მოსაწყენი კინოსაყვარლები

მოსაწყენი კინოსაყვარლები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარეს და გამოავლინეს მსოფლიო კინოს  ყველაზე მოსაწყენი კინოსაყვარლების ათეული. ამ ორიგინალურ ტესტირებაში მიახლოებით 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მკითხველებმა ეროტიკულ სცენებში სრულიად უნიჭოებად დაასახელეს ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი, ნიკოლ კიდმანი, ტომ კრუზი და ისეთი მაცდუნებელი დიაციც კი, როგორიც მადონაა.

პირველი ანტისექსუალური ადგილი მიაკუთვნეს ნატალი პორტმანისა და ჰაიდენ კრისტენსენის წყვილს, რომლებმაც თავი „შეირცხვინეს“ „ვარსკვლავური ომების“ მეორე ეპიზოდში. ეს დუეტი ებრძოდა ყველა ჯურის მტერს და, ალბათ, სარეცელზე ვნებიანი ურთიერთობებისათვის ძალები აღარ რჩებოდათ.

მეორე ნომრად გავიდა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის წყვილი ფილმიდან „ჯილი“. ეს მსახიობები იმ ხანად რეალურ ცხოვრებაშიც ნამდვილი საყვარლები იყვნენ. სამწუხაროდ, ვირტუალურ სამყაროში კინოს მოყვარულების მოლოდინი ვერ გაამართლეს.

ბრინჯაოს მედალი ანუ მესამე ადგილი კაირა ნაიტლისა და ორლანდო ბლუმის წყვილმა მოიპოვა. ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ისინი ერთმანეთს ისე „უხარისხოდ“ ეალერსებოდნენ, რომ საყოველთაო გაკიცხვა დაიმსახურეს. შემდეგ საფეხურზე მადონა და მისი ეკრანული პარტნიორი ადრიანო ჯიანინი აღმოჩნდნენ, გაი რიჩის სურათში „ზღვაში გატაცებულნი“. მაყურებელთა აზრით, მათ საწოლში თავი დიდად არ შეიწუხეს.

 კეტრინ-ზეტა ჯონსი და უბერებელი სექს-სიმბოლო შონ კონერი მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრნენ. ფილმში „ხაფანგი“ ამ წყვილისაგან ყველა გრძნობათა დიდ ნიაღვარს ელოდა, სამწუხაროდ, პირიქით გამოვიდა და ეს ფაქტი „კრიტიკოსებმაც“ საგანგებოდ აღნიშნეს.

ჰიუ გრანტი მრავალი ქართველი მანდილოსნის კეთილგანწყობით სარგებლობს, მაგრამ ამ უკანასკნელმა სასიყვარულო სცენებში გადაღებისას თავი გვარიანად შეირცხვინა. ჰიუსა და ენდი მაკდაუელის ყოვლად უსუსურმა კოცნამ ფილმში „ოთხი ქორწილი და ერთი გასვენება“ ყველა ჭეშმარიტი კინომანის განცვიფრება გამოიწვია. მეშვიდე პოზიციაზე ბენ აფლეკი და ქეით ბეკინსეილი აღმოჩნდნენ ფილმიდან „პერლ ჰარბორი“.

მერვე ადგილზე ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი განლაგდნენ. იმ პერიოდში ისინი ერთმანეთზე დაოჯახებულები იყვნენ, მიუხედავად ამისა სურათში „ფართოდ დახუჭული თვალებით“ კამერის წინ ვერ შეძლეს მათ შორის უკვე წარმოშობილი ანტიპათიის დავიწყება. ეს წყვილი სწორედ რომ ამ ფილმის შემდეგ ალაპარაკდა გაყრაზე.

მეცხრე საფეხურზე ჰიტ ლეჯერისა და ჯეიკ გილენჰაალის ეკრანული დუეტი აღმოჩნდა ფილმში „კუზიანი მთა“.

 ეს „საპატიო“ ათეული კი ყველასათვის მოულოდნელად დაასრულეს ლეონარდო დი კაპრიომ და ქეით უინსლეტმა. ფილმმა „ტიტანიკი“ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამის მიუხედავად, დი კაპრიოსა და უინსლეტის მიერ განსახიერებული სიყვარულის ისტორია მრავალ კინოს თაყვანისმცემელს მეტად რომ არადამაჯერებლად მოეჩვენა.