასძენს ხაბარელი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე შედეგების გამო უკმაყოფილებას არ მალავს. ტყემალაძე გაოცებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გოგი თოფაძეს 3-3 პროცენტიანი პიროვნული რეიტინგი აქვთ, ხოლო დავით ბაქრაძეს - 15 პროცენტი.

„კარგით, რა! ოპოზიცია სუსტია, მაგრამ კვლევებს არ ვეთანხმები“, - განუცხადა for.ge-ს ტყემალაძემ, რომლის პათოსს იზიარებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

for.ge-სთან საუბარში გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ როგორც გამოცდილება აჩვენებს, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები რეალურ შედეგებს არ ემთხვევა. მისი შეფასებით, კვლევებში ასახული განწყობები არაადეკვატურია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ ალტერნატივას ვერ ხედავს.

„ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. მათ შორის, მართვის ეკონომიკის სფეროში, მაგრამ მსოფლიოში არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი. მოსახლეობას ესმის, რომ პრობლემების მოგვარება „ქართული ოცნების“ ლიდერობით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

„ქართული ოცნების“ ბრალდებების ობიექტად ნაციონალი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევა, რომელიც სამი წლის მანძილზე, კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრის პირველი დირექტორი იყო. for.ge-სთან საუბარში თარხნიშვილი განმარტავს, რომ ის იმ ორგანიზაციაში 2006 წლამდე მუშაობდა და მასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, თარხნიშვილი კვლევის მეთოდოლოგიაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ უფლებას დღევანდელ ხელმძღვანელობას უტოვებს, რომელიც ძალზედ კომპეტენტურია.

„შეიძლება ამ ყველაფერს თავად უპასუხონ. „ქართული ოცნებისგან“ ასეთ რეაქციებს შეჩვეული ვართ და ეს იგივეა, რომ დილით სარკეში ჩაიხედო და იმის გამო გაუბრაზდე, რომ გამოაჩინა, რეალურად რაც ხარ. რაც შეეხება კომპანიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებას, ეს სასაცილოა. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ორი ამერიკული ორგანიზაციაა - „ევრაზიის ფონდი“ და „კარნეგის კოორპორაცია“, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილები არიან“, - აცხადებს თარხნიშვილი.

თანაპარტიელის მსგავსად, ეკა ხერხეულიძე კვლევის შედეგებს ხელისუფლების სისუსტედ აფასებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკური უმწიფრობაა, როცა პოლიტიკოსი კვლევის შედეგებს არ აფასებს ან არ უსმენს. დეპუტატის განცხადებით, თუკი ხელისუფლების შეფასებით, ეს კვლევები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, მაშინ შედეგებიც მასთან ასოცირდება.

„მათთვის ვითარება სახარბიელო არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. ეს გაღიზიანებული პასუხია, რადგან ოთხი წლის მანძილზე, საზოგადოებას ეს ადამიანები უნიათობით და გადაწყვეტილების ვერმიღებით დაამახსოვრდა. მათ უკეთესის იმედი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ექნებოდათ, რადგან მათ ხალხისთვის სასიკეთო ნაბიჯები არ გადაუდგამთ. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგებიც ასეთი იქნება. ეს არჩევნები საღი აზრის - „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდება“, - დასძინა ხერხეულიძემ.

ნაციონალებისგან და „ოცნებისგან“ განსხვავებით, NDI-ს კვლევის შედეგებში პოზიტიურ ძვრებს „თავისუფალი დემოკრატები“ ამჩნევენ. როგორც for.ge-ს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ეს კვლევები გარკვეულწილად რეალობას ასახავს, მაგრამ ამ სფეროში აბსოლიტური სიზუსტე არ არის. მისი თქმით, დაინტერესებული პირი ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში რომ გავიდეს, ნახავს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაცემულია.

„საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნოსტალგია არ აქვს და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს. მათი შედეგი არის ის, რაც არის. ის არც იკლებს და არც იმატებს. რაც შეეხება ჩვენს შანსებს, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუძლიათ ის ნაწილი მოიმხრონ, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს. „თავისუფალ დემოკრატებს“ მეორე არჩევანი დიდი აქვთ და ნელ-ნელა განწყობები იწევს“, - აცხადებს აბაშიძე.

კანონმდებელი კვლევების მიმართ ხელისუფლების სკეპტიციზმსაც ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობა ნდობა-უნდობლობის თემას საკუთარ პასუხებში თავად აჩვენებს.

„ისინი სოციალური თემატიკის შედეგებს იზიარებენ, ხოლო პოლიტიკურ ნაწილს უნდობლობას უცხადებენ“, - დასძენს აბაშიძე.

რაც შეეხება კვლევის სხვა შედეგებს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, ხოლო 11% თვლის, რომ წარმატებას „ნაციონალური მოძრაობა“ მიაღწევდა. კითხვაზე პასუხი 43 %-მა არ იცის.