„ჩვენი ეპოქის მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი არის დევიდ ბაქრაძე!“

„ჩვენი ეპოქის მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი არის დევიდ ბაქრაძე!“

„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“, - ასეთია NDI-ის მიერ საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოების შედეგები, რომელიც 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 ადამიანმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, 11% თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, 43%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 5% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ გაიმარჯვებს, 6% მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ გაიმარჯვებდა, 4% კი ასახელებს „პატრიოტთა ალიანსს“, „ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია“, „თავისუფალი საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „საქართველოს გზა“ და „ახალი მემარჯვენეები“.

რაც შეეხება შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ არც ერთი, 16%-ის თქმით „ქართული -ოცნება“ 15% „ნაციონალური მოძრაობა“. 9% „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს. 5% „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო 11% მასთან ახლოს მდგომ პარტიად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიიჩნევს.

გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის პარლამენტის საქმიანობის შესახებ, 7%-მა კარგად იცის, 71% კი მეტ-ნაკლებად იცის. გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. 31%-მა იცის, 11%-მა არა.

NDI-ის კვლევის თანახმად, 42% საშუალოდ აფასებს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, 27% დადებითად აფასებს, ხოლო 26% კითხვას პასუხს არ სცემს. NDI-ის კვლევის თანახმად, 21% დადებითად აფასებს დავით უსუფაშვილის საქმიანობას, 48% საშუალოდ,14% ძალიან ცუდად. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად 34% აფასებს, ხოლო ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას - 6%. გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 27% დადებითად აფასებს, 17% უარყოფითად. პრეზიდენტის საქმიანობა საშუალოდ შეაფასა კვლევის მონაწილეთა ნახევარმა - 50% მისცა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას აღარ იკავებს. 15% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირი, 4% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს. 56% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, 25% კი პირიქით ფიქრობს.

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს. კითხვაზე, როგორც შეაფასებდით, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ ძალიან კარგად, 48% კარგად, 32%-საშუალოდ, 4%- ძალიან ცუდად, 1%-ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 35% ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას აფასებს, იუსტიციის სამინისტრო 24%, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 13%.

განათლების სამინისტრო 21%, საგარეო საქმეთა სამინისტრო12%, შსს 13%, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11%, სოფლის მეურნეობის სამინისტრო15%, თავდაცვის სამინისტრო 16%, დევნილთა სამინისტრო 12%, ენერგეტიკის სამინისტრო 17%, ეკონომიკის სამინისტრო 7%, ფინანსთა სამინისტრო 5%. მთავარი პროკურატურა 10%, სასამართლო 10%- კარგად, 36%- საშუალოდ, 21%- ცუდად, 4%- ძალიან ცუდად.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ არის პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური კვლევა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიზანმიმართული პროპაგანდისტული ვექტორი გააჩნია, მეორე მხრივ კი, თავად იქმნის ნიღაბს ასევე გარე პოზიციონირების კუთხით და მესამე - საზოგადოებაში ქმნის ერთ პროპაგანდისტულ სივრცეს, სადაც არსებითი პოზიციონირების შესაძლებლობას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ქმნის.

„NDI იყენებს ე.წ. აუდიტორიის (სამიზნე ჯგუფების) SWOT ანალიზით მიღებული მაჩვენებლებით საზოგადოების სისუსტეებზე ზემოქმედების ხერხებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ NDI აქტიურად იზღვევს თავს, როდესაც პასუხებში აქტიურია „არ ვიცი“-ს, „არ უპასუხა“-ს მაჩვენებლები, რაც ქმნის ნიღაბს არატენდენციურობის კუთხით.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ NDI-ს კვლევები არის პოლიტიკურად მოტივირებული. საზოგადოებაში ქმნის ერთ პროპაგანდისტულ სივრცეს, სადაც არსებითი პოზიციონირების შესაძლებლობას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ქმნის. NDI-ს კვლევების შედეგებზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა, ამ სიცილში მოცემული კვლევების სერიოზულ მიზნებზეც უნდა ვისაუბროთ“, - აცხადებს for.ge-სთან არჩილ გამზარდია.

NDI-ის გამოკვლევებმა მხიარულ გუნებაზე დააყენა ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, უნდა არსებობდეს პარალელური კვლევა, რომ დადგინდეს რამდენად რეალურია წარმოდგენილი კვლევა.

„როდესაც ეკონომიკური მიმართულების კვლევა წარმოადგინა, გაჩნდა ეჭვი, რომ NDI-ი პოლიტკურ რეიტინგში ისეთ ტყულის იტყვის, რომლის დაჯერება გაგვიჭირდებოდა. დაახლოებით ასეთი სურათი შემგვთავაზა NDI-იმ. საერთოდ, სირცხვილია, როდესაც ქვეყანას პოლიტიკურ რეიტინგებს ატყობინებს უცხო ქვეყნის დაკვეთით გაკეთებული სოციოლოგიური კვლევა, მაგრამ სირცხვილთან პრობლემები არ გაქვს.

რაც შეეხება კვლევას, პროფესიონალებს შეიძლება გვაქვს უფლება, რომ რაღაცა ეჭვები გაგვიჩდეს, მაგრამ ვურჩევდი ყველას და პირველ რიგში ამომრჩეველს, რომ ეჭვს ნუ შეიტანენ ამ შედეგებში. თუკი ეს შედეგები მცდარია, მცდარია ძალიან მცირე ხარისხით, ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც მინიმუმ აპირებს, რომ საპარლამენტო წარმომადენლობა გათანაბრებული ჰქონდეს „ქართულ ოცნებასთან“. ხოლო, როგორც მაქსიმუმ აპირებს წაიღოს უფრო მეტი ხმები. წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რაც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოდის „ნაციონალური მოძრაობა“, მოდის საკმაოდ ამბიციური მიზნებით, დანარჩენი მოსახლეობამ გადაწყვიტოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება პოლტიკური ლიდერების რეიტინგებს, საყვარელიძე ამბობს, რომ რეიტინგები ძალიან ხშირად წარმოადგენს მასემდიის ექოს, რა სიხშირით ჩნდება ადამიანი ეკრანზე, იმ ხარისხით იღებს შეფასებას და უმეტესწილად დადებითს.

„არც ბაქრარძე და არც ალასანია ჩანან დიდი სიხშირით ეკრანზე. როდესაც თქვენ მეკითხებით რატომ არიან პასიურები პარტიებიო და ამ პასიური პარტიების ფონზე, ვიღებთ ასეთ შედეგებს, მაშინ როდესაც ყოველდღე ტელევიზორში არის კვირიკაშვილი, მას არ აქვს უარყოფითი მუხტი როგორც ოპონენტ პარტიებში, ასევე საზოგადეობაში, იმის რეიტინგი გაცილებით დაბალია, ამ დროს ბაქრაძე მოსწონს 15%-ს, რომელიც ბოლო პერიოდში საერთოდ არ გამოჩენილა ეკრანზე - გაღიმება შეიძლება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძე.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ NDI ამერიკული ინსტიტუტია, რომლის კვლევების შედეგების პროგნოზირება მისთვის ძალიან მარტივია. მისი თქმით, ორი დღის წინ ზუსტად იცოდა, რა შედეგებს გამოაქვეყნებდა დღეს ორგანიზაცია და შეუძლია კვლევებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პროგნოზი დადოს. სოციალურ ქსელში კი ვალერიან გორგილაძე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„NDI როგორც სომხური რადიოს კონკურენტი პოლიტიკური ანეგდოტების ტრანსლაციაში. პირველი ანეგდოტი, ეროვნული დისკუსია იმის შესახებ თუ ვინ არის ყველაზე სიმპათიური, მოსაწონი პოლიტიკოსი საქართველოში დასრულდა NDI-ის დასკვნით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეპოქის მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი არის დევიდ ბაქრაძე. ამ დროიდან ბაქრაძეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ „სიმპათიური“!

მეორე ანეგდოტი - NDI თეორიულად უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება გაიმარჯვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. უკბილო ხუმრობები - „ლეიბორისტები“, რომლის რეიტინგიც მხოლოდ „ვანოს შოუს“ სტუდიაში იზომება, ისიც შალვა ნათელაშვილის იქ ყოფნის დროს, უსწრებენ ნინო ბურჯანაძის მოძრაობას და „პატრიოტთა ალიანს“.

ქეროლ ლიუისის სტატისტიკური პარადოქსი - საქართველოს მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა ქვეყნის განვითარების კურსით და მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ან საერთოდ ვერ ვითარდება. ამავე დროს საქართველოს პრემიერ მინისტრის საქმიანობას მხოლოდ 5% აფასებს ნეგატიურად, და ამის მიუხედავად გიორგი კვირიკაშვილი მაინც არ არის ყველაზე მოსაწონი პოლიტიკოსი“, - წერს ვალერიან გორგილაძე.

მისივე თქმით, სერგეენკო, რომლის დარგიც ყველაზე პოზიტიურად ფასდება NDI-ის გამოკითხულთა შორის მოსწონს რესპონდენტების მხოლოდ 3%. გორგილაძის თქმით, ეტყობა ძალიან არა სიმპათიურია, ბაქრაძეზე ნაკლებად სიმპათიურია.

„პრინციპში NDI-ის დასკვნის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის პროფილი შემდეგნაირად გამოიყურება - საქართველოს მოსახლეობა იმყოფება ღრმა დეპრესიაში, ის აგრესიულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არის სოციალური აფეთქების ზღვარზე, მოსახლეობას აღარ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მას მოსწონს დავით ბაქრაძე და არ მოწონს სერგიენკო, ერთადერთი რაც ახარებს ჩვენს მოსახლეობას ეს არის მოსალოდნელი ვიზა-ლიბერალიზაცია. მშიერი, გაბოროტებული, უთავმოყვარეო, ბაქრაძეზე შეყვარებული ერი, რომელიც ნატრობს ამ ქვეყნიდან გაქცევას ევროპაში! იქნებ ასეც არის!?“, - წერს ვალერიან გორგილაძე.

„პი არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი გივი ხაჭაპურიძე ამბობს, რომ წარმოდგენილ კვლევაში ნამდვილად იკვეთება პოლიტიკუი მოტივი. მისივე თქმით, საქმე გვაქვს პროპაგანდისტულ საინფორმაციო კამპანიასთან, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სიტუაცია იცვლება და არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ვფიქრობ, რომ იკვეთება პოლიტიკური მოტივი. რატომღაც დათო ბაქრაძე უფრო რეიტინგულია, ვიდრე დავით სერგეენკო, რომელიც ლიდერია მინისტრთა კაბინეტში. ამ კვლევით გამოდის, რომ შალვა ნათელაშვილი უფრო რეიტინგულია და უფრო ცნობადია, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში 10% მიიღო. ბევრ ალოგიკურ რაღაცეებთან გვაქვს საქმე. კველვითი ორგანიზაციის მხრიდან აქცენტების გაკეთება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მეტი შანსებით სარგებლობს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიმაჩია, ვიდრე შეიძლება რეალობასთან იყოს ახლოს“, -აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გივი ხაჭაპურიძემ.