„ისტორიას აქვს გამეორების ტენდენცია. როგორც 2012 წელს არ გამართლდა NDI-ის კვლევა და გამართლდა სულ სხვა გამოკვლევები, ასევე მოხდება ამ არჩევნებზეც. დავინახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდნავ გადალახავს ბარიერს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ფილოსოფოსი ზურაბ ბიგვავა.
for.ge ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.
13% „ნაციონალურ მოძრაობა“, 15% „ქართულ ოცნება“, სხვაობა მხოლოდ 2%-ია. ამ კვლევას თუ შევადარებთ წინა კვლევასთან, 6% აძლევდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ , 16% ,,ქართულ ოცნებას“. ბატონო ზურაბ, ციფრებით მანიპულირებას აქვს ადგილი?
ზურაბ ბიგვავა: გარკვეული ეჭვი ჩნდება იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არ შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით ერთი და იგივე ფარგლებში ტრიალებს, ეს არის 10% პლუს-მინუს 2%. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, კი ბატონო, დაკარგა მომხრეები, მაგრამ არა იმდენი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუტოლდეს. ჩვენი კვლევის თანახმად „ქართულ ოცნება“ პირველ ადგილზეა, ისევე როგორც NDI-ის კვლევითაც, მაგრამ განსხვავება ორჯერ მეტია მოქმედ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. წესით, ერთი და იმავე დროს, ერთი და იმავე ადგილას ჩატარებული კვლევა, ასეთ განსხვავებებს არ უნდა იძლეოდეს. 2012 წელსაც ასეთივე სხვაობები იყო. მაშინაც NDI-ის ჰქონდა ნაჩვენები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა არჩევნებს და უფრო მეტს აჩვენებდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა კვლევა, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო.
თბილისში მეტ-ნაკლებად საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა მიიღოს განსხვავებული აზრი, მაგრამ რაიონში მოსახლეობას ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ განსხვავებული აზრი. NDI-ის კვლევას საზოგადოებრივ აზრზე აქვს გვალენა?
- რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს. თვითონ NDI-ის კვლევაში პოლიტიკური სიმპათიები გამოსჭვივის. ეს ჩანს ერთ მომენტში და კერძოდ, როდესაც 66%-მა ყველაზე ცუდად შეაფასა თავისი ეკონომიკური მდგომარეობა, სწორედ ამ ხალხს ეკითხებიან, შენი აზრით ვინ არის ასეთ ეკონომიკურ მდგომარეობაში დამნაშავეო. ბუნებრივია, იტყვის რომ მთავრობის ბრალიაო, როდესაც მოლოდინები არის ასეთი, როდესაც პასუხის ალბათობა მაღალია და ამ პასუხს და ამ ალბათობას იყენებ კვლევისთვის, ეს იწვევს ეჭვს.
რეალურად რას ემსახურება მოახლოებული არჩევნების წინ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავინ არ ენდობა. შესაძლებელია, რომ ამ კვლევამ პოლიტიკური სურათი შეცვალოს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ვერც NDI და ვერც ვერანაირი სხვა ორგანიზაცია, ვერ შეძლებს შეცვალოს პოლიტიკური ცხოვრების გეზი. დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია და ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ექნება საშუალება აჩვენოს თავისი სახე, თავისი გაკეთებული საქმეები და ის რას აპირებს. ეს კვლევაც და სხვა კვლევები, რომელიც ჩატარებულია მიგვანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი. ბევრი კათილი საქმე აქვს გაკეთებული, რის შესახებაც იგი ყოველდღიურად არ ლაპარაკობს. თუმცა, როგორ ილაპარაკებს, როცა არც ერთ ტელევიზიას და მედია საშუალებას არ აკონტროლებს.
ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლებას უჭირს მიღწევებზე საუბარი...
- ვერ ვიტყოდი, რომ უჭირს, მან კრიტიკულად უარი თქვა ამ მიმართულებით აქტივობაზე.
რაც რეიტინგებზე მოქმედებს და ეს აჩვენა ამ კვლევამ. ალბათ, მეთანხმებით, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება...
- ნამდვილად გეთანხმებით. აუცილებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს თავისი საინფორმაციო საშუალება. რაც შეეხება კვლევას - „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ამომრჩეველი, მაგრამ არც ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ გამხდარა და ეს არის ფაქტი. ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ არც ერთი არ წასულა „ნაციონალური მოძრაობისკენ“. დიდი ალბათობაა იმისა, რომ მომხრეები ისევ დაუბრუნდნენ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ბევრი რამე შეიცვალა და შეიცვალა „ქართული ოცნების“ შემადგენლობა. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას ამომრჩეველზე და ხალხის დიდი ნაწილი დაუბრუნდება „ქართულ ოცნებას“.
ანუ, მოსახლეობას ამ პარტიებთან ჰქონდა პრობლემა და არა მმართველ ძალასთან?
- დიდი ალბათობით ასეა და ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი. დავით ბაქრაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი გაკეთებული საქმე? ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველ ადგილზე დავით სერგეენკოა, მეორეზე გიორგი კვირიკაშვილი.
როდის ჩაატარეთ ეს კვლევა?
- დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ჩატარებულია NDI-ს კვლევა. „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა, ორჯერ მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მომდევნო პარტიას. ვეთანხმები იმ ტაქტიკას, რომ „ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს არ აქვეყნებს. როგორც კი გამოაქვეყნებს, დაიწყება საუბარი, რომ ეს არის მანიპულაცია, საზოგადოებაზე ზემოქმედება.
NDI ცდილობს შექმანს საზოგადოებრივი აზრი, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას ცვლის და შესაძლებელია პარლამენტში პოლიტიკური კონფიგურაცია შეცვალოს...
- ისტორიას აქვს გამეორების ტენდენცია. როგორც 2012 წელს არ გამართლდა NDI-ის კვლევა და გამართლდა სულ სხვა გამოკვლევები, ასევე მოხდება ამ არჩევნებზეც. დავინახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდნავ გადაცდება ბარიერს, მეტი მხარდამჭერი მას არ მოემატება.